„შემეძლო კოლეჯში ფრენბურთი მეთამაშა და მწვრთნელი ვყოფილიყავი. მექნებოდა ოჯახის ღრმა სიყვარული და სწავლის სურვილი.“
ჯელენა ნურა ჰადიდი 1995 წლის 23 აპრილს ლოს-ანჯელესში დაიბადა და ახლომდებარე სანტა ბარბარაში იზრდებოდა. მისი პირველი გატაცება ცხენოსნობა გახდა. მოდელობა კი სისხლში ჰქონდა: დედამისი, ბევერლი ჰილზის Real Housewives-ის ყოფილი ვარსკვლავი, იოლანდა ჰადიდი, თავად ცნობილი ჰოლანდიელი მოდელი იყო. მამა კი პალესტინელი უძრავი ქონების დეველოპერი მოჰამედ ჰადიდია. სამოდელო კარიერა 2 წლის ასაკში დაიწყო, მას შემდეგ, რაც Guess-ის თანადამფუძნებელმა და ოჯახის მეგობარმა პოლ მარჩიანომ აღმოაჩინა.

Baby Guess-ისთვის, Guess Kids-ისთვის და ბოლოს Guess-ისთვის მუშაობის შემდეგ, ჰადიდმა მოდელობას თავი დაანება, რათა ყურადღება ცხენოსნობისთვისა და საკლუბო ფრენბურთისთვის დაეთმო. მალე იგი მალიბუს საშუალო სკოლის ფრენბურთის გუნდის კაპიტანი გახდა და ფრენბურთისთვის უმცროსი ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი წავიდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ფსიქოლოგიის შესასწავლად ნიუ-იორკში წავიდა. იმავე წელს ხელი მოაწერა პირველ პროფესიულ კონტრაქტს IMG Models-თან, მაგრამ სამოდელო კარიერასა და უნივერსიტეტს ერთმანეთს ვერ უთავსებდა, რის გამოც სწავლას თავი დაანება.

ჰადის უმცროსი და ბელა და ძმა ანვარი ჰყავს. უფროსი დის მსგავსად ორივე წარმატებული მოდელია. ბელა და ჯიჯი ერთად გამოდიოდნენ Victoria's Secret-ის ჩვენებაზე, მონაწილეობდნენ Fendi-სა და Moschino-ს 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიებში და, ამავე წელს, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაშიც მოხვდნენ.

2016 წელს ის Tommy Hilfiger-ის გლობალური ბრენდის ელჩი გახდა. იმავე წელს დაიწყო ისეთ დიზაინერებთან მუშაობდა, როგორებიც არიან: Versace, Chanel, Elie Saab, Fendi, Marc Jacobs, Anna Sui, Miu Miu, Balmain და Diane Von Furstenberg.
2018 წელს ჯიჯი ტროლების მსხვერპლი გახდა. ისინი მის ფიგურას დასცინოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და პოდიუმისთვის ზედმეტად დიდს ეძახდნენ. ჯიჯიმ მათ პასუხი ტვიტერის საშუალებით გასცა, და განმარტა, რომ მისი წონაში მატების მთავარი მიზეზი ჰაშიმოტოს დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური აშლილობა იყო, რომელიც მოდელს 17 წლის ასაკში დაუდგინდა. ჰადიდმა დაამატა, რომ მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებს იღებს და ჰოლისტური სამედიცინო კვლევის ნაწილია, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის დონის დაბალანსებაში ეხმარება.

მისი პოპულარობიდან გამომდინარე, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო ჯიჯის პირადი ცხოვრება. 2015 წლიდან ჯიჯის ურთიერთობა ბრიტანელ მომღერალთან და One Direction-ის ყოფილ წევრთან, ზეინ მალიკთან ჰქონდა. 2020 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდებოდა. მათი ქალიშვილი ამავე წლის სექტემბერში დაიბადა.
