მარია ანტუანეტას სიცოცხლის ბოლო თვეები ტრაგედიით იყო სავსე. 1793 წელს, საფრანგეთის მონარქიის გაუქმების შემდეგ, მისი ქმარი (მეფე ლუი XVI) სიკვდილით დასაჯეს, ერთადერთი ვაჟი წაართვეს, თვითონ კი საკანში გამოკეტეს.

ეს საკმარისად ჟღერს თმის გასათეთრებლად, არა? და ლეგენდის თანახმად, სწორედ ასე მოხდა.
„მისი უდიდებულესობა პირველად ვარენის მოგზაურობის სამწუხარო კატასტროფის შემდეგ (გაქცევის წარუმატებელი მცდელობა)... პარიკი მოიხადა, სურდა კარგად დავკვირვებოდი, რა გავლენა მოახდინა მწუხარებამ მის თმაზე, - იხსენებდა მარია ანტუანეტას ფრეილინა ჰენრიეტ კამპანი, - ერთ ღამეში მისი თმა ისე გაჭაღარავდა, რომ დედოფალი 70 წლის ქალს დაემსგავსა.“

Canities subita, ანუ „მარი ანტუანეტას სინდრომი“, როგორც მას 2009 წლის კვლევით ნაშრომში უწოდეს, საკმაოდ საკამათო თემაა. თმის უეცარი გათეთრების დადასტურებული შემთხვევები უჩვეულოდ იშვიათია; ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ეს საერთოდ შეუძლებელია.
და მაინც, როგორც ჩანს, ისტორია სავსეა ადამიანებით, რომელთა ტრავმულმა გამოცდილებამ თმის ნაადრევი გაჭაღარავება გამოიწვია.
მარია ანტუანეტამდე მსგავსი შემთხვევა ინგლისში დაფიქსირდა. ცნობილია, რომ ერთ ღამეში გაუთეთრდა თმა ინგლისელ ადვოკატ თომას მორს, რომელიც 1535 წელს ჰენრი VIII-ის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე გაჭაღარავდა შოტლანდიის დედოფალი მერიც.