„მამა მჭირდება, დედა მჭირდება, ვიღაც მჭირდება, ვისთანაც ცრემლს დავღვრი... ღმერთს ვესაუბრები, თუმცა ცა ცარიელია...” - სილვია პლათის ტრაგიკული ცხოვრების გზა - Marao

„მამა მჭირდება, დედა მჭირდება, ვიღაც მჭირდება, ვისთანაც ცრემლს დავღვრი... ღმერთს ვესაუბრები, თუმცა ცა ცარიელია...” - სილვია პლათის ტრაგიკული ცხოვრების გზა

2023-02-17 13:11:43+04:00

„რაც ყველაზე მეტად მაშინებს, არის აზრი, რომ შეიძლება უსარგებლო ვიყო: განათლებული და ბრწყინვალედ პერსპექტიული შუა საუკუნეების ქალად გადავიქცევი.“ - სინამდვილეში „ბრწყინვალედ პერსპექტიულზე“ ბევრად მეტი იყო, მაგრამ ხანმოკლე და ტრაგიკულმა ცხოვრებამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის შანსი არ მისცა. რამ აიძულა ახალგაზრდა პოეტი, ასე ღრმად გადმოეცა პირადი ტკივილი, რა იმალება მისი შემოქმედების მიღმა? და მაინც, ნაადრევი გარდაცვალების მიუხედავად, სილვია პლათი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად ითვლება.

სილვია პლათი 1932 წელს, მასაჩუსეტსის ქალაქ ბოსტონში დაიბადა. მწერლის ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა და 1950 წელს სმიტის კოლეჯში ჩარიცხვის შემდეგ მაღალკვალიფიციური სტუდენტი გახდა. წარმატებების მიუხედავად, ადრეული ასაკიდან მძიმე დეპრესია ტანჯავდა და 1953 წელს თვითმკვლელობის პირველი მცდელობა ჰქონდა. მოგვიანებით პოეტი ამ მცდელობაზე წერდა: „ნეტარებით ვიძირებოდი წყვდიადის მორევში, რითაც, ჩემი რწმენით, სამუდამო დავიწყებას ვეძლეოდი.“

თვითმკვლელობის მცდელობას ფსიქოლოგიური მკურნალობის კურსი და სასწავლებლად ლონდონში გადასვლა მოჰყვა. სწორედ აქ გაიცნო იორკშირში დაბადებული პოეტი ტედ ჰიუზი და მალე ცოლად გაჰყვა.

1960 წლის აპრილში წყვილს ქალიშვილი, ფრიდა შეეძინა. ამავე წლის ოქტომბერში აშშ-ში მისი პირველი პოეზიის კრებული, კოლოსი და სხვა ლექსები გამოიცა. ეს ერთადერთი კრებული გახდა, რომელიც პლათის სიცოცხლეში გამოქვეყნდა, მაგრამ როგორც საზოგადოებას სჩვევია, მისი, როგორც პოეტის აღიარება, მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოხდა.

ვაჟის, ნიკოლასის დაბადებს შემდეგ, ოჯახი საცხოვრებლად სოფლად, დევონში გადავიდა, ლონდონის ბინა კი სხვა წყვილს, ასიასა და დევიდ ვევილებს დაუთმეს. სილვიამ მალე აღმოაჩინა, რომ ასიასა და ტედს რომანი ჰქონდათ. ამიტომ ქმარს გაშორდა და შვილებთან ერთად ლონდონში დაბრუნდა.

პლათმა თავის მეგობარსა და ოჯახის ექიმს, ჯონ ჰორდერს, გაუმხილა, რომ დეპრესია და უძილობა ტანჯავდა. ჰორდერმა მას ანტიდეპრესანტები გამოუწერა და საავადმყოფოში წასვლა შესთავაზა, მაგრამ პლათი უარზე იყო და სახლში დარჩენა მოითხოვა.

1963 წლის 11 თებერვალს, გამთენიისას, 30 წლის სილვია პლათმა სამზარეულოს კარის ღრიჭოები, რომლის მიღმა ოთახშიც შვილებს ეძინათ, საგულდაგულოდ დაგმანა და თავი გაზით გაიგუდა.

„მამა მჭირდება. დედა მჭირდება. ვიღაც ჩემზე უფროსი და ჭკვიანი მჭირდება, ვისთანაც ცრემლს დავღვრი. ღმერთს ვესაუბრები, თუმცა ცა ცარიელია...“