პატარა სოფელ ტურვილში, ლონდონიდან არც თუ ისე შორს, იმ ადგილას, სადაც „მალეფისენტი“ და „მისის მარპლი“ გადაიღეს, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ნამდვილი მძინარე მზეთუნახავი ცხოვრობდა. მას ელენ სედლერი ერქვა, მაგრამ ზღაპრებისგან განსხვავებით, გოგონა ღრმა ძილში არა ბოროტმა ჯადოქარმა, არამედ იდუმალმა დაავადებამ ჩააგდო.
ბავშვი ადგილობრივი ფერმერების ოჯახში მეათე შვილი იყო: მრავალშვილიან მშობლებს ბავშვების გამოკვება უჭირდათ, ამიტომ ელენი თავის და-ძმებთან ერთად პატარა ასაკიდანვე მუშაობდა. გოგონა შესანიშნავი ძიძა აღმოჩნდა. მონდომებული და მშვიდი ელენი მეზობელ სოფელში ბავშვებზე ზრუნავდა.
არ უყვარდა ხმაურიანი თამაშები, თითქმის არ ურთიერთობდა თანატოლებთან, მაგრამ კარგად უვლიდა ბავშვებს. პატარა „მერი პოპინსი“ ოჯახს ფინანსურად მანამ ეხმარებოდა, სანამ მის თავს რაღაც უცნაური არ მოხდებოდა.
ელენს თავის ტკივილები აწუხებდა, დაღლილობას გრძნობდა და მუდმივად ეძინებოდა. ასეთი ძიძა ძნელად თუ გაართმევდა თავს ბავშვების მოვლას, ამიტომ ოჯახმა გოგონა გაათავისუფლა. ავადმყოფი ბავშვის ექიმებთან მიყვანა მშობლებმა ვერ შეძლეს, გოგონას მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდებოდა. მას მხოლოდ დაძინება სურდა! თავის ტკივილები გაძლიერდა. ერთ დღეს სედლერს ექიმი ეწვია. მისი ვარაუდით ბავშვს ტვინის სიმსივნე ჰქონდა. ელენს ჩვენს დროში რომ ეცხოვრა, მაგნიტურ ტომოგრაფიას, ოპერაციას და მკურნალობას დაუნიშნავდნენ, მაგრამ ორასი წლის წინ ექიმმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა და გოგონას მეტი დასვენება ურჩია.
ექიმთან ვიზიტის შემდეგ ელენს ეპილეფსიის მსგავსი რამდენიმე შეტევა ჰქონდა, რამაც კიდევ უფრო დაასუსტა. ერთ საღამოს კი თავის ტკივილით შეწუხებული მშობლებს გამოემშვიდობა და დასაძინებლად წავიდა. მაშინ არავინ იცოდა, რომ გოგონა თითქმის ათი წელი აღარ გაიღვიძებდა.
როცა რამდენიმე დღის შემდეგაც არ გაიღვიძა, მშობლებმა იფიქრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. მაგრამ ის სუნთქავდა! ქალიშვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად დედა პატარა კოვზით აწვდიდა წვნიანს. გადიოდა დღეები, კვირები და ელენი მაინც არ იღვიძებდა.
ჭორები მძინარე მზეთუნახავის შესახებ სწრაფად გავრცელდა. მალე სედლერების სახლი ტურისტულ სანახაობად იქცა. ყველას სურდა საკუთარი თვალით ენახა სიზმარში მცხოვრები გოგონა. მშობლები მიხვდნენ, რომ ქალიშვილის ავადმყოფობა მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კარგი ვარიანტი იქნებოდა. რამდენიმე მონეტა და სტუმარი ელენის ნახვას შეძლებდა. ელენმა ტურვილი ტურისტულ ადგილად აქცია.
ბევრს ეჭვი ეპარებოდა ამ ამბის სისწორეში. ექიმები და სპეციალისტები გოგონას გასინჯვის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ მისი გაღვიძება შეუძლებელი იყო. მას ხელები და ფეხები გაყინული ჰქონდა, მაგრამ სუნთქვა თანაბარი იყო, გამომეტყველება კი მშვიდი. ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიებაც კი დაიწყო "თაღლითობის" მუხლით, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს.
გადიოდა წლები და ელენიც იზრდებოდა. შესაძლოა ოჯახს ნაკლებად აინტერესებდა მისი მდგომარეობა, მაგრამ ტურისტების ნაკადი გრძელდებოდა. მათ “მძინარე მზეთუნახავის“ ნახვა სურდათ, ამიტომ მშობლები გოგონას თმას ყოველდღე ვარცხნიდნენ და ტანსაცმელს უცვლიდნენ.
რამდენიმე წლის შემდეგ დედა გარდაიცვალა, ამ დროს ელენი უკვე ოცი წლის იყო. ახლა მასზე უფროს დას უნდა ეზრუნა, მაგრამ ეს საჭირო აღარ გახდა. დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში გოგონამ თვალები გაახილა.
ახლა ჟურნალისტებს სურდათ მასთან საუბარი, უნდოდათ გაეგოთ, რაზე ოცნებობდა. ელენი კი გაურკვევლობაში იყო: არ ესმოდა, როგორ ეცხოვრა, როგორ შესჩვეოდა ახალ სხეულს, ახალ საკუთარ თავს.
გაღვიძებიდან ორი წლის შემდეგ, ელენი ფერმერს შეხვდა მეზობელი სოფლიდან. შეყვარებულები დაქორწინდნენ და ექვსი შვილის მშობლები გახდნენ. ამ ზღაპრულ ისტორიას ბედნიერი დასასრული ჰქონდა, მაგრამ ელენეს ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა.
1901 წელს, როცა სედლერი ორმოცდაორი წლის იყო, ისევ დაიძინა... ახლა სამუდამოდ. ვერავინ გაიგო, რა იყო მისი სიკვდილის მიზეზი. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ სიმსივნე, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში გაყინული იყო, დაბრუნდა.
კოტეჯი, სადაც სედლერების ოჯახი ცხოვრობდა, ჯერ კიდევ ხელუხლებელია ტურვილში, მას "მძინარე სახლს" უწოდებენ. ჯერ არავინ იცის რა დაემართა ელენს. როგორც ყველა ამოუხსნელი საიდუმლო, ესეც კვლავ იზიდავს ცნობისმოყვარე გონებას. ასე იბადება ახალი ვერსიები: ბევრს მიაჩნია, რომ გოგონას წლების განმავლობაში ნარკოტიკული წამლებით აბრუებდნენ. ამაში კი მხოლოდ ელენის დედას ადანაშაულებენ, რადგან გოგონამ გაღვიძება მხოლოდ დედის გარდაცვალების შემდეგ შეძლო.
მომხდარის კიდევ ერთი ვერსია არის ნარკოლეფსია. ეს დაავადება საკმაოდ ხშირია, თუმცა, როგორც წესი, ძილიანობა ამდენ ხანს არ გრძელდება. ნარკოლეფსიის დროს ადამიანი ორექსინისა და ჰიპოკრეტინის ნაკლებობას განიცდის, ეს ნივთიერებები კი ორგანიზმს გამოფხიზლებაში ეხმარება.