ცნობილი ფაქტია, რომ ჰოლივუდის მსახიობებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ ებრძოლონ ზედმეტ კილოგრამებს, თუმცა ამ დროს ისინიც უშვებენ შეცდომებს, რაც ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ.
მით უმეტეს, თუ ცხვირწინ ფესტივალი, წვეულება ან რაიმე გრანდიოზული მიღებაა და რაც შეიძლება სწრაფად, რამდენიმე დღეში უნდა ჩადგნენ ფორმაში. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ე.წ. სწრაფად ეფექტური დიეტების ფონზე წონაში კლება ხდება სითხის დიდი ოდენობით დაკარგვის ხარჯზე. ასეთი დიეტის შემდეგ კი კიდევ უფრო სწრაფად იმატებ წონაში.
დიეტოლოგები ყოველთვის ხაზს უსვამენ იმას, რომ დიეტა მოდა არ არის და მასთან სიფრთხილეა საჭირო. უკეთესია ისეთი დიეტის დაცვა, რომლის დროსაც კვირაში დაახლოებით ერთ კილოგრამს დაიკლებთ და საკვებიც დაბალანსებული იქნება.
გთავაზობთ ჰოლივუდში ათ ყველაზე პოპულარულ დიეტას, თავისი უარყოფითი მხარეებით.
კომბოსტოს დიეტა
ეს სარა მიშელ გელარის საყვარელი დიეტაა, რომელიც ცნობილია, როგორც წონაში სწრაფად დაკლების ფანატი. ამ დიეტის დროს შვიდი დღის განმავლობაში უნდა ჭამოთ კომბოსტოს წვნიანი, ხილთან, ბოსტნეულთან, თევზთან და ქათამთან ერთად.
ამბობენ, რომ ამ დიეტით ერთ კვირაში რამდენიმე კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი. როგორც ცნობილია, კომბოსტო ცხიმების წვას უწყობს ხელს.
ვნებს თუ არა ჯანმრთელობას? - ასეთი დიეტის დროს ორგანიზმი კარგავს კუნთოვან ქსოვილს და ირღვევა ნივთიერებათა ცვლა; შეიძლება ზიანი მიაყენოთ ნაწლავებს; ასეთ დროს კარგავთ ნახშირწყლებს და არა ცხიმს. არ არის ბალანსირებული და თუ ნებისყოფა არ გაქვთ, ვერც გაუძლებთ.
ერთი კვირის შემდეგ კი, თუ ჩვეულ რეჟიმში დაიწყებთ ჭამას, ორმაგად მოიმატებთ.
ეს დიეტა კარგია მათთვის, ვინც რამდენიმე კილოგრამი მოიმატა და ისევ ჩვეულ წონას უნდა დაუბრუნდეს. მათ შეუძლიათ წვნიანთან ერთად მიირთვან განუსაზღვრელი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული - ამ შემთხვევაშიც მოხდება წონის დაკლება.
გრეიპფრუტის დიეტა
ყოველი ჭამის შემდეგ საჭიროა ნახევარი გრეიპფრუტის მირთმევა. ის შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმის წვას; ასევე, კალორიების რაოდენობა უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები. ამბობენ, რომ ასეთი დიეტით სამ კვირაში ათი კილოგრამის დაკლება შეიძლება. როგორც ცნობილია, სწორედ ამ დიეტით სარგებლობდა კაილი მინოუგი.
არის თუ არა ჯანმრთელობისთვის საზიანო?
გრეიპფრუტი დიდი რაოდენობით c ვიტამინს შეიცავს. ვარდისფერი გრეიპფრუტი კი - ბეტა-კაროტინსაც. ყველა დაბალკალორიული დიეტა ძალიან საზიანოა ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. გარდა ამისა, იკარგება კუნთოვანი ქსოვილი.
ამ დიეტის დაცვა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ალერგია არ გაქვთ ციტრუსზე და ამასთან, მოგწონთ გრეიპფრუტის გემო.
დიეტა ძალიან დაბალკალორიულია. ამის გამო ხშირად გექნებათ სისუსტე და გაღიზიანებადობა. გარდა ამისა, შესაძლოა სპორტითაც ვერ დაკავდეთ, ვინაიდან ამისთვის, უბრალოდ, ძალა არ გეყოფათ.
ამასთან, თუ გრეიპფრუტს ჩვეულებრივად დღის რაციონში დაიმატებთ, ის დაგეხმარებათ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის დაკლებაში.
აშშ-ში მოეწყო გამოკვლევა: მოხალისეები ყოველდღე ჭამდნენ ერთ გრეიპფრუტს და თითოეულმა მათგანმა კილონახევრიდან ოთხკილონახევრამდე დაიკლო სამ თვეში, ყოველგვარი დიეტის გარეშე.
ქოქოსის დიეტა
მსახიობი ჯენიფერ ენისტონი ამტკიცებს, რომ რაც შეიძლება ბევრი ცხიმი უნდა მიიღო, რათა მეტად გამხდარი იყო. დიეტის დროს შეიძლება ქოქოსის ცხიმის, ასევე ცხიმიანი ხორცის, მათ შორის ღორისაც და კვერცხის გულების მირთმევა.
დიეტის დროს სწრაფად და ეფექტურად ხდებით; ასევე, ძლიერდება იმუნური სისტემა, თუმცა უარყოფითად მოქმედებს გულზე.
დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით
ამ დიეტით ხდებოდნენ ლიზ ჰერლი და კორტნი კოქსი. ჭამის ამ უჩვეულო სისტემის შემქმნელია პიტერ დადამო. ამბობენ, რომ ეს დიეტა ბევრ ადამიანს დაეხმარა განკურნებაში, თუმცა ეს მეცნიერულად დამტკიცებული არ არის.
ამ დიეტას დაიცავს ის, ვისაც უყვარს წესების ზუსტად დაცვა, რადგან ამის გაკეთება მოგიწევთ. არის ინსტრუქცია, თუ რომელი პროდუქტი როდის და როგორ უნდა მიირთვათ. გარდა ამისა, შეიძლება, ისეთი პროდუქტების მირთმევა მოგიწიოთ, რომლებიც არცკი გაგისინჯავთ. არ მოგიწევთ ყავასა და ალკოჰოლზე უარის თქმა, ეს ისევ და ისევ სისხლის ჯგუფზეა დამოკიდებული.
შეიძლება უარის თქმა მოგიწიოთ თქვენს საყვარელ პროდუქტზე, მაგალითად, მეორე დადებითი სისხლის მქონე ადამიანებს ეკრძალებათ ბანანის მირთმევა.
მწვანე ჩაის დიეტა
როგორც ცნობილია, მწვანე ჩაი აჩქარებს მეტაბოლიზმს. ამასთან, აძლიერებს თერმოგენეზს – პროცესს, რომელიც ორგანიზმს კალორიების დაწვაში ეხმარება. მოდელი სოფი დალი, გარდა იმისა, რომ მწვანე ჩაის სვამდა, თავის რაციონში ამცირებდა ნახშირწყლებს.
მწვანე ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოქმნას, ართრიტის განვითარებას და იცავს გულს.
ეს დიეტა არ არის მიზანშეწონილი ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის, რადგან მწვანე ჩაი შეიცავს დიდი ოდენობით კოფეინს.
უმი პროდუქტები
ამ დიეტის დროს მხოლოდ უმი პროდუქტების მიღება შეგიძლიათ, ნებისმიერის, თუნდაც ხორცის. რაოდენობაც არ არის შეზღუდული. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძალიან საშიშია ორგანიზმისთვის. დიდი საშიშროებაა, თქვენს ორგანიზმში მოხვდეს მომაკვდინებელი ბაქტერია E-Coli, რომელიც სწორედ უმ პროდუქტებშია.
ამ დიეტის მიმდევრები არიან უმა თურმანი და დემი მური.
დიეტა კანის ტიპის მიხედვით
ამ დიეტის საშუალებით მსახიობმა ქეით უინსლეტმა 7 კილოგრამი დაიკლო. კანის სპეციალური ანალიზის მიხედვით დგინდება, თუ რომელი მინერალები აკლია ორგანიზმს და მათ შესავსებად დგება კვების რაციონი. დიეტა მოიცავს კარტოფილს, მარცვლეულს, თეთრ ხორცს, თევზს, ბოსტნეულსა და ხილს.
დიეტა არის კარგად დაბალანსებული და არანაირი ზიანი არ მოაქვს ორგანიზმისთვის. უბრალოდ, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ პროფესიონალ ექიმს და დაწვრილებით აუხსნათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა.
ქვის ხანის ადამიანის დიეტა
ეს არის დიეტა, რომელსაც გადავყავართ ქვის ხანის ადამიანის კვების რეჟიმზე, როდესაც მხოლოდ ერთხელ იღებდნენ საკვებს. ჭამეთ ერთხელ, მაგრამ თქვენი ულუფა აუცილებლად კარგად დაბალანსებული უნდა იყოს.
ხშირ შემთხვევაში უჭირთ ასეთ რეჟიმზე გადასვლა, რადგან უცბად უწევთ კვებაზე უარის თქმა, რაც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ამიტომ შეგიძლიათ თავიდან შუალედში ძალიან მსუბუქი საკვები მიირთვათ.
ექიმ ატკინსის დიეტა
ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიეტაა. მას იცავენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან: რენე ზელვეგერი, ანჯელინა ჯოლი, ჯერი ჰოლიველი. დიეტა შეიცავს ბევრ ცილასა და ძალიან ცოტა ნახშირწყლებს. მისი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ შემცირდეს მოთხოვნილება ნახშირწყლებზე. ამ დროს ორგანიზმი იწყებს ცხიმების სწრაფად წვას.
ეს დიეტა რეალურად უწყობს ხელს წონაში კლებას, თუმცა ექიმები გვაფრთხილებენ, რომ დიდი რაოდენობით ცილების მიღება საზიანოა ორგანიზმისთვის. დიეტა განსაკუთრებით სახიფათოა მათთვის, ვისაც აწუხებს გული, თირკმელები და დიაბეტი.
დიეტა ბევერლი-ჰილზი
მისი საშუალებით შესაძლებელია თვეში შვიდი კილოგრამის დაკლება. პირველი ათი დღის განმავლობაში მხოლოდ ხილი უნდა მიიღოთ, შემდეგ კი თანდათან ამატებთ რაციონში სხვა ცილებსა და ნახშირწყლებს, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი ერთმანეთში არევა.
ამ დიეტის განსაკუთრებული მიმდევარია ჯუდი ფოსტერი.
ჯანმრთელი ორგანიზმი მთელი ამ დროის მანძილზე მხოლოდ დიარეამ შეიძლება შეაწუხოს.
შორენა თარაშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(გამოდის თვის დასაწყისში)