ნინო და თაკო გაჩეჩილაძეებს საზოგადოება კარგად იცნობს. თაკოს წარმატებული მუსიკალური კარიერა აქვს, ნინო კი ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს, კატოს, არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. მსახიობს ბევრი ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს.
ცოტა ხნის წინ კი დებმა ნინია ზვიადაძის რუბრიკაში ”სტუმრად ყავაზე“ ბავშვობაზე ისაუბრეს და სახალისო ისტორიებიც გაიხსენეს.
როგორც ნინო საუბრობს, ბავშვობაში ძალიან ცელქი იყო და თაკოს ხანდახან ჩაგრავდა.
„თაკო ახლა შედარებით უფრო თამამია, ვიდრე ბავშვობაში. ადრე ძალიან მორცხვი და დამთმობი იყო. ეშინოდა, რომ ვინმეს, მაგალითად მე, არ დაეჩაგრა, რადგან ვჩაგრავდი ხოლმე. პირველი შვილი ვარ და ალბათ უფრო მეტად ეგოისტი და გათამამებული ვიყავი. ალქაჯობაც მეხერხებოდა, სკოლაში ბიჭებს ვჩაგრავდი და ბავშვობიდან მებრძოლი ხასიათი მქონდა.“
სახალისო ისტორია გაიხსენა თაკო გაჩეჩილაძემაც:
„მთელი ჩვენი ბავშვობა ბორჯომს და კომპოზიტორთა სახლს უკავშირდება, სადაც ყოველ ზაფხულს ვისვენებდით. მახსოვს კიბეები იყო ჩამოსასვლელი. ნინოს ყოველთვის უნდოდა ბალერინობა. ერთხელაც ჩამოვდივართ კიბეებზე და ამბობს, ბალეტის ილეთით უნდა ჩავსრიალდეო და წავიდა. მე კიბეებს წამოვედე და დავგორდი. დავეცი ძირს და დავარტყი ცხვირი. მითხრა, რომ რაღაც უცნაური მიმიკა გამეკეთებინა და კეხი არ მექნებოდა. მთელი კინოს მანძილზე მართლაც ასე ვიჯექი”- ამბობს თაკო.
