"ფსკერზე" გახდი ბესტსელერის ავტორი 2023"-ის ერთ-ერთი მონაწილის, ანი ბალიაშვილის ნოველაა. ლიტერატურული კონკურსის მეორე ტური დასასრულს უახლოვდება. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ ხმა თქვენს ფავორიტ მონაწილეს ონლაინ პალიტრა L-ის საიტზე.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ამონარიდს ანი ბალიაშვილის ნოველიდან - "ფსკერზე"
- თავში უამრავი ფიქრი მიტრიალებდა, ათასი კითხვა მაწუხებდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ვისთვის უნდა მეკითხა ან საერთოდ ღირდა თუ არა ეს, რადგან თითქოს ვგრძნობდი, რომ ყველაფერი მაინც ისე მოხდებოდა, როგორც უნდა მომხდარიყო და ჩემს პროტესტსაც აზრი არ ჰქონდა, მით უმეტეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ მუცელში გინერგავენ, რომ შენ გოგო ხარ, შენ კარგი გოგო ხარ და არ უნდა მოიქცე ისე, რომ შენს „სიკარგეში“ ვინმემ ეჭვი შეიტანოს.
- ადამიანები იბრძვიან იდეისთვის. მათთვის, ვისაც უნდა, რომ სამყაროში საკუთარი კვალი დატოვოს. იდეა და მის გამო ბრძოლა ამისთვის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა რა ხდება მაშინ, როდესაც ხვდები, რომ ის, რისთვისაც იბრძვი, არავის არაფრად სჭირდება?
- რა თქმა უნდა, გამოუვალი მდგომარეობისას ყველაზე კარგი სხვის იმედად ყოფნაა და თუ ეს „სხვა“ შენს ცხოვრებაში მართლა საიმედო ადამიანია, მაშინ უნდა ჩათვალო, რომ ყველაფრის მიუხედავად ბედნიერი ადამიანი ხარ.
- ემოციების მრავალფეროვნება ჩემთვის, როგორც მუდმივ შიშში მყოფი ადამიანისთვის, იმდენად გასაოცარი რამ არის, რომ ხშირად სარკესთან მიცდია გაუცხოებული მიმიკებისა და ემოციების გამოხატვა. იქნებ დამავიწყდა, როგორია სიცილი? გაოცება? სიამოვნება? წყენა? ბედნიერება?
- ალბათ ყველაზე დიდი დანაშაული სწორედ მათ მიუძღვით, ვინც ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის, თუმცა მაინც არ იღებს ხმას.
