"თუ გაჭირვებაა, სჯობს თქვენს შვილებთან, თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად გაიჭირვოთ... ნუ წახვალთ, ქალებო, ემიგრაციაში!" - Marao

"თუ გაჭირვებაა, სჯობს თქვენს შვილებთან, თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად გაიჭირვოთ... ნუ წახვალთ, ქალებო, ემიგრაციაში!"

2023-02-07 10:57:39+04:00

გული მეკუმშება, როდესაც იტალიელი ბებიას სახლში ჩემს შალმოხვეულ ნათესავს შევყურებ. შეციებული და დაოსებული ყოველდღე მირეკავს ვიდეოთვალით და მეც ყოველდღე ვეკითხები, ანა, ასე გცივა, რომ ამსისქე შალი გაქვს შემოხვეული-მეთქი? ისიც მპასუხობს, შემცივდება, აბა, რა იქნება, გათბობა გაძვირდა, ამიტომ ბებია თავად სულ ლოგინშია, გათბობა საღამომდე გამოთიშული აქვს, სანამ ყინვა ძალიან არ დააჭერს, გაიძახის, სხვანაირად ვერ გადავიხდიო.

- შე საწყალო, - ვეუბნები მე, - თითქოს აქ არ გეყოფოდა გათბობის ეკონომია, რომ მანდაც დაგიწყია, იქნება სხვა ბებია იპოვო მოსავლელად, რომელსაც გათბობის ჩართვა მაინც არ დაენანება შენთვის-მეთქი, მაგრამ ანა ხელს მიქნევს, - ნახევარი იტალია ასეა, საწვავი გაძვირდა და ეკონომიას აკეთებენ, ახალი სამსახურის ძებნას, რომელიც დეფიციტია, ის მირჩევნია, ამ სახლში დავრჩე და მოვითმინოო, რაც, პრინციპში, სრული სიმართლეა:

ამას წინათ, საბერძნეთის ემიგრანტებიც წერდნენ, ნეტავ გაგვაგებინა, მარტო ჩვენ გვყინავენ თუ სხვებიც ჩვენს დღეში ხართო, და უამრავმა ქართველმა ემიგრანტმა დაუმოწმა, ჩვენთან ჩართვის მკაცრი გრაფიკი გვაქვსო! ან კი რა არის გასაკვირი, საწვავი გაძვირდა და პრაგმატული ევროპაც ცდილობს ეკონომია გააკეთოს და თანაც, მე შენ გეტყვი და, ევროპელები მომვლელებს ვერ იშოვიან, დაიცალა მთელი საქართველო, ისინიც კი წავიდნენ ემიგრაციაში, ვინც ამას არასოდეს იფიქრებდა, მათ შორის, ჩემი ახლობელი ანაც. არადა, როგორც სიკვდილი არ უნდა ადამიანს, ისე მასაც არ უნდოდა გადასაკარგავში წასვლა, მაგრამ მაინც წავიდა: მოულოდნელად თავს დატეხილი მეუღლის ავადმყოფობისა და სამი შვილის გამო, რომელთაგან ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის ახალგაზრდა მასწავლებელია თავისი ნახევარგანაკვეთიანი და 350-ლარიანი ხელფასით, დანარჩენი ორი კი - სტუდენტი. ამასობაში კი სახლის კედლებიც ჩამოიფცქვნა, სააბაზანოს უძველესი მილებიც გამოსაცვლელი გახდა და აყრილ პარკეტზეც რამდენჯერმე კინაღამ ფეხი მოიტეხა. ჰოდა, წავიდა, იფიქრა, სანამ შვილები უკეთეს სამსახურს მოძებნიან, ეგებ მანამდე შევეშველოო.

არადა, ჩემი ანასთანა კიდევ რამდენი წავიდა. მათი სახლები დღეს სოფლებში დარაბებდაგმანულია, ქალაქებში კი ბანკების ხელში ჩავარდნილი! ან რას მომცემს, მაგრამ ძალიან კი მინდა ვიცოდე, რამდენი სახლი შეიძლება იყოს პროცენტულად ევროპის ბანკებში ჩადებული?...გაგრძელება