ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლევანი, როგორც წესი, თეატრის კულისებიდან, მანანა კი - სცენიდან ხშირად ხვდება თეატრში მისულ მაყურებელს და მათ დაუვიწყარ ემოციებს ჩუქნის.
ლევან წულაძემ და მანანა კოზაკოვამ ერთმანეთი სწორედ თეატრში გაიცნეს, სადაც მანანა სტუდენტის, ლევანი კი პედაგოგის სტატუსით თითქმის ყოველდღე დადიოდა:
"თეატრალურში მე უკვე პედაგოგი ვიყავი და მანანა იყო შესანიშნავი, მზეთუნახავი სტუდენტი, ოღონდ ჩემი არა. ერთ მშვენიერ დღეს გოგი მარგველაშვილმა მითხრა, მშვენიერი გოგოა, მოიყვანე ცოლად, სად იყურებიო. ისე მოხდა, რომ მივესალმეთ ერთმანეთს და რამდენიმე დღეში დასალევადაც წავედით მეგობრებთან ერთად. სამ დღეში გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. სადღეგრძელოს ვამბობდი ოჯახის შესახებ. უცებ ყველა მოვიდა და გადამკოცნეს. ყველა კარგ ხასიათზე დადგა და ვიფიქრე, სანამ არ გადაუფიქრებია ამ კარგ გოგოს-მეთქი, ნახევრად ხუმრობაში, მეორე დღეს ვიყავით უკვე ცოლ-ქმარი. თავქარიანად მოვიქეცი, მაგრამ მანანაც თავქარიანად მოიქცა", - იხსენებს ლევან წულაძე.

ამჯერად მათ საკუთარი თანაცხოვრების შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში ისაუბრეს:
„შეგრძნება მაქვს, რომ ამ ცხოვრებას ერთად გავდივართ. ეს არ ნიშნავს, რომ ტკბილად და ბედნიერად გავიარეთ ცხოვრება.. ბუნებრივია, ერთმანეთს ვგრეხდით..
დიდხანს გადაკეთება-გადმოკეთებით ხარ დაკავებული მანამ, სანამ გაერკვევი, ვისთან ხარ... შემდეგ, როდესაც ეს დალაგდება, შესანიშნავია... უცებ ხვდები, რომ სიყვარული სულ სხვა რამ ყოფილა... სიყვარულია, როდესაც მეორის გადაკეთება არ გინდა. როდესაც ადამიანს მიიღებ ზუსტად ისეთს, როგორიც არის, უამრავი შეცდომით და შეცდომაც ადამიანის ღირსებაა, მისი ინდივიდუალურობის ნიშანია, მერე უკვე იწყება რაღაც სხვა.
უფრო თბილი... ფიქრობ, როგორ გამიმართლა. იმედი მაქვს, რომ ისიც ამას ფიქრობს... ნუ, უნდა შეეცადო, რომ შენმა მეორე ნახევარმაც ასე იფიქროს“, - ამბობს ლევან წულაძე.