ოცნება ავსტრალია - თავი 2 - გაქცევა - Marao

ოცნება ავსტრალია - თავი 2 - გაქცევა

2023-02-10 10:41:59+04:00


გაქცევა

მხედველობაზე სწრაფად გონება დამიბრუნდა. როგორღაც მაშინვე გამახსენდა მომხდარი, მაგრამ თვალები რამდენჯერაც დავხუჭე და გავახილე, იმდენჯერ ჩემს სახესთან დახრილი ჩრდილი და მხედველობაზე გადაფარებული ნისლის მეტი ვერაფერი დავინახე. გამჭოლი ნიავი ქროდა და თავიდან ფეხებამდე სველს ერთიანად მაკანკალებდა.

- მარკო!

- კარგადაა, თავი დაარტყა მხოლოდ...

თავს ძალა დავატანე და წამოდგომა ვცადე მაგრამ არ დამანებეს, მხარზე ვიღაც ფრთხილად შემეხო და ადგომის საშუალება არ მომცა.

- ნუ გეშინია, კარგად იქნები! - იმდენად მზრუნველი ხმის ტონი ჰქონდა, მთლიანად გაყინულს საოცარი სითბო ჩამეღვარა გულში.

რამდენიმე წამში მზერას გადაფარებულმა ბურუსმა უკან დაიხია და ახალმოსულის შეშფოთებული სახე ზუსტად ჩემ თვალწინ გავარჩიე. სველი თმა შუბლზე მიწებებოდა და სახეზე შერჩენილი წყლის წვეთები ჩამავალი მზის შუქზე ათასფრად უკიაფებდა. დაძაბული მზერით დამყურებდა და ცდილობდა გამოეცნო, ნამდვილად კარგად ვიყავი თუ არა.

- მადლობა! - დავიჩურჩულე.

თითქოს ჩემი ხმის ამოღებას ელოდაო, ძლიერი მკლავები მომხვია და ხელში ბამბის ფთილასავით მსუბუქად ამიტაცა. ძვლებამდე გათოშილს მისი შეხება იმდენად მესიამოვნა, სხეულზე ბეღურასავით მივეკარი. მომეჩვენა, რომ სუნთქვა მყისიერად გააჩერა და უკვე კიბეზე ჩამავალი ანაზდად შედგა. წარბშეკრულმა დამხედა, მისმა მზერამ ჩემი სახე წამში მოირბინა, ბოლოს თვალებზე შეაჩერა და იმდენად უცნაური გამომეტყველება გაუხდა, მეგონა, რასაც გავიფიქრებდი, უთუოდ გაიგებდა. ამის გააზრებისას უხერხულად შევიშმუშნე და თვალი ავარიდე. კვლავ ტრიუმში ჩამიყვანა და ძირს ფრთხილად დამიშვა. იატაკზე სირბილე შევიგრძენი და დაბლა დავიხედე, ერთ-ერთ ფანჯარასთან რბილი ლეიბი მოეტანათ.

სწორედ ამ დროს ლუკთან ძახილი გაისმა. მარკო კიბისკენ გაემართა, ვიღაცამ ზემოდან დიდი ზომის პლედი ჩამოაწოდა. გამოართვა, მომიახლოვდა და თავფეხიანად შიგნით გამახვია. სითბომ სასიამოვნოდ დამიარა სხეულში და მადლიერი თვალებით ავხედე. ცალ მუხლზე იყო დაშვებული და განზე იყურებოდა. რატომღაც ვიფიქრე, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ორჭოფობდა. შემდეგ მომიბრუნდა, სახეზე ჩამოშლილი სველი თმა პლედს ქვემოთ ფრთხილად ჩამიკეცა, ფეხზე სწრაფად წამოიწია და მარტო დამტოვა. თანდათან გავშრი და გავთბი, ცოტა ხანში კი ქუთუთოები დამიმძიმდა და ლეიბზე გვერდულად მივწექი.

რამდენ ხანს მეძინა არ ვიცი, მაგრამ კატერის დაძვრის ხმამ ფეხზე წამომაგდო. მაშინვე ფანჯარას ვეცი და გემბანიდან წყლის ზედაპირზე დავარდნილ სინათლეზე ნაპირისკენ მქროლავი კატერი დავინახე. მარკო მართავდა... ისეთი მარტოობა ვიგრძენი, რომ ტირილი მომინდა. ცხვირის წვერი სიმწრით ამეწვა. მისმა მზრუნველმა ჟესტებმა იმედის მცირე ნაპერწკალი გამიჩინა, რომ აქედან თავს დავაღწევდი, ახლა კი ეს ნაპერწკალი ჩემ წინ თვალდათვალ პატარავდებოდა. დიდხანს ვიდექი ფეხზე და მხედველობას ვძაბავდი, იქნებ დაბრუნებულიყო, მაგრამ შორს მოციმციმე რამდენიმე მკრთალი სინათლის მეტს ვერაფერს ვხედავდი.

ამასობაში გარეთ ისე ჩამობნელდა, თავი კოსმოსში გამოკიდებულ სადგურზე მეგონა. უმწეოდ ჩავჯექი და მიმოვიხედე. საკვები იქვე შორიახლოს დაეტოვებინათ. ცოტა შევჭამე, კვლავ პლედში გავეხვიე და გავიტრუნე. ისე დამათენდა, ვერაფერი გავიგე, თითქმის ძილ-ღვიძილში გავატარე მთელი ღამე. ქვეცნობიერმა მარკოს უკან დაბრუნების იმედი დაიმახსოვრა და დილამდე კატერის ხმა ჩამესმოდა, მაგრამ ამაოდ... ის არ დაბრუნებულა...

მოსაღამოებულზე გემბანზე ხმაურმა იმატა და როდესაც მორიელმა საკვები ჩამომიტანა, თან ალკოჰოლის სუნი მოიყოლა. შევშფოთდი, რადგან მისგან კეთილგანწყობას ნამდვილად არ ველოდი. გნიასი კარგა ხანს გრძელდებოდა, მე უბრალოდ ის მაკვირვებდა, ორი ადამიანი ასე როგორ ხმაურობდა.

ხავსსჩაჭიდებულივით ფეხზე რამდენჯერმე წამოვდექი, იმ იმედით, რომ უკან დაბრუნებულ კატერს დავინახავდი, მაგრამ ტყუილად. რაღაც მომენტში, ფანჯარას შემოხეთქებული ტალღის მიღმა გაელვებულ საგანს მოვკარი თვალი, მაგრამ ალბათ მომეჩვენა, რადგან წამში გაქრა.

მალე ხმაური ჩემს კიბესთან გაისმა და შეშინებულმა ორივე ხელი ყურებზე ავიფარე. მეგონა, ამით თავს დავიცავდი იმისგან, რასაც ჩემი მუდამ უტყუარი ინტუიციით ვგრძნობდი. შინაგანმა, ემოციურმა კანკალმა უსწრაფესად მომიცვა, თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე და ქანდაკებასავით გავშეშდი.

ლუკი გაიღო და სამმა გალეშილმა მამაკაცმა ერთიმეორის მიყოლებით ჩამოაბიჯა. თვალები ოდნავ გავახილე. არ შევმცდარვარ, მესამეც ახლდათ, მაგრამ პირველად ვხედავდი. გაუცნობიერებლად ნელ-ნელა დავიხიე უკან, მაგრამ მალე აღმოვჩნდი კედელთან მიმწყვდეული. ზომაზე მეტად გაფართოებული თვალებით ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი. შიშმა ისე დამიმონა, აზროვნების უნარი საერთოდ დავკარგე. ხელ-ფეხი შეკრული არ მქონდა, მაგრამ ვიცოდი, სამ ახმახს ვერსად გავექცეოდი, მით უმეტეს, გემიდან.

- რბილი ლეიბია!.. გამოდგება! - საშინელი ტონით და ავხორცი ღიმილით გადაულაპარაკა საყურიანმა მეგობრებს.

- მარკომ კი გაგვაფრთხილა, მაგრამ რას გაიგებს?! ძალიან ლამაზი ხარ! - მითხრა მესამემ და ჩემკენ გამოიწია. ის იყო, პირი საკივლელად გავაღე, რომ მათ ზურგსუკან ხმადაბალი, მაგრამ ფოლადივით მტკიცე ხმა გაისმა.

- ხელს ვერ ახლებთ!

სამივე შეთანხმებულივით ერთდროულად შებრუნდა. კიბის ძირში, აკვალანგებსა და ზღვის სათვალეში გამოწყობილი მამაკაცი იდგა. მკლავები გულზე დაეკრიფა და გაუნძრევლად გვიყურებდა. მაშინვე ვიცანი, ის იყო... მარკო. ხელში იარაღი ეკავა და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, ვერცერთი გატოკებას ვერ მოასწრებდა, ისე გამოასალმებდა სიცოცხლეს.

- მე თქვენ გაგაფრთხილეთ! - ცივად და ავისმომასწავებლად ჩაილაპარაკა.

- მარკო, რატომ ქმნი პრობლემას?! შენც ხომ მოგწონს, დაგინახე, როგორ უყურებდი! - მორიელმა ხელები გაშალა და ნაძალადევი სიცილით სცადა სიტუაციის განმუხტვა.

მისი ნათქვამისთვის ყურადღება არც მიუქცევია, სათვალე ზევით აიწია და იქვე მიგდებულ თოკზე მანიშნა.

- აიღე და სამივე ერთმანეთზე მიაბი, სწრაფად!

ფეხზე კი არ ავდექი, წამოვფრინდი. თოკს ხელი ვტაცე და მეგობრები მტკიცედ გადავაბი ერთმანეთს. ჩემდა გასაკვირად, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მაგრამ ამაზე ფიქრისთვის არ მეცალა, იმდენად მომიცვა მოსალოდნელი თავისუფლების სიხარულმა. საქმეს მოვრჩი და მარკოს გვერდით ამოვუდექი. უსიტყვოდ მანიშნა, ზემოთ ავსულიყავი. მაღლა ასულმა, გემბანზე დატოვებული ჟანგბადის ბალონი აიღო, ზურგზე მოიკიდა და მოაჯირისკენ წამიყვანა.

სწორედ იმ დროს, როცა წელზე ღონიერი მკლავი ვიგრძენი და გადასახტომად მოვემზადეთ, ზურგსუკან სროლის ხმა გაისმა. ხმამაღლა ვიკივლე და წყლის მკვეთრი ტემპერატურაც ტყვიასავით დამეჯახა. სიცივემ დამბლასავით იმოქმედა და მომენტალურად ფსკერისკენ წავედი. როგორც კი გავიაზრე, რომ ვიხრჩობოდი, რაღაცამ ჰორიზონტალურად გამითრია და ზუსტად გემის კიჩოსთან აღმოვჩნდი. მარკომ ჟანგბადი მომაწოდა და მეც ხარბად შევისუნთქე.

მაღლიდან გემის კორპუსის ჩრდილი გვფარავდა. მარკო მას ნელ-ნელა მიჰყვებოდა და მარჯვენით ღონივრად ვეკავე. მონაცვლეობით ვსუნთქავდით. აქა-იქ წყლის ზედაპირს დაშენილ ტყვიებსაც მოვკარი თვალი, წვიმასავით რომ ცვიოდნენ და შემდეგ სიჩქარეს თანდათან ანელებდნენ. უეცრად მისი მარცხენა მკლავიდან, ზემოთ ტაატით მჟონავ სისხლს მოვკარი თვალი, ტყვია მიზანს არ ასცდენოდა... რანაირად გაითავისუფლეს ასე უცებ თავი?! საკუთარ უყურადღებობაზე ისე გავმწარდი, სული უარესად შემიგუბდა. გულში ღმერთს მადლობა შევწირე იმისთვის, რომ ღამე იყო და შეფერადებული წყალი მაღლიდან რთულად შესამჩნევი იქნებოდა.

დაახლოებით თხუთმეტი წუთი დავყავით ასე და მაშინ, როცა მარკომ შედარებით უსაფრთხოდ ჩათვალა სიტუაცია, კვლავ წყალქვეშ გავაგრძელეთ ცურვა, გემის კორპუსის მარჯვენა პერპენდიკულარულად. რაღაც მონაკვეთის შემდეგ გემის სინათლე ოკეანის თავზე გაქრა და მხოლოდ მაშინ გავბედეთ ზედაპირისკენ ასვლა. კიდევ საკმაო მანძილი ვიცურეთ და შორიახლოს კატერის სილუეტი მოულოდნელად დავლანდე.

მთელი სისწრაფით მივქროდით. ისეთი ქარი უბერავდა, ჩემი კბილების კაწკაწის ხმა ყურში უკვე მონოტონურად ჩამესმოდა. დაახლოებით ნახევარი საათი სანაპიროს გასწვრივ ვიცურეთ და როცა მივხვდი, სიცივისგან ყინულის ლოდივით გავქვავდი, სწორედ მაშინ იკლო სვლამ. მარკო მუხლამდე წყალში სხარტად გადახტა და კატერი ნაპირისკენ გაათრია. ჟანგბადის ბალონი იქვე დატოვა, მხოლოდ ზურგჩანთას დაავლო ხელი, რომელიც მანამდე სიბნელის გამო არც შემიმჩნევია. გადასვლაში დამეხმარა და სანაპიროს სიღრმისკენ გამიძღვა.

იმდენად მციოდა, მეგონა, ტვინი სრულიად გამეყინა. გაუცნობიერებლად მივყვებოდი. ფიქრის უნარი საერთოდ დავკარგე, კანკალს ვერაფრით ვიჩერებდი. შემამჩნია, ჩანთიდან კაპიუშონიანი მოსაცმელი უსიტყვოდ ამოიღო და მომაწოდა. სველ მაისურზე გადაცმას აზრი არ ექნებოდა, ამიტომ მისი წინ ყოფნით ვისარგებლე, სწრაფად გადავიძვრე და მოსაცმელში გავეხვიე. სითბოს შეგრძნება ისეთი სასიამოვნო იყო, ნეტარებისგან ლამის ხმამაღლა დავიკვნესე.

შეუჩერებლად მიდიოდა, მეც ანაზდად მივდევდი უკან. დროდადრო ზღვისკენ ვიყურებოდი, მაგრამ უსასრულო შავი სივრცის გარდა, ვერაფერს ვამჩნევდი. ამან ცოტა დამამშვიდა.

ქვიშიანი სანაპირო სწრაფად დასრულდა. პალმების კორომი დაიწყო თუ არა, ერთერთთან შეჩერდა, ჩამოჯდომა მანიშნა. ზურგჩანთა მთლიანად მიწაზე წამოყარა და ტანსაცმელი გამოარჩია. მივხვდი, უნდა გამოეცვალა და ოდნავ შევბრუნდი. გვერდითმა მხედველობამ მთვარის მკრთალ სინათლეზე მისი ფოლადივით ჩამოსხმული სხეული მაინც შეამჩნია. რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ სხეულში ერთიანად დამიარა და გაურკვეველმა ემოციამ მომიცვა. შევნიშნე, რომ დაჭრილი მკლავიდან ჩამოდენილი სისხლი ნაკადულივით მიუყვებოდა მტევანს. დასახმარებლად წამოვიწიე. წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჭრილობა გამჭოლი აღმოჩნდა და მეც შვებით ამოვისუნთქე, მისთვის ტყვიის ამოღებას ნამდვილად ვერ შევძლებდი. ჩანთიდან წამოვარდნილ კიდევ ერთ მაისურს საკმარისი ნაჭერი ჰორიზონტალურად ჩამოვახიე, წყლით სავსე ბოთლით ნატყვიარი მოვბანე და მკლავი მჭიდროდ გადავუხვიე. უსიტყვოდ მადევნებდა თვალს. თავი რომ ავწიე, მისი მზერა ელვასავით შემომეფეთა.

- რატომ დაბრუნდი?

- დახმარება გჭირდებოდა!.. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა.

- რაღატომ დამტოვე?

- მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი... - თავი დამნაშავესავით დახარა.

- ახლა რას ვაპირებთ?

- ჯერჯერობით უნდა გავქრეთ, შემდეგ კი შენი აქედან უსაფრთხოდ გაყვანის გზა ვიპოვო. - მიწაზე გაშლილი ნივთები კვლავ ზურგჩანთაში ჩაყარა და ფეხზე წამოდგა. პალმის ხეს მოზრდილი ტოტი მოატეხა და ისევ სანაპიროსკენ წასვლა მანიშნა. გაოცეულმა გადავდგი ნაბიჯი, ვერაფრით მივხვდი, უკან რატომ ვბრუნდებოდით. წინ გამიშვა, თავად კი ჩვენ მიერ დატოვებული ნაფეხურების წაშლა პალმის ტოტით დაიწყო. გონება მოულოდნელად გამინათდა, ის ჩვენ გამოვლილ ნაკვალევს შლიდა. კატერის პოვნის შემდეგ მდევარს უნდა ჰგონებოდა, რომ კუნძულის სიღრმეში შევედით.

იმავე გზით დავბრუნდით ნაპირთან და გზა მის გასწვრივ წყალდაწყალ, ფეხით გავაგრძელეთ. თითქმის ორი საათი შეუჩერებლად ვიარეთ. მთელი ამ დროის მანძილზე ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია. მარკო ჰორიზონტს მზერაგასწორებული ლაღად მიაბიჯებდა, მე დედას ადევნებული ხბოსავით უკან მივყვებოდი. საით მივდიოდით ან რა მელოდა, ამაზე ფიქრით თავი აღარ შემიწუხებია, თითქოს უსიტყვოდ მივენდე, ან კი სხვა რა გზა დამრჩენოდა...

მხრებგაშლილი იმდენად ლაღად მიაბიჯებდა, თითქოს წინ საგზაო ნიშნებით გადატვირთული გზატკეცილი ედო. მოჯადოებულივით ვუყურებდი მის მძლავრ მხარბეჭს. ფიზიკური ძალა და ვარჯიშით გამოწრთობილი სხეული აშკარა იყო, სიარულის მანერა და ნაბიჯები იმდენად მოზომილი ჰქონდა, რატომღაც მხოლოდ კრიმინალად ვერ აღვიქვამდი. მოძრაობა წლობით გამომუშავებული, დისციპლინირებული ჯარისკაცის ჰქონდა. მისი ფოლადივით ჩამოსხმული, მოსხლეტილი აღნაგობა, მოკლედ შეჭრილი, კუპრივით შავი თმა, კუშტი გამოხედვა, საფეთქელთან პაწაწინა იარა და ხშირი წარბების ქვემოთ მომზირალი შავი, ნაპერწკლებით სავსე თვალები, ზუსტად ვიცოდი, არცერთ ქალს გულგრილს არ დატოვებდა, განსაკუთრებით ავსტრალიაში, სადაც სტატისტიკურად ასი ათასი ქალით მეტი ცხოვრობს, ვიდრე მამაკაცი. ამ წუთას დარწმუნებული ვიყავი, ვინმეს ერთად რომ დავენახეთ, შურით გული გაუსკდებოდა და ისიც დანამდვილებით ვიცოდი, მარტო არ იქნებოდა. ამას უამრავი ქალი, უბრალოდ, არ დაუშვებდა.

საკუთარ ფიქრებსა და დასკვნებზე სიმწრით გამეცინა. იმ სიტუაციაში, რაშიც ვიმყოფებოდი, ჩემი გამტაცებლის პირად ცხოვრებაზე განსჯით ვიყავი დაკავებული, თითქოს მასზე ფიქრის მეტი სადარდებელი არ მქონდა. ან რატომ აღიქვამდა ჩემი გონება მას ასე რომანტიკულად?! ის ფაქტი იყო, რომ გადამარჩინა, მაგრამ ამას ნამდვილად განსაკუთრებული მიზეზი ექნებოდა, რადგან მან ამ ქმედებით თანამზრახველები გადაიმტერა. ჩემი მუდამ უტყუარი ინტუიცია მკარნახობდა, რომ ეს მხოლოდ ადამიანური დახმარების მომენტი არ იყო და მას უფრო სხვა მიზეზი ჰქონდა. ამას მის მზერაში ვხედავდი. როდესაც პირდაპირ მიყურებდა, თვალებში ისეთი ტკივილი და წყვდიადი უგროვდებოდა, რომ ის ნაპერწკლები, რომლებსაც ასე ასხივებდა, მყისიერად ქრებოდა. მიუხედავად ამისა, მეექვსე გრძნობა მის მიმართ ნდობას მკარნახობდა, საფრთხის მოლოდინი და შიში ერთიანად გაქრა, დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერს დამიშავებდა. რაოდენ უცნაურიც უნდა ყოფილიყო, მე ჩემი გამტაცებლის მიმართ სიმპათიით განვეწყვე...

საკუთარი თავისთვის რაიმე უჩვეულო გამოვლინება არასდროს შემიმჩნევია, ახლა კი სტოკჰოლმის ცნობილი სინდრომი აშკარა იყო... ამან იმდენად დამაფრთხო, რომ არასასიამოვნო ფიქრების მოსაცილებლად თავი ძლიერად გავიქნიე და ჩემდაუნებურად ნაბიჯს ავუჩქარე. მტკიცედ გადავწყვიტე, ეს ბიჭი გონებიდან ამომეგდო და ჩემი აქედან თავის დაღწევის გეგმაზე მეფიქრა.

დასუსტებულსა და გადაღლილს ფეხი ორჯერ დამიცდა, დაუმორჩილებელი სხეული ძლივს შევაკავე, რომ ისევ წყალში არ აღმოვჩენილიყავი და მთელი დარჩენილი ენერგიის დაძაბვით, სიარული გავაგრძელე.

ირგვლივ ისეთი გამაყრუებელი სიჩუმე იდგა, ტალღების სუსტი შრიალი რომ არა, ადამიანი იფიქრებდა, თვით სიჩუმე გამეფებულა კაცობრიობაზეო. ოკეანის თავზე უსაყრდენოდ დაკიდებული მთვარე ბურთივით დამრგვალებულიყო და მოღიმარი თვალებით უკუღმა იყურებოდა. მისი რბილი სინათლე გზას საკმარისად გვინათებდა და იმდენად მისტიკურ გარემოს ქმნიდა, თავი წიგნის ან ფილმის პერსონაჟად წარმოვიდგინე. მშვენიერი სიუჟეტის იდეაც წამში გაჩნდა გონებაში. ნებისმიერი ჟურნალისტი იოცნებებდა ასეთ თავგადასავალზე, რომლის შეთხზვაც კი არ დაჭირდებოდა. ახლა მთავარი იყო, აქედან თავი დამეღწია და მისი დაწერის საშუალება მომცემოდა. სიუჟეტური განვითარება და ეპილოგი საკუთარი ფანტაზიისთვის კიდევ ერთი გამოცდა იქნებოდა.

ამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ფიქრებში გართულს, ფეხი კიდევ ერთხელ დამიცდა და ისე მოწყვეტით დავეცი, გააზრებაც კი ვერ მოვასწარი. სხეულის სიმძიმისგან წყალმა ისეთი შხეფები წარმოქმნა, რომ ჩემ წინ მიმავალი მარკო ზურგიდან ერთიანად დასველდა.

წამოდგომა ჩემით ვცადე, მაგრამ გადაღლილი სხეულის დამორჩილება არცთუ ისე მარტივი გამოდგა. მარკო სწრაფად მოტრიალდა და დასახმარებლად დაიხარა. ორივე ხელი მკლავებში ჩამავლო და ჰაერში ამაფრიალა. როგორც კი ფეხზე გავსწორდი, ხელი მაშინვე შემიშვა და განზე გადგა. ეს იმდენად სწრაფად გააკეთა, თითქოს გავარვარებულ ნივთს შეხებოდა. რომ მიხვდა, მყარად გავიმართე, ასევე ჩუმად შებრუნდა და გზა გააგრძელა.

მივხვდი... ცდილობდა ნაკლებად შემხებოდა და იშვიათად შემოეხედა. ეს აღმოჩენა ჩემთვისაც სასარგებლო იყო. მისგან თავი მეც შორს უნდა დამეჭირა, რადგან საკუთარ თავს ვატყობდი, ეს ბიჭი ანდამატივით მიზიდავდა.

გადაღლილობისგან ფეხს უკვე ანაზდად ვადგამდი, ბარბაცით მივდიოდი. ერთიანად სველი ტანსაცმელი იმდენად დამძიმდა, მეგონა, კოსმონავტის სკაფანდრს მივათრევდი იძულებით. ვხვდებოდი, რომ ძალიან მალე საერთოდ ვეღარ შევძლებდი სიარულს, მაგრამ მდევრის შიში რამდენჯერაც თავს მახსენებდა, იმდენჯერ ვცდილობდი მხნეობა მომეკრიბა, რაც თითქმის აღარ გამომდიოდა. კანკალმა ხელახლა ამიტანა, გაბრუებული მივაბიჯებდი და მარკოს ზურგს, ხარის წინ აფრიალებული წითელი დროშასავით შევჩერებოდი. ასე მეგონა, თვალს თუ მოვაცილებდი, სასწაულით შემორჩენილი ენერგია წამში წყალივით დამეშრიტებოდა.

მას კი თითქოს საერთოდ მივავიწყდი, ვეღარც ჩემს ბარბაცს ამჩნევდა და ვეღარც კანკალს. შეგრძნება არ მტოვებდა, რომ გონებით სხვაგან დაფრინავდა და ირგვლივ მე კი არა, ვეღარაფერს ამჩნევდა.

დაახლოებით ნახევარი საათი კიდევ შევძელი მის მტკიცე ნაბიჯს მივყოლოდი, შემდეგ თანდათან, ჩემდაუნებურად შემინელდა მოძრაობის უნარი და როცა მივხვდი, კვლავ ვეცემოდი, წყლიდან ნაპირისკენ გავაბიჯე. იქვე ქვიშაში ჩავჯექი და ისე ხმადაბლა ჩავილაპარაკე, საკუთარი ხმა ჩემს სმენასაც კი ძლივს მისწვდა.

- მეტი აღარ შემიძლია!.. მეგონა, ვერ გაიგო, მაგრამ შევცდი. მაშინვე შეჩერდა და თვალები ირგვლივ მოატარა.

- კორომამდე მოსვლას შეძლებ?! - კი არ მკითხა, უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა. წამოდგომაში მომეხმარა და პალმების მასივისკენ წამიყვანა. ხეების სიღრმეში მოსახერხებელი ადგილი იპოვა, პალმის ხმელი რტოები მოაგროვა და ცეცხლის ანთებას შეუდგა.

- საშიში არაა? - შეშფოთებული მზერა ოკეანისკენ გამექცა.

- ნუ გეშინია, მენდე... - საკუთარი სპორტული მოსაცმელი გაიძრო და ჩანთასთან ერთად მომაწოდა. - დაისვენე! მე აქვე ვიქნები.

ცეცხლთან მყუდროდ მოვიკალათე, ჩანთა თავქვეშ ამოვიდე და მისი მოსაცმელი მივიფარე. დამძიმებული სხეული გვარიანად მტეხდა, მაგრამ კოცონიდან მომავალმა სითბომ ჰიპნოზივით იმოქმედა. მზერა ალს გავუსწორე თუ არა, ძილმა ხელი ელვის სისწრაფით მტაცა და ჰაერში ღრუბლის ქულასავით ამაფარფატა.

გაგრძელება იქნება

თინა დალაქიშვილი