პროფესორის მკვლელობა - თავი 1 - Marao

პროფესორის მკვლელობა - თავი 1

2023-03-02 11:19:26+04:00


ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. დილის 5 საათზე ზარი კარგს არაფერს ნიშნავდა. ელენემ ჯერ საათს დახედა და მერე წელზე შემოხვეულ ტორს. ნაჩქარევად დასწვდა ტანსაცმელს, ტანზე მოირგო და თბილ ქურთუკს დაავლო ხელი. შეტყობინებით მისამართი მიიღო. „ქალაქის ძველი უბანი, ძველებური ხის სახლებით. როცა გამომძიებელს ასეთ მისამართს მაძლევენ, კარგის მოლოდინი არ უნდა მქონდეს“ - გაიფიქრა ქალმა. ცხვირი ქურთუკში ჩარგო და მანქანა დაძრა.

საპატრულო პოლიციას უკვე მოესწრო ლენტის გაჭიმვა და კანტიკუნტად შეკრებილი ხალხის ცნობისმოყვარეობისგან ხის სახლის და ეზოს იზოლირება.

- სახლში გვამია, - გაეჭიმა ერთ-ერთი პოლიციელი, ალბათ, 25-26 წლის ახალბედა პატრული. ელენემ გვარს დახედა, - გაბადაძე - ამოიკითხა და ზრდილობიანად თავი დაუქნია. თითქოს კიდევ სხვა რამის გამოც უხმობენ ასე უთენია გამომძიებელს. გაბადაძე ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ქალს.

- გარდაცვლილი 65 წლის დავით ჩხაიძე, მათემატიკის პროფესორი, მეზობლების თქმით, ერთი წიგნებში ჩამძვრალი წყნარი კაცი, მარტო ცხოვრობდა. შვილი, ირაკლი ჩხაიძე, გერმანიაში ცხოვრობს. რას საქმიანობს,   ჯერ უცნობია. გვამი მეზობელმა,   ივანე მაჩაბელმა აღმოაჩინა ღამის 3 საათზე და საპატრულოში დარეკა.

ელენე უსმენდა და თან ეზოს ათვალიერებდა. პატარა, სუფთა, ყვავილებიანი ეზო ნამდვილად არ შეეფერებოდა ამ უბანს. სახლიდან პროკურორი ნიკო გელაძე გამოვიდა და პირდაპირ ელენესკენ დაიძრა. ელენეს ნიკო გულზე დიდად არ ეხატებოდა. მისივე ასაკის ეს ახალგაზრდა პირდაპირ პროკურორის თანამდებობაზე მოვიდა ამერიკის რომელიღაც უნივერსიტეტიდან, მაგრამ საქმეს კარგად ართმევდა თავს. ისე ერკვეოდა დეტალებში, აშკარად კარგად ჰქონდა ათვისებული თეორიულიც და პრაქტიკული ცოდნაც. ამიტომ მასთან მუშაობა ადვილი იყო. მასზე გამოცდილ გამომძიებლებს თავისუფლებას აძლევდა, მათგან სწავლობდა და მისი მხარდაჭერის იმედიც ყოველთვის ჰქონდათ. ბევრი ჭორი დადიოდა ახალგაზრდა პროკურორზე. მოკლედ შეჭრილი, აჩეჩილი თმა მის მაღალ ყელს და სახეს უფრო მეტად უსვამდა ხაზს. თხელი სათვალე ცისფერ თვალებს უფრო მკვეთრს აჩენდა. დერეფანში ჩავლილ შარვალ-კოსტიუმიან პროკურორს ბევრი ქალბატონი აციმციმებული თვალებით მიაჩერდებოდა ხოლმე.

ელენეს ახლა ნამდვილად გაუხარდა ნიკოს დანახვა. მოკლული მოხუცი პროფესორი არც ისე კარგი პერსპექტივა იყო. ამას ნარკორეალიზატორების მთელი ჯგუფის ჩახოცვა ჯობდა, კრიმინალურ გარჩევებზე ხომ აღარაფერს ამბობდა. ვის რაში სჭირდებოდა მოხუცი პროფესორი, ფული მას არ ექნებოდა და ძვირფასეულობა. წიგნებისთვის კი არავინ მოკლავდა ამ დროში.

- ელენე, პირადად მე გამოგიძახე, ბოდიში,  ამ დროს რომ მომიხდა შენი გაღვიძება, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო. თითქოს რაღაც განსხვავებულია. ვიცი, წინასწარ არ უნდა შევაფასო, მაგრამ ასე მგონია,  - მეგობრულად მიმართა ნიკომ ელენეს და სახლისკენ გაუძღვა. - მოხუცი პროფესორი იყო, სკამზეა მიბმული და წამების ნიშნებიც აქვს. დამხრჩვალია. ექსპერტები მუშაობენ, ცოტა ხანში ზუსტად გვეტყვიან. სახლიდან თითქოს არაფერი უნდა იყოს წაღებული, ან რაა წასაღები, წიგნები აწყვია ყველგან. არ ეტყობა, რამე ძვირფასი ჰქონოდა. ერთი აზრი მაქვს: მუშაობას რომ დაიწყებ ამ საქმეზე, ბუკინისტებშიც გაიკითხე, რამე ძვირფასი გამოცემა ხომ არ ჰქონდა ბატონ დავითს და მაგას შეეწირა... პროკურორმა პაუზა გააკეთა. - აგერ, ბატონი ივანე მეზობელია, გვამი მან აღმოაჩინა... ნიკომ კუთხეში მიყუჟულ მოხუცს გაუღიმა და ელენეს გაშორდა.

მიცვალებული წიგნებით გადავსებული ოთახის შუაგულში სკამზე იყო მიბმული. წებოვანი ლენტით ხელები კარგად დაემაგრებინათ, წელზეც რამდენჯერმე შემოეხვიათ. გახეთქილ ტუჩთან სისხლიც შეხმობოდა. ყელზე წითელი კვალი აშკარად ეტყობოდა. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ მოხუცი პროფესორი დამხრჩვალი იყო. სახლი თავდაყირა დაეყენებინათ, რაღაცას გამალებით ეძებდა მკვლელი.

გამომძიებელმა კიდევ ერთხელ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ახალგაზრდა ექსპერტს სურათების გადაღება დაემთავრებინა და ახლა გარდაცვლილს ექსპერტიზის ბიუროში გადასაყვანად ამზადებდა.

ელენემ ივანე მაჩაბელი შეათვალიერა. მოხუცებულს თვალებიდან ცრემლები სცვიოდა. გამომძიებლის მზერაზე თვალები შეიმშრალა და უკითხავად დაიწყო: მეზობლები ვართ ორმოც წელზე მეტია. დათო წყნარი კაცია, პროფესორია, უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, მათემატიკოსია. ცოლის სიკვდილის შემდეგ მარტო გაზარდა ირაკლი, გზაზე დააყენა. ახლა გერმანიაში ცხოვრობს. ხან ის ჩამოდის, ხან ეს მიჰყავს თავისთან. მთელი ცხოვრება ან წიგნებს უჯდა ან ვარჯიშობდა, ან თევზაობდა. მეტი ამან არაფერი იცოდა. - კაცმა ამოიოხრა და თვალები მოიწმინდა.

- ბატონო ივანე, როდის ნახეთ გარდაცვლილი? რამე ხომ არ შეგიმჩნევიათ ამ ბოლოს, ვინმე ხომ არ აკითხავდა ან სადმე დადიოდა? - ჰკითხა ელენემ და ფეხი მოინაცვლა.

- გუშინწინ საღამოს ველაპარაკე, ეზოში ყვავილებს ვსხლავდით ერთად. მერე წავედი. არაფერი უთქვამს განსაკუთრებული. გუშინ სახლში არ ვიყავი, წუხელ საღამოს მოვედი. შუქი ენთო. ღამე გამეღვიძა და შუქი კიდევ რომ დავინახე, ვიფიქრე, გავალ,  ამ კაცს რამე ხომ არ უჭირს-მეთქი. მოვედი, კარები ღია იყო და ასე დამხვდა ყველაფერი. მერე პატრულში დავრეკე.

- შვილთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა? რას საქმიანობს ირაკლი?

- ძალიან კარგი მამა-შვილი იყო. ირაკლის ცოლ-შვილი არ ჰყავს და ერთი ამაზე ჩხუბობდნენ სულ. ვერ მოესწრო შვილიშვილებს ეს საცოდავი.

გამომძიებელმა იგრძნო, როგორ უჭირდა მოხუცებულს საუბარი და არჩია, მოგვიანებით გაეგრძელებინა. სასწრაფოდ უნდა გაეგო,  რას საქმიანობდა ირაკლი გერმანიაში, მასთან ხომ არ იყო დაკავშირებული მამამისის მკვლელობა. რაც შეიძლება ჩქარა უნდა მიეწვდინა ხმა მისთვის, სანამ სხვისგან გაიგებდა და „აზრზე მოსვლას“ მოასწრებდა.

ელენემ კიდევ ერთხელ დაათვალიერა სახლი. არც ჩამტვრეული ფანჯარა, არც  შეტეხილი კარი. სავარაუდოდ,  მკვლელს ან თვითონ გაუღო კარები, ან სათადარიგო გასაღები გამოიყენეს. ექსპერტები მუშაობას ასრულებდნენ და მიცვალებული საკაცეზე დასვენებული გამოჰყავდათ. ელენემაც დატოვა სახლი, პატრული გაბადაძის ნომერი ჩაინიშნა და მანქანაში ჩაჯდა. დილამდე იქნებ ცოტა რამის გარკვევა მოესწრო, სანამ ჩხაიძის შვილს დაუკავშირდებოდა და დიდი ალიაქოთი დაიწყებოდა. არადა, როგორ ვერ იტანდა ასეთ საქმეებს, აერჩია სხვა პროფესია, რაღა მაინცდამაინც გამოძიება, მშვენიერი ადვოკატი დადგებოდა მისგან. ახლაც სახლში თბილად იქნებოდა საბანში გახვეული და იქნებ ვიღაც საპირისპირო სქესიც ეპოვა მუდმივობის გარანტიით. თბილი ლოგინის გახსენებაზე გააჟრჟოლა. მანქანა დაქოქა და სახლისკენ წავიდა. განყოფილებაში წასვლას აზრი არ აქვს. კომპიუტერი სახლშიც არის და აქაც შეიძლება მუშაობაო, - ფიქრობდა ქალი და მანქანას მართავდა.

კარი გააღო თუ არა, მისმა დიდმა და პატარა ბავშვივით ბუტია პიტბულმა დაიკრუსუნა, პატრონს შეახტა და სახე აულოკა. ეს ერთგული მეგობარი ერთი წელია ელენეს მანქანის ხმასაც კი ცნობდა და მოლოდინად ქცეული თვალებით მუდამ კარში ხვდებოდა.

გამომძიებელმა პირველად ძაღლი ათი წლისამ ინატრა დაბადების დღეზე. მამა დაჰპირდა, მაგრამ არ შეუსრულა. კიდევ რამდენჯერმე დაიწუწუნა გოგონამ, სანამ დედის გაბრაზებული პასუხი არ მიიღო: თავი ძლივს გაგვაქვს, რა დროს ძაღლიაო. ამის მერე ხმა აღარ ამოუღია ელენეს. ბოლო დაბადების დღეს მშობლების სახლში აღნიშნავდა თავის დიდ ოჯახთან ერთად, როცა მამამ მანქანა შემოაყენა ეზოში და ელენეს დასახმარებლად დაუძახა. პირველად თვალში პატარა შავი ბურთი მოხვდა, რომელიც საბურავის უკან იმალებოდა. იმ დღის შემდეგ ტაისონმა გამომძიებლის სახლშიც დაიდო ბინა და მისი საძინებლის ბატონ-პატრონიც გახდა. ვინ იფიქრებდა, რომ ეს მუცელგაბერილი ბურთი ასეთი ლამაზი ძაღლი დადგებოდა. ხშირად უკითხავთ, რატომ პიტბულიო, რაზეც ელენეს ეცინებოდა, აბა, გამომძიებელ ქალს პეკინესი ხომ არ მეყოლებოდაო. თუმცა რატომ შეარჩია მამამ ეს ჯიში,  თვითონაც არ იცოდა. ახლაც ტაისონი მიუძღოდა თავისი პატარა კაბინეტისკენ, რომელშიც ორი კაცი ძლივს მოტრიალდებოდა, მაგრამ ელენესთვის საკმარისი იყო. გათბობას აუწია და კომპიუტერი ჩართო. Googl-ის საძიებო სისტემაში დავით ჩხაიძის ჩაწერისთანავე იმდენი რეზულტატი ამოხტა, თანდართული ფოტოებით, რომ ელენემ დაუსტვინა, ეს ჩვენი პროფესორი არცთუ ისე უბრალო რიგითი პროფესორი ყოფილაო. მათემატიკური ჯილდოების და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩამონათვალი კომპიუტერის მონიტორის მთელ გვერდს იკავებდა. ფიზიკურადაც საკმაოდ ძლიერი და წარმოსადეგი მამაკაცი ჩანდა, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მკვლელი არცთუ ისე უვნებელი წავიდოდა სახლიდან.

დილაადრიან დღის შუქზე კიდევ ერთხელ უნდა დაეთვალიერებინა ელენეს სახლი და ეზო, მაგრამ წუხელ იმდენი ხალხი ირეოდა, ყველაფერი გადათელილ-გადავლილი იქნებოდა.

უკვე კარგად გათენებული იყო, ელენემ იქვე დადებულ პლედს ხელი რომ მოჰკიდა და სავარძელზევე მიიფარა. ტაისონმა იგრძნო პატრონის სითბო, მუხლებზე აახტა და თათები მოხვია. ყავის მძაფრმა სუნმა და უმნიშვნელო ფაჩუნმა მიაღწია მის ყურამდე. თვალის გახელა დაეზარა, მაგრამ კოცნას მაინც აჰყვა. „უჰ, რა კარგია ასეთი ღამის შემდეგ ეს შეგრძნება", - გაიფიქრა ქალმა, მაგრამ ახლა სიყვარულობის დრო არ იყო. კიდევ ცოტა ხანი და მძიმე დღე იწყებოდა. კარგია ურთიერთობები ზედმეტი პასუხისმგებლობის გარეშე, მაგრამ როდემდე, ჰკითხა თავის თავს და ისევ ძილი გააგრძელა.

დილა განყოფილებაში, როგორც ყოველთვის, აქეთ-იქით სირბილით იწყებოდა. ვინ სად რეკავდა, ვინ რას ყვიროდა, გაგება არ შეიძლებოდა. ელენე თავის სავარძელში მშვიდად იჯდა, ვერც კი ამჩნევდა ამ ქაოსს და შსს ბაზაში ირაკლი ჩხაიძეს ეძებდა. გერმანელებს თუ რამეში ჰყავდათ შემჩნეული, აქ იქნებოდა, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანდა. ბაზების კარგად გადამოწმების შემდეგ ტელეფონი აიღო და ივანეს მოცემული ნომერი აკრიფა. მეორე მხრიდან ახალგაღვიძებული ახალგაზრდა კაცის ხმა გაისმა:

- Hallo.

- გამარჯობა. ირაკლი ჩხაიძეს ვესაუბრები? - ქართულად მიესალმა ელენე. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ქართულადვე უპასუხეს:

- დიახ, გისმენთ, ირაკლი ჩხაიძე ვარ.

- გამარჯობა, ელენე ჯაფარიძე გაწუხებთ თბილისიდან, ძველი თბილისის რაიონული განყოფილების გამომძიებელი.

- მამაჩემს მოუვიდა რამე? - შეშფოთებული ხმა გაისმა ტელეფონში.

- დიახ, გარდაიცვალა... მოკლეს... მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით.

მეტს არც ირაკლი დალოდებია, ტელეფონი გაითიშა.

ეზო ყვავილებით იყო სავსე. ხრეშიანი ბილიკი ძველი სახლის აივანზე ადიოდა. ელენე კიდევ ერთხელ ათვალიერებდა სახლს და ეზოს. ქუჩა მიყრუებული ჩიხი უფრო იყო, ვიდრე აქტიური უბანი. იქვე პატარა ჯიხურიდან ყოვლისმცოდნე ქალი დაუფარავი ინტერესით უყურებდა ელენეს. გამომძიებელი მისკენ დაიძრა.

- მე გამომძიებელი ელენე ჯაფარიძე ვარ, - მიესალმა ქალს, მაგრამ მეტის აღარაფრის თქმა დასჭირვებია, გამყიდველს ალბათ ერთი სული ჰქონდა, როდის შეეკითხებოდნენ რამეს.

- ვიცი, შვილო, ვინც ხარ, შენ ამ საქმეს თავი დაადგი და მეტი არაფერი გვინდა. სამეზობლოში ეს ერთი ჭკვიანი კაცი გვყავდა, ან თავის ყვავილებს რწყავდა, ან იმ რაღაცა ფორმულებს ჩაჰკირკიტებდა. ვის რა უნდოდა მისგან. იმ ბედოვლათმა ირაკლიმაც გაუმართლა, წავიდა და კარგად არის, მაგრამ რად გინდა, 35 წლის კაცია უკვე და ცოლ-შვილს არ მოეკიდა, არ აღირსა შვილიშვილები. იმ ხელებმოსასპობმა შეიწირა, თუ არა,  ისე ჯანმრთელი იყო, მაგას რა მოკლავდა. რომ ითევზავებდა,  ჩემთვისაც რამე რომ არ შეეხვედრებინა, არ იქნებოდა, - ქაქანებდა გამწარებული ქალი და აღარ უყურებდა, უსმენდა ელენე თუ არა.

- ვინ დადიოდა ბატონ დავითთან, ვინ იყვნენ მისი სტუმრები? - დაინტერესდა გამომძიებელი. ასეთმა ხალხმა ყოველთვის ყველაზე მეტი იცოდა.

- არავინ დადიოდა, ნათესავები ცოტა ჰყავდა, ერთი-ორი მოხუცი თუ შემოუვლიდა, ისინიც უნივერსიტეტელები. ჩემთან ყიდულობდნენ ხოლმე არაყს. კაი არაყი მაქვს მე, სოფლიდან ჩამოტანილი. ქალი ხარ, თუ არა, კი გაგასინჯებდი, - შესთავაზა ელენეს, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო, გააგრძელა - ზოგჯერ სტუდენტები აკითხავდნენ ხოლმე, მაგრამ სახლში არავინ შეჰყავდა, რას ინახავდა ამისთანას ნეტა, - გაკენწლა ქალმა გარდაცვლილი. კიდევ დიდხანს ილაპარაკა და ელენემაც უსმინა იმის იმედით, რომ რამე საინტერესო გაეგო, მაგრამ ქალი თავისი ოჯახის ამბებზე რომ გადავიდა, დაემშვიდობა და მაღაზია დატოვა.

რა გამოდის, რომ მოხუცი მარტო ცხოვრობდა, სტუმრები თავისი წრის ხალხი ჰყავდა ძირითადად, ცოტა ნათესავი და ერთი შვილი ირაკლი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გაარკვია, რა საქმითაა დაკავებული გერმანიაში. საინტერესოა, რას იზამს ეს ბიჭი. ან ცხედარს ვინ მიაკითხავს... ამ ფიქრებში იყო ელენე, ტელეფონის ზარმა რომ გამოაფხიზლა.

- ელენიკო, საყვარელო, ექსპერტიზის ბიუროში არ მოხვალ? კი გადმოგიგზავნე განყოფილებაში საბუთები, მაგრამ იქნებ შემოგევლო, შენს ბებერ ნათლიასაც ნახავდი. - ელენეს გაეღიმა. მისი ბებერი ნათლია სოსო უკვე წლებია ექსპერტიზის ბიუროში პათანატომი იყო და გვამებთან უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე სახლში. ელენე ვერ იტანდა იქ მისვლას, მაგრამ სამაგიეროდ,  ყოველთვის უფრო დეტალურად იცოდა ყველაფერი, ვიდრე მისმა კოლეგებმა.

- მოვდივარ, ძია სოსო, მოვდივარ, - ჩასძახა ტელეფონში და მანქანა დაქოქა.

ექსპერტიზის ბიუროს ეზოში შესულ ელენეს თვალში ივანე მაჩაბელი და დავითის რამდენიმე მეზობელი დახვდა. ნებართვას ელოდნენ, რომ გარდაცვლილი გადაესვენებინათ.

პათანატომი თეთრი ხალათით და ცხვირზე დაკოსებული სათვალით დერეფანში დახვდა ქალს.

- საქმე ასეა, - მისალმების გარეშე დაიწყო სოსომ. - ჩვენს ბატონ დავითს ბრძოლის კვალი არ ეტყობა. აი, აქ,  მკერდთან,  ოდნავი სიწითლეა. მე ვფიქრობ, ელექტროშოკის წერტილებია, ამ ასაკში პატარა ტკაცუნიც ეყოფოდა. კიდევ საინტერესო ისაა, რომ სისხლში დიდი რაოდენობით დიფჰიდრამინის ჰიდროქლორიდი, რძის შაქარი, სახამებელი, კალციუმის სტეარატი, პოლივინილჰიდროლიდონი და ტალკი აღმოჩნდა. ეს ყველაფერი კომბინაციაში ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, ტკივილგამაყუჩებელი დიმედროლია. მოკლედ, ამ კაცმა სიკვდილის წინ დიდი რაოდენობით დიმედროლი მიიღო, რაც გამოიწვევდა რეაქციების სიჩქარის დაქვეითებას, მგრძნობელობის ხანმოკლე დროით დაკარგვას, თავბრუსხვევას და ტრემორს. ამიტომაც დააბეს ასე ადვილად. მაგრამ სახლში ამ ნივთიერებიანი არაფერი აღმოჩნდა. მკვლელმა ან გარეცხა, ან თან წაიღო. ისე ჯანმრთელი კაცი კი ყოფილა, ეს ამბავი რომ არა, ასწლიანი იქნებოდა. ახლა დანარჩენი, - თქვა სოსომ და მიცვალებულს თავზე გადახადა. - ტუჩი აქვს გამსკდარი და სისხლის წვეთებია, სახეში დაარტყეს რამდენჯერმე. აი, აქ თოკის კვალია, კაპრონის თოკი 1 სმ დიამეტრის, მწვანე ფერის. სიკვდილის მიზეზი ამ თოკით გამოწვეული ასფიქსიაა. გარდაცვლილია ღამის 1 და 2 საათს შორის. თოკი სახლში არ იყო, როგორც ჩანს, დაელოდა სიკვდილს, მოხსნა და წაიღო. მაჯაზე წებოვანი ლენტის კვალია, რითაც მიბმული იყო სკამზე. მარჯვენა საჩვენებელი თითის ქვეშ კანის ნიმუშებია. დნმ-ზე გადავაგზავნე, იქნებ გაგვიმართლოს. დანარჩენზე ვმუშაობთ, თუ რამე გამოჩნდება, დაგირეკავ, - ხელები ერთმანეთს გაუსვა ექიმმა. - ისე, შენც გამოიარე ხოლმე, სახლში თუ არა, აქ მაინც მომიკითხე. - ფუმფულა ძია სოსომ ჯერ საყვედურით შეხედა ელენეს, მერე მიცვალებულს მეგობრულად ჩამოართვა ხელი, მომიკითხე იქითა სამყაროო და ელვაშესაკრავი შეკრა.

ელენე ალბათ ვერასდროს შეეგუებოდა ამ სუნს. ახლაც ერთი სული ჰქონდა, როდის გამოიქცეოდა ექსპერტიზის ბიუროდან. უნივერსიტეტშიც მისასვლელი იყო, ისიც აინტერესებდა, ირაკლი როდის ჩამოვიდოდა ან ჩამოვიდოდა თუ არა. გერმანელები არაფერს იტყობინებოდნენ ამ ბიჭზე.

- ახლა დროა, დამხმარე დამინიშნოს ბატონმა ნიკომ. თუ არა, აქეთ-იქით ამდენი სირბილი აღარ შემიძლია, თან უძინარზე ტვინი სულ აღარ მუშაობს, - ბურტყუნებდა გამომძიებელი და თან მანქანას მართავდა. - ამ სიცივეში როგორია ცალკე გასვენება-სამძიმარზე სირბილი, ცალკე ბუკინისტებში და კიდევ ვინ იცის, სად ჯანდაბაში. ისეთი ვინმე მჭირდება, ვინც უბანსაც კარგად იცნობს და დამნაშავეთა წრესაც. ბატონი დავითის გასვენებაშიც წავიდეს, ასეთ დროს რას არ იტყვის ხოლმე ხალხი...  გაბადაძე, პატრული გაბადაძე - ხმამაღლა წამოიძახა ელენემ და მანქანა უახლოეს მოსახვევში შეიყვანა.

სალომე ტაბატაძე

გაგრძელება იქნება