უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 25 იანვარს იუბილარია. ის 45 წლის გახდა. დაბადების დღე მას ემოციური სიტყვებით მეუღლემ, უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ, საჯაროდ მიულოცა:
„სულ მეკითხებიან, თუ როგორ შეიცვალე ბოლო ერთ წელიწადში.
მე კი სულ ვპასუხობ: “არ შეცვლილა... ისეთივეა, ისევ ის ბიჭია, რომელსაც 17 წლის ასაკში შევხვდი“...
სინამდვილეში რაღაც შეიცვალა: შენ თითქმის აღარ იცინი, მაგალითად, აი, ასე, როგორც ამ ფოტოზეა... მე კი გისურვებ, სიცილის ბევრი მიზეზი გქონდეს. და შენ იცი, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ ყველამ ვიცით“ - წერს უკრაინის პირველი ლედი.
დღეს უკრაინა და იქ მიმდინარე მოვლენები მსოფლიოს ყველაზე განხილვადი თემაა. გაბედული ნაბიჯებისა და სიმამაცის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა უამრავი ადამიანის დადებითი შეფასება დაიმსახურა. გზა, რომელიც მან პრეზიდენტობამდე გაიარა, არ ყოფილა ჩვეულებრივი. მან უკრაინაში პოპულარობა კომედიურ შოუში მონაწილეობით მოიპოვა. საკუთარი ცხოვრების ეს ორი მიმართულება მან წარმატებით გააერთიანა, პარტიას საკუთარი კომედიური შოუს სახელი უწოდა და 2019 წელს, აპრილში, უკრაინის პრეზიდენტი გახდა. პროფესიით სამართალმცოდნე კომიკოსი, 44-მილიონიანი ქვეყნის მთავარსარდალი, ახლა საკუთარი ქვეყნის დასაცავად ფრონტის წინა ხაზზე ჯარისკაცებთან ერთად იბრძვის.
საჯარო საქმიანობის მიღმა, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვენიერი პირადი ცხოვრებაც აქვს. მისი მეუღლე ოლენა ზელენსკაა. წყვილს ორი შვილი, ოლექსანდრა და კირილი ჰყავს. ვოლოდიმირმა და ოლენამ ერთმანეთი უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნეს, პირველი სიმპათიის გაჩენის შემდეგ ისინი ერთმანეთს რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, 2005 წელს კი დაქორწინდნენ. ოლენა სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად უძღვნის საყვარელ მეუღლეს პოსტებს. ერთ-ერთ მათგანში ის წერს: "ყველა ქალს ვუსურვებ, რომ ასეთი თვალებით უმზერდნენ, რადგან ასე გამოიყურება მხოლოდ ის, ვისაც გულწრფელად უყვარს. მე ყოველთვის ვგრძნობ შენს სიყვარულს და ამ დროს არაფრის მეშინია“.
