დერმატოლოგ-ვენეროლოგ ზაზა თელიას საზოგადოება კარგად იცნობს. მას უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს და მათ სასარგებლო რჩევებს არა მხოლოდ ექიმის კაბინეტიდან, არამედ ტელეეკრანებიდანაც ხშირად აძლევს.
ამჯერად გადაცემა "დღის პოსტის" ეთერში ზაზა თელიამ და მისმა მეუღლემ, კარდიოლოგმა თამუნა ალუღიშვილმა, ოჯახური ცხოვრებისა და ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს:
"უკვე ათი წელია, ცოლ-ქმარი ვართ და 16 წელია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. ისე ვართ, როგორც ერთი ადამიანი. ჩემი დაბადების დღე მახსოვს, სადღაც მთაზე ახოხდა და იქ ფეიერვერკი გაუშვა. მთაზე მიხოხავდა და მერე აღმოჩნდა, რომ ასანთი არ ჰქონდათ. ბრძოლები გაიარა და სულ ტალახიანი იყო. კარგი მეუღლე და კარგი მამაა” - ამბობს თამუნა ალუღიშვილი.
ზაზა თელია 23 წლის ასაკში დაოჯახდა. მას და მის მეუღლეს ორი შვილი, საბა და ლუკა ჰყავთ:
"რა თქმა უნდა, ბავშვების აღზრდაში ჩართული ვარ. ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ვცდილობ, თავისუფალი დრო მათთან ერთად გავატარო. ჩემი სამუშაო დღეები ძალიან დატვირთულია, ფაქტობრივად, ღამის 12 საათამდე გრძელდება. ამიტომ, შვილებთან ურთიერთობისთვის უქმეები მრჩება. თუმცა, სულ ვცდილობ, რომ ეს დრო კარგად გამოვიყენოთ.
ორივე მშობიარობას დავესწარი. ვფიქრობ, ქალისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამეცნიერო მტკიცებულებები არსებობს, რომ მშობიარობის დროს მამის იქ ყოფნა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მშობიარობის გამოსავალს, აქტის შემსუბუქებას და დედის მხრიდან ტკივილის აღქმის უნარს. როგორც ვთქვი, ეს მეცნიერულადაა დამტკიცებული. შესაბამისად, მეც გავითვალისწინე" -ამბობდა ზაზა თელია ერთ-ერთ ინტერვიუში.