თორნიკე შენგელია 1991 წლის 5 ოქტომბერს დაიბადა. მამამისი კახა შენგელია ასევე კალათბურთელი იყო და 1990-იან წლებში საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა - „მამაჩემი კალათბურთელი იყო, ჩემი იდეალი. მისი თამაშების ყურებით ვისწავლე და შემიყვარდა კალათბურთი. ავიღე მისგან ხასიათი და მენტალიტეტი. ყოველთვის ძლიერად, ენერგიულად თამაშობდა. მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდა.“
თორნიკე 2008 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრია. 2012 წლის 28 ივნისს არჩეულ იქნა 54-ე ნომრად "ფილადელფია სიქსერსის" მიერ; მოგვიანებით კი "ფილადელფიამ" "ბრუკლინ ნეთსს" სხვა კალათბურთელში გაუცვალა. 2014 წლის 21 ივნისს შეუერთდა "ბასკონიას", რომელთან ერთადაც ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა.
თორნიკე შენგელია 22 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი მეუღლე კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილი სალომე ჯუღელია. წყვილმა ერთმანეთი სწორედ ზაზა ფაჩულიას და თიკა ალავიძის ბავშვის ნათლობაში გაიცნო. სალომე მოდელი იყო, თუმცა დაოჯახების შემდეგ პროფესიულ საქმიანობაზე უარი თქვა და დროს მთლიანად ბავშვების აღზრდას უთმობს: "ჩემი მეუღლე, სალომე ჯუღელი, მეგობრის დღესასწაულზე გავიცანი. გაცნობის მერე მიმოწერა მქონდა. იგი მოდელი იყო, პარიზში მიდიოდა, მე კი ბელგიაში მივემგზავრებოდი სათამაშოდ. ვაგრძელებდით მიმოწერას "ფეისბუქით". ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, ქალებს კი ბევრი მოვლა უყვართ, სიამოვნებთ, რომ ელაპარაკები. ამიტომ ჩვენი საქმე წინ ნელა მიდიოდა" - იხსენებდა თორნიკე.
"თორნიკე ძალიან ყურადღებიანია, ფანტასტიკური მამაა. ბავშვები გიჟდებიან, ისე უყვართ. როგორც მეუღლე, თბილია და მხიარული. მოედანზე რომ ჩანს, ისეთი სერიოზული არ არის" - ამბობს თორნიკეს მეუღლე.