ყველაზე შოკისმომგვრელი, საუკეთესო და ყველაზე ცუდი მომენტები "გრემის" 2023 წლის დაჯილდოებიდან - Marao

ყველაზე შოკისმომგვრელი, საუკეთესო და ყველაზე ცუდი მომენტები "გრემის" 2023 წლის დაჯილდოებიდან

2023-02-06 13:21:19+04:00


"გრემის" ყოველწლიური დაჯილდოების 65-ე ცერემონიალმა კვირას ღამით "კრიპტო არენაზე", ლოს-ანჯელესში ხმაურით ჩაიარა. ცერემონიის დაწყებამდე, ყველას ყურადღება ბიონსესკენ იყო მიპყრობილი, რადგან მას ჰქონდა შანსი, გამხდარიყო ყველაზე მეტჯერ დაჯილდოებული ვარსკვლავი და ეს შანსი მან წარმატებით გამოიყენა. 4 "გრემის" მიღების შემდეგ მას სულ 32 ჯილდო აქვს და უსწრებს დირიჟორ გეორგ სოლტს, რომელმაც სიცოცხლის განმავლობაში სულ 31 ჯილდოს მოპოვება შეძლო. ექსპერტები წერენ, რომ ბიონსემ გუშინ ღამით საკუთარი ისტორია დაწერა, რაც ემოციური გამოსვლით დააგვირგვინა. გამოსვლის სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ქვიარ საზოგადოებას, ბიძა ჯონს, ქმარსა და შვილებს.

საღამოს ესწრებოდა ბევრი ისეთი ვარსკვლავი, რომლებმაც "გრემი" პირველად დაიმსახურეს. მათ შორის იყვნენ, ვაიოლა დევისი და ტემსი. ასევე, კიმ პეტრასი, რომელიც პირველი ღიად ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც მოიგო "გრემი". ის ნომინაციაში წარდგენილი იყო სემ სმიტთან კოლაბორაციით შექმნილი სიმღერით "Unholy".

ქვემოთ წაიკითხავთ ყველაზე შოკისმომგვრელი, ყველაზე სასიამოვნო და უსიამოვნო მომენტების შესახებ "გრემის" 65-ე დაჯილდოებიდან:

  • ყველაზე შოკისმომგვრელი: ჰარი სტაილსმა წლის ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა
სანამ ჰარი სტაილსი წლის საუკეთესო ალბომის გამარჯვებულად გამოცხადდებოდა, მთელი არენა წამით გაჩუმდა. შემდეგ წამყვანმა ტრევორ ნოემ გახსნა კონვერტი და სტაილსის ერთ-ერთმა ფანმა წაიკითხა მისი სახელი. სტაილსი ისევე შოკირებული აღმოჩნდა, როგორც ყველა, როცა სცენაზე ავიდა თავისი ჯილდოს მისაღებად. "ამ ნომინაციაში წარდგენილი სხვა არტისტებით მე შთაგონებული ვარ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვთქვა, რომ ჩვენს პროფესიაში არ არსებობს საუკეთესო... მადლობა ყველას" - თქვა მან. ჰარიმ ჯილდოს მოგება მესამე ალბომით, Harry's House-ით შეძლო.

  • ყველაზე სასიამოვნო: Bad Bunny-მ ცერემონია საოცარი ენერგიითა და მუხტით გახსნა
Bad Bunny-მ ცერემონია მართლაც საოცარი მუხტით გახსნა. მოცეკვავეთა ჯგუფის დახმარებით, მან "El Apagón"-ის შესრულებისას მთელი დარბაზი ფეხზე წამოაყენა. კოსტიუმირებული შოუ არა მხოლოდ იქ დამსწრეთათვის, არამედ შოუს მაყურებლებისთვისაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა. Bad Bunny-ს პერფორმანსი არაერთმა ვარსკვლავმა შეაფასა, როგორც ისტორიული, ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ტეილორ სვიფტი, შოუს შეუერთდა კიდეც და ცეკვა Bad Bunny-სთან ერთად გააგრძელა.

  • ყველაზე არასასიამოვნო: ტრევორ ნოეს ხუმრობები
ტრევორ ნოე სამხრეთაფრიკელი კომიკოსია, რომელიც "გრემის" უკვე მესამედ გაუძღვა. როგორც წერენ, ამ სამი შოუდან წელს მას ყველაზე კარგი ხუმრობები ჰქონდა, თუმცა მისი მონოლოგები ბევრისთვის მაინც არასასიამოვნო და არც ისე სასაცილო აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, გამოცემა TIME-მა ტრევორ ნოეს ხუმრობები ცერემონიის არასასიამოვნო ნაწილად შეაფასა.

"გრემი 2023"-ის ნომინანტებისა და გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ბმულზე.