90-იანი წლების თბილისი, ჩაბნელებული ქუჩები და პურის რიგები, ის, რაც ომის შემდგომ პერიოდს ასახავს, ყველას კარგად გვახსოვს... გაგიკვირდებათ და, სწორედ ამ წლებში დაიწყო ქართული შოუბიზნესის, კონკრეტულად კი, მოდის სფეროს აღმასვლა. თუ ამერიკას ნაომი კემპბელი, კლაუდია შიფერი, სინდი კროუფორდი და კრისტი ტარლინგტონი ჰყავს, ჩვენ მათ საპირწონედ ქართველი მოდელების უფროსი თაობა გვყავს, რომლებიც მსოფლიო მოდის ბიზნესში შეიძლება არანაკლებ პოპულარულები ყოფილიყვნენ... 90-იანი წლების სიდუხჭირემ და ჩაკეტილმა საზღვრებმა გოგონები ქართველ სუპერმოდელებად დატოვა. მათი სახელები სამოდელო ბიზნესის საწყისებთან ასოცირდება.
"იმ დროს მოდის ბიზნესი უცხო მოვლენა იყო"
კრისტი ყიფშიძე: - მალე 24 წელი გახდება, რაც პოდიუმზე ვდგავარ და დღემდე გრძელდება ჩემი სამოდელო კარიერა. პირველად იყო (1994 წლის ნოემბერში) მაკა ნაცვლიშვილის ჩვენება, იქ შედგა ჩემი დებიუტი. 1995 წელს მაკა ასათიანის ჩვენებაზე გამოვედი... როდესაც სამოდელო კარიერას ვიწყებდი, მაშინ არ იყო იმის საშუალება, რომ საზღვარგარეთ წასულიყავი, ეს იყო ომის შემდგომი პერიოდი - არც შუქი, არც გაზი... ჩვენებები სასტუმრო "მეტეხში" იმართებოდა. დარბაზი ივსებოდა. ადრე ამას თბილისში უფრო სანახაობად აღიქვამდნენ...
"ერთ ჩვენებაში 100 დოლარს გვიხდიდნენ"
თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი ერთ-ერთი პირველი მოდელია - თაკო ჩხეიძე 90-იანი წლებიდან ამ ბიზნესშია ჩართული. 16 წლისამ ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტოდან მოწვევა მიიღო და ასე გახდა ცნობილი დიზაინერებისა და სამოდელო სახლების სახე.
თაკო ჩხეიძე: - პირველად პოდიუმზე 1995 წელს, ავანგარდული მოდის ასამბლეაზე ("ამა") გამოვედი. ეს იყო მაღალი დონის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მონაწილეობდნენ ქართველი, უცხოელი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან დიზაინერები. მე და ავთო ცქვიტინიძემ იქ გავიცანით ერთმანეთი. შემამჩნიეს და შემდეგ უკვე მიწვევდნენ კლიპების გადაღებებზე, დიზაინერები მიკავშირდებოდნენ... ძალიან წინ ვიქნებოდით, ფესტივალი რომ გაგრძელებულიყო. 1995-96 წლებში ხშირად იმართებოდა ჩვენებები, იყიდებოდა ბილეთები, ერთ ჩვენებაში მოდელს 100 დოლარს უხდიდნენ. 14-15 წლის გოგოს ჩემი ჯიბის ფული სულ მქონდა...
მაშინ მოდელების სახლი ვორონცოვზე იყო და საფრანგეთში ვაჩვენებდით კოლექციებს... შემდეგ იყო მაკა ასათიანის ჩვენებები, მერე კი დიდი წყვეტა...
წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები