„ჩვენი უბნის პოლიციის უფროსმა მითხრა, რომ 20-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი დამიცავდა“ - როგორ გამოიყურება დღეს და როგორ ცხოვრობს „მის საქართველო 1994" - Marao

„ჩვენი უბნის პოლიციის უფროსმა მითხრა, რომ 20-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი დამიცავდა“ - როგორ გამოიყურება დღეს და როგორ ცხოვრობს „მის საქართველო 1994"

2023-02-15 11:31:59+04:00


„არასასურველი თაყვანისმცემლის გამო პოლიციაში ახსნა-განმარტებების წერაც მომიწია და ამ ამბებიდან გამომდინარე, ჩვენი უბნის პოლიციის უფროსმა, ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, გვითხრა, რომ 20-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი მზად იყო ჩემ დასაცავად. საჭიროების შემთხვევაში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეგვეძლო ისინი გამოგვეძახა...“ - იხსენებს 1994 წლის „მის საქართველოს“ კონკურსის გამარჯვებული ლედი ხვინგია, რომელიც დღესაც შეუდარებლად გამოიყურება... იგი თავის წარსულსა და დღევანდელობაზე ვრცლად გვესაუბრა...

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე... ოჯახში სამი და ვიზრდებოდით. მშობლები სამივეს ძალიან გვანებივრებდნენ. საკმაოდ დატვირთული, ხალისიანი და საინტერესო ბავშვობა გვქონდა. სამივე დავდიოდით მუსიკაზე, სპორტზე, ცეკვაზე... ქუთაისში, ფაქტობრივად, ღონისძიება არ ყოფილა, რომლის მონაწილეც არ ვიყავი. თუ ვიოლინოზე არ ვუკრავდი, კონცერტის წამყვანი ვიყავი ან ორივე ერთად... თანატოლებთან თამაშიც მიყვარდა, თუმცა ყველაფერს თოჯინებთან თამაში მერჩივნა. კარგი მოსწავლეც ვიყავი, სკოლაში "წარჩინებულთა დაფაზეც" კი იყო ჩემი ფოტო გამოკრული. წიგნის კითხვა მიყვარდა და ყოველთვის ბევრს ვკითხულობდი. დღესაც სულ ვკითხულობ... გატაცებებიდან, ალბათ, მაინც ქარგვას გამოვყოფ. მიყვარს ქარგვა და შემიძლია დავიკვეხნო, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნამუშევარი მაქვს.

- როგორც ლამაზი ბავშვი, პატარაობიდან განებივრებული იყავით?

- ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდანვე სილამაზით ვიქცევდი ყურადღებას. ყოველთვის შრომისმოყვარე ვიყავი და ვცილობდი, ყველგან მაქსიმალურად მომზადებული გამოვჩენილიყავი. ალბათ, ყურადღებას ჩემი სიბეჯითე უფრო იქცევდა, მაგრამ გარეგნული მონაცემებიც არ იყო მეორეხარისხოვანი. იყო შემთხვევა, როცა სკოლაში მასწავლებელმა ჩემი დაჩაგვრა მხოლოდ იმიტომ განიზრახა, რომ ძალიან კარგად მომზადებული ვიყავი. ამ შემთხვევაში, ჩემი საუკეთესო დაცვა დედა გახლდათ, რომელიც შვილის დაჩაგვრის უფლებას არავის აძლევდა. კონკურსებში ჩემი გამარჯვებაც კი, პირველ რიგში, მისი დამსახურებაა. სწორედ ის იყო საუკეთესო მოტივატორი, მხარდამჭერი, პედაგოგი, ყველაზე ობიექტური და კრიტიკული შემფასებელიც!

- როდის დაიწყეთ კონკურსებში მონაწილეობა?

- "მის საქართველომდე" იყო "მის იმერეთი"... ტელევიზიით ვნახე რეკლამა კონკურსის შესახებ და მონაწილეობის სურვილი გამიჩნდა. მაშინ მცირე სამოდელო გამოცდილება მქონდა. დედას გავუმხილე ჩემი სურვილი. მითხრა, - რატომაც არა, ვცადოთ, მაყურებლის სიმპათიას მაინც ხომ მივიღებთო... პირველ მცდელობაზე "ვიცე-მის იმერეთის" ტიტული დავიმსახურე, მაგრამ ამას არ დავჯერდი და 1993 წელს გამართულ კონკურსში ისევ მივიღე მონაწილეობა. გავიმარჯვე და "მის იმერეთი" გავხდი.

- სამოდელო გამოცდილება როგორ შეიძინეთ?

- სამოდელო საქმიანობა საქართველოში სწორედ 90-იან წლებში იკიდებდა ფეხს. ამ საქმეს ქუთაისშიც საკმაოდ კარგად უმკლავდებოდნენ დიზაინერებიც და მოდელებიც. ქუთაისში მოდას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ხომ წაგიკითხავთ, დიუმა რომ წერდა, ქუთაისური მოდა პარიზულს მხოლოდ ორი კვირით ჩამორჩებაო... შესაბამისად, საკმაოდ კარგი, დახვეწილი და ლამაზი მოდის ჩვენებები ტარდებოდა, ძალიან ლამაზი სამოსი იქმნებოდა და ასევე ლამაზად ვცდილობდით წარგვედგინა ეს სამოსი საზოგადოებისათვის... ერთ-ერთმა შემდგომში ცნობილმა დიზაინერმა, რომელიც მაშინ ქუთაისში მუშაობდა, მთელი კოლექცია ჩემზე შექმნა. ჯერჯერობით არ მინდა დავასახელო მისი ვინაობა...

სხვათა შორის, სცენაზე სიარულს, მიხრა-მოხრას დედა მასწავლიდა, რომელიც "ვეტერანი" მოდელია. ამ ჩვენებებზე ჩემთან ერთად ჩემი უმცროსი დაც გამოდიოდა.

- „მის საქართველოს“ კონკურსზე გვიამბეთ...

- "მის იმერეთის" კონკურსზე გამარჯვება უკვე წინაპირობა იყო იმისა, რომ "მის საქართველოს" მონაწილე ვყოფილიყავი... ქუთაისის კონკურსის ორგანიზატორებმა თბილისში გააკეთეს განაცხადი და მეც, როგორც უკვე რეგიონულ კონკურსში გამარჯვებულს, შიდა შესარჩევი ტურების გავლა აღარ მიწევდა. რომ ჩამოვედით, კონკურსამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. რეპეტიციები მუშტაიდის ბაღში ტარდებოდა.

იქ კონკურსანტებს სამეჯლისო ცეკვებს ასწავლიდნენ, რადგან სცენარის მიხედვით, ვალსი უნდა ეცეკვათ. მახსოვს, თენგიზ გაჩეჩილაძემ პირველმა გააპროტესტა ჩემი გამოჩენა, - რამდენიმე დღეში ვალსის ცეკვას როგორ ვასწავლიო. გამიკვირდა, რადგან სულ რამდენიმე წუთი მჭირდებოდა, რათა ვალსის ძირითადი ილეთები გამეხსენებინა, მე ხომ ბავშვობაში სამეჯლისო ცეკვებზე დავდიოდი და რეგიონულ კონკურსებშიც ვმონაწილეობდი.

როდესაც რეპეტიციაზე მეწყვილესთან დავდექი და ვარჯიში დავიწყეთ, ბატონმა თენგიზმა მაშინვე შენიშნა, რომ „საკითხში ვერკვეოდი“... მან თავისთან მიხმო და აღმოჩნდა, რომ ჩემი პედაგოგი თავის დროზე ბატონი თენგიზის მოსწავლე იყო.

წაიკითხეთ სრულად