რა იწვევს ჩვილებში მეტეორიზმს და როგორ დავეხმაროთ პატარას - Marao

რა იწვევს ჩვილებში მეტეორიზმს და როგორ დავეხმაროთ პატარას

2023-02-08 14:34:09+04:00


როდესაც ჩვილი ხშირად ტირის, მაშინაც კი, როცა არ შია, მიზეზი უმეტეს შემთხვევაში მეტეორიზმს უკავშირდება. ახალშობილების საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯერ ძალიან ჩამოუყალიბებელია და პატარებს საჭმლის მონელება უჭირთ.

ცხრა თვის განმავლობაში დედის მუცელში თბილად და მშვიდად მოკალათებული პატარა ერთბაშად ვერ ეგუება ახალ გარემოს. მეტეორიზმის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • ასაკისთვის შეუფერებელი კვება
  • ხელოვნურ კვებაზე ნაადრევი გადაყვანა
  • დაუბალანსებელი კვება (ცხიმების, ცილების ან ნახშირწყლების სიჭარბე)
  • ურეჟიმო, ხშირი კვება
  • კუთვნილზე მეტი საკვების მიცემა
თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნაწლავური კოლიკა 2-3 კვირიდან 3-4 თვემდე თითქმის ყველა ბავშვს აწუხებს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი აირების 70% ჰაერია, რომელსაც პატარა ყლაპავს ტირილის, კვების დროს, დანარჩენს კი შეადგენს თვით ნაწლავის სანათურში მიკრობთა მიერ წარმოქმნილი აირები და სისხლის პლაზმიდან გადმოსული აზოტი.

როგორ ამოვიცნოთ ეს მდგომარეობა

ამ დროს პატარა ძლიერ შეწუხებულია, დროდადრო წამოიყვირებს, ფეხებს ხრის და მუცელთან მიაქვს, დაჭიმულია, ასხამს ოფლი. ვერ ამშვიდებს ვერც ძუძუ, ვერც მატყუარა. წევს თუ ხელში გიჭირავთ, ის ერთნაირად წუხს. მუცელი შებერილი აქვს, ისმის ყურყური და ხმაური.

როგორ დავეხმაროთ ჩვილს

საამისოდ არსებობს რამდენიმე საშუალება. პრაქტიკულად ყველა მათგანი ჯერ კიდევ ჩვენი ბებიებისა და მათი ბებიების დროიდან არის ცნობილი.

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი ხერხია მუცლის გათბობა - ამ დროს ნაწლავთა კუნთები ეშვება, სპაზმი სუსტდება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური გამტარობა აღდგება.

ამას აირთა გამოსვლით მიხვდებით.

როგორ გავუთბოთ მუცელი

  • ნუ გამოიყენებთ სათბურს! დააწვინეთ და დაადეთ მუცელზე უთოთი გამთბარი საფენი, ოღონდ არა ისეთი ცხელი, რომ დაწვას. შემდეგ მუცლით მკერდზე მიიხუტეთ და ასე ატარეთ.
  • შეგიძლიათ, გაუკეთოთ თბილი წყლის აბაზანაც - წელამდე ჩასვათ თბილი წყლით სავსე ვედროში. რამდენიმე წუთში დაინახავთ წყლის ზედაპირზე ამოსული აირის ბუშტუკებს. ძალიან ეფექტურია მუცლის მასაჟი: დააწვინეთ ბავშვი ზურგზე და საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით თბილი ხელი წრიულად უსვით- აირის ბუშტუკები გასასვლელისკენ გადაინაცვლებს და სპაზმიც გაივლის.
  • კარგი იქნება, თუ პარალელურად ოჯახის სხვა წევრი ბავშვს მოუმზადებს ბალახის (გვირილის, პიტნის, კამის, ფენხელის) ნაყენს.
  • მიეცით თბილი. ეს პატარას ძალიან ესიამოვნება.
როდის შეიძლება გაზგამყვანი მილის გამოყენება?

თუ აღწერილმა არცერთმა პროცედურამ შედეგი არ გამოიღო, შეიძლება უკანა ტანში გაზგამყვანი მილის ჩადგმა. მილის ჩადგმის ტექნიკა ასეთია:

  • დააწვინეთ პატარა მარცხენა გვერდზე მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში მოხრილი ფეხებით, ან ზურგზე, ასევე მოხრილი და აწეული ფეხებით.
  • მილს მომრგვალებულ ბოლოზე წაუსვით საბავშვო კრემი ან ვაზელინი, ბავშვს მარცხენა ხელით გადაუწიეთ დუნდულა კუნთები და მილი ფრთხილად შეიყვანეთ ანუსის ხვრელში 1-2 სმ სიღრმეზე, მილის მეორე ბოლო კი ჩაუშვით რაიმე ჭურჭელში ან ღამის ქოთანში, ვინაიდან გაზებს განავლოვანი მასებიც მოჰყვება. მილი შეგიძლიათ 20-25 წუთით დატოვოთ ანუსში.
  • უკეთესი ეფექტისთვის პარალელურად გაუკეთეთ მუცლის მასაჟი. მილის ამოღების შემდეგ არ დაივიწყოთ ანუსის ხვრელის ჩამობანა თბილი წყლით, შემდეგ კი წაუსვით საბავშვო ზეთი.
მიუხედავად ეფექტურობისა, გაზგამყვანი მილის ხშირად გამოყენებას არ გირჩევთ - შესაძლოა, გააღიზიანოთ სწორი ნაწლავი, შეიტანოთ ინფექცია და უფრო დიდი პრობლემები გამოიწვიოთ.

მეტეორიზმის აღმოსაფხვრელად საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ყურადღება მიაქციეთ მეძუძური დედის კვების რეჟიმსა და რაციონს. ყავა, მაგარი ჩაი, ყურძენი, კომბოსტო, ლობიო, ბარდა, სოია, უმი ხილი და ბოსტნეული, ტკბილეული ის პროდუქტებია, რომელთა სიჭარბე დედის რაციონში პრობლემებს შეუქმნის მის პატარას. გარდა ამისა, უნდა დაიცვათ ძუძუთი კვების წესები, რათა ბავშვს ჭამის დროს აირები არ ჩაეყლაპოს. თუ პაწია ხელოვნურ კვებაზეა, ბოთლი ისე დაიჭირეთ, რომ საწოვარას ბოლო ყოველთვის სავსე იყოს საკვებით, ჭამის შემდეგ კი ჩვილი ხელში აიყვანეთ და მანამდე გეჭიროთ, ვიდრე ჰაერს არ ამოუშვებს.

ზურგით მიიბჯინეთ მკერდზე და მარჯვენა ხელით მუცელი მსუბუქად დაუზილეთ.

ვრცლად მეტეორიზმის პრობლემებზე როგორც ჩვილების ასაკში, ასევე ორსულობისა და ხანდაზმულ ასაკზე შეგიძლიათ წაიკითხოთ „8 წიგნი ჯანმრთელობაზე“ მესამე ტომში, რომელიც გასტროენტეროლოგიას ეძღვნება. წიგნში მკითხველი მიიღებს პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც დიდ დახმარებას გაუწევს ყველა ძირითადი დაავადების და ცალკეული სიმპტომის დროს. მესამე ნაწილში ამომწურავად გაეცნობით გასტროენტეროლოგიასთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემას: მეტაბოლიზმი, გაუვალობა, შეკრულობა, ფაღარათი და სხვ.

მესამე ნაწილი 13 თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი „ბიბლუსის“ ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში ასევე საიტზე: www.palitral.ge