"უწინ მე მეგონა საუკუნე რაღაც საოცრება. ახლა? ახლა არაფერი ყოფილა საუკუნე. დრო მიდის, იცვლება ცხოვრება, ადამიანები, ეს გარდაუვალი კანონია. ასეა! შეიცვლება თაობები, შეიცვლება ცოტა ცეკვებიც, მაგრამ ილიკო სუხიშვილის, სოლიკო ვირსალაძის და ჩემი, ნინო რამიშვილის სიყვარულით, აღელვებით ნაამბობი პატარა ერის ისტორია ხალხში დარჩება".
ნინო რამიშვილი
ნინო რამიშვილი - ეს სახელი და გვარი დიდი ხანია იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ჯილდოებისა და ტიტულების ჩამონათვალი. მოდური ჩალმით, განუყრელი სიგარეტით, სამაჯურებით ხელდამშვენებული მისი დარბაზში გამოჩენა მრავალსაათიან რეპეტიციებს ნიშნავდა. საქმეში მკაცრი და უკომპრომისო, საოცრად მომთხოვნი, არ ცნობდა შიმშილს, უძილობას, დაღლას, დაგვიანების მიზეზებს. ამბობდა, რომ დიდ საქმეში მხოლოდ შრომა და ფანატიზმამდე მისული სიყვარული იმარჯვებს. ყველას მეგობარი იყო, ფარივით ედგა ანსამბლს. საოცრება იყო თავისი ნიჭით, პლასტიკით, განუმეორებელი როგორც სცენაზე, ისე ცხოვრებაშიც. ურთიერთობის თავისი სტილი ჰქონდა. არასოდეს არავისთან ქედს არ მოიხრიდა. ძალიან ძლიერი, დამუხტული, ენერგიული ქალი იყო. ღრმა სიბერეშიც კი ისეთი ელეგანტური იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი.
"იცით, რით ვარ ბედნიერი? დავიბადე არაჩვეულებრივ დღეს, ნათლისღებას. ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, იმიტომ, რომ მამაჩემი უმეტესად გადასახლებაში იყო და ჩვენ სოფელში წავედით, მაგრამ რამდენი ხანი ვიქნებოდით იმ სოფელში? როცა ქალაქში დავბრუნდით, სახლში აღარ შეგვიშვეს, იქ ვიღაც ბოლშევიკი შებრძანდა და ერთი სკამი და სინიც კი არ დაუბრუნებია. მას შემდეგ კეცხოველის ქუჩაზე ვცხოვრობდი" (ნინო რამიშვილის მოგონებიდან).
ნინო სუხიშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორი:
- მარტივი ცხოვრებით არ უცხოვრია. იოლად არაფრისათვის მიუღწევია. ცხოვრება, თან ჩვენს ანსამბლში, ისეთი ტემპით მიდის, რომ მოდუნება წარმოუდგენელია. ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბებიაჩემის სიტყვებმა, როცა 90 წლის ასაკში მითხრა, შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა ცოტაა 90 წელიო. მახსოვს, როდესაც ვარსკვლავის გახსნა უნდოდათ, ეუბნებოდნენ, რომ სახე გადაეჭიმა, ის კი გამუდმებით ანა მანიანის სიტყვებს იმეორებდა, “თავი დაანებეთ ჩემს ნაოჭებს, ისინი ძალიან ძვირი დამიჯდაო". ნინო ჩემთვის მხოლოდ ბებია არ ყოფილა. ყველანაირად ვცდილობდი, მას დავმსგავსებოდი. ბრძენი ქალი იყო. მისი წასვლით ისეთი სიცარიელე დარჩა ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ვერაფერი შეავსებს. ნინო არასოდეს არ იხდიდა დაბადების დღეს, მაგრამ სულ აღნიშნავდა ნინოობას. და ეს იყო სასწაული, მთელი იანვარი ჩვენს ოჯახში დღესასწაული იყო. დღეს ეს ყველაფერი ძალიან მენატრება...
1924 წლის 26 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში იმხანად ცნობილი წარმოდგენა „"საბავშვო დილა" გაიმართა. სპექტაკლში ბალერინა პერინის სტუდიის მოსწავლე გოგონები ცეკვავდნენ. წარმოდგენას 17 წლის ილიკო სუხიშვილი ესწრებოდა და ათობით მოცეკვავეს შორის მისი ყურადღება ასაკით ყველაზე უმცროსმა გოგონამ მიიქცია. ის „ყვითელი მარგალიტის“ პარტიას ასრულებდა. გოგონა თავისი პლასტიკით მთელ დასში გამოირჩეოდა. შესვენებისას ილიკომ წარმოდგენის პროგრამა იყიდა. "ყვითელი მარგალიტის" გასწვრივ რამიშვილის გვარი ეწერა. იმ დღიდან ილიკო სუხიშვილი ნინო რამიშვილის თაყვანისმცემელი გახდა.
ნინო სუხიშვილი: - სპექტაკლის შემდეგ, როცა ნინო ოპერიდან სახლში მოდიოდა, ილიკო უკან მიჰყვებოდა. ასე გრძელდებოდა დიდხანს. არ აწუხებდა, ხმასაც არ სცემდა. აი, ასე მორიდებულად გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას, თაყვანისცემას... ჩუმად, უსიტყვოდ.
მალე ცეკვის ილეთებს კარგად დაუფლებული სუხიშვილი ბალერინა პერინის სტუდიაში მიიღეს და პირველივე რეპეტიციაზე მეწყვილედ ნინო დაუყენეს, თუმცა ილიკომ სასტიკად იუარა.