მსახიობ ბრიუს უილისს ფრონტტემპორალური დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ მისმა ოჯახმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა.
„ჩვენს ოჯახს სურს უღრმესი მადლიერება გამოხატოს იმ სიყვარულისთვის, მხარდაჭერისთვის და თბილი სიტყვებისთვის, რასაც ბრიუსის დიაგნოზის გაგების შემდეგ ვიღებდით. გვინდა მოგაწოდოთ სიახლე ჩვენი საყვარელი ქმრის, მამისა და მეგობრის შესახებ, რადგან ახლა უფრო ღრმად გვაქვს გააზრებული ყველაფერი, რასაც ის განიცდის.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის გაზაფხულზე ბრიუსს აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს, მისი მდგომარეობა პროგრესირებდა. ახლა კი უფრო სპეციფიკური დიაგნოზი გვაქვს: ფრონტტემპორალური დემენცია (ცნობილი, როგორც FTD). სამწუხაროდ, კომუნიკაციასთან, მეტყველებასთან პრობლემები ამ დაავადების ბევრი სიმპტომიდან მხოლოდ ერთ-ერთია. საკმაოდ მტკივნეული ახალი ამბავია, მაგრამ ზუსტი დიაგნოზის გაგება შვებაა." - ნათქვამია განცხადებაში.
დემენცია ზოგადი ტერმინია და აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც პიროვნებას აქვს მსჯელობის და მეხსიერების პრობლემები. მისი სიმპტომები, ძირითადად, ნელ-ნელა ვითარდება. ამ დაავადებას ბევრი განსხვავებული სახე აქვს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
ალცჰაიმერის დაავადება - ამ დროს ხდება ტვინის უჯრედების ნელი სიკვდილი დროთა განმავლობაში.
სისხლძარღვოვანი დემენცია - ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ტვინის გარკვეული ნაწილი სისხლით ადეკვატურად არ მარაგდება. ეს შეიძლება მოხდეს, როდესაც ტვინის სისხლძარღვი დაიცობა თრომბით (ინსულტი) ან სისხლძარღვები ვიწროვდება ასაკობრივი ცვლილებების ან მაღალი არტერიული წნევის გამო. დემენციის ეს ტიპი მეტად დამახასიათებელია ადამიანებისათვის, რომლებსაც ჰქონდათ ინსულტი ან აქვთ ინსულტის განვითარების მაღალი რისკი.
დემენცია პარკინსონის დაავადებისას - პარკინსონი თავის ტვინის დაავადებაა, რომელიც ძირითადად მოძრაობას აზიანებს, ჩნდება დაჭიმულობა, ტრემორი, მოძრაობის შენელება. ზოგჯერ ამ დაავადების პროგრესირებისას ვითარდება დემენცია.