ცოტა ხნის წინ პიანისტმა და ტელეწამყვანმა თათია შარანგიამ და პოლიტოლოგმა სანდრო შელიამ განქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს, ამის შესახებ კი სოციალურ ქსელშიც დაწერეს. დაშორების შემდეგ თათია ახალ რჩეულთან, ჯარჯი თორაძესთან ერთად გამოჩნდა და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებაც დაიმსახურა.
ამჯერად ინტერვიუ ჟურნალ „თბილისელებმა“ სანდრო შელიასთან ჩაწერა, რომელმაც საკუთარ ცხოვრებასა და ყოფილ მეუღლესთან დაშორებაზე ისაუბრა:
„როდესაც მომავალი (უკვე ყოფილი) მეუღლე (თათია შარანგია) გავიცანი, პატარა ბავშვები ჰყავდა. ამერიკაში ჩემთან მათი გადმოსვლა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, ამერიკაში ოცწლიანი ცხოვრების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. გადავდგი ის ნაბიჯი, რომელიც მანამდეც სულ მინდოდა, რომ გადამედგა. აქ ცხოვრებისა და კარიერის ხელახლა დაწყება მომიწია. ერთადერთი, რაც გამოვიყოლე, ჩემი ცოდნა და გამოცდილება იყო.
მე და თათიამ ერთად ბევრი წელი გავატარეთ. ეს ურთიერთობა იყო გააზრებული, სიყვარულზე დაფუძნებული. თუ ადამიანი მართლა გიყვარს, რა თქმა უნდა, უნდა დაქორწინდე და მასთან ყოველთვის იყო გულწრფელი, ერთგული. მეორე ადამიანთან ცხოვრების დაკავშირება დიდი პასუხისმგებლობაა, მის წინაშეც და ბავშვების წინაშეც.
მე ვფიქრობ, გული ადამიანს შეიძლება მხოლოდ საკუთარ მოქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე დაგწყდეს, იმაზე, რასაც პირადად შენ აკონტროლებ. ამ მხრივ კი, გული ბევრ რამეზე მწყდება, რაც შეიძლება უკეთ გამეკეთებინა, მეტად მომესმინა, თუნდაც მეტი მემუშავა პირად ურთიერთობებსა თუ საქმესთან დაკავშირებით. როდესაც ვიღაც გულს გწყვეტს, დასკვნები უნდა გამოიტანო, გაკვეთილად უნდა მიიღო და ცხოვრება გააგრძელო.
ეს ცხოვრებაა. ცხოვრებაში ასე ხდება სულ, ყველა მოვუტყუებივართ და იმედებიც გაუცრუებიათ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩვენ ირგვლივ ადამიანების სწორად შერჩევა. ნდობა არის ისეთი რამ, რისი მოპოვებაც ძალიან რთულია, ხოლო დაკარგვა - წამებში ხდება და სამუდამოდ”, - ამბობს სანდრო შელია.
