პროფესორის მკვლელობა - დასასრული - Marao

პროფესორის მკვლელობა - დასასრული

2023-03-10 10:24:55+04:00


წინა თავი

- ქალბატონო ევგენია, დილას ისე დამაწიოკე, რამე სერიოზული რომ არ იყოს, არ ვიცი, რას ვიზამ, - თავზე დაადგა მაგიდასთან მჯდომ ევგენიას ვანო.

- გაბრაზებული კი ვარ, მაგრამ საქმე საქმეა, - ტუჩები გაბუსხა გოგონამ. მერე ფურცლები გადაშალა, ერთი ამოარჩია და გამომძიებელს მიაწოდა.

- ნახე, შენ ხომ მითხარი, ჩხაიძის ქვრივი და შვილი არ ჩანანო. ჰოდა, წუხელ ვეძებდი და საინტერესო რამე ვიპოვე. ერთი თვის წინ მოკლეს პროფესორი დავით ჩხაიძე, 65 წლის, სოფელ კალაურიდან. ესენი ემთხვევა, მაგრამ მეტ ინფორმაციაზე წვდომა მე არ მაქვს. საქმეს ელენე ჯაფარიძე იძიებს. აი, ნომერი აქ წერია.

ვანო გაკვირვებული უყურებდა ევის, მერე მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე ძლიერად აკოცა

- გენიოსი ხარ, ევგენია სეხნიაშვილო. ახლა მე ელენესთან დავრეკავ, შევუთანხმდები შეხვედრაზე და მერე მე და შენ ერთად ვნახავთ ამ გამომძიებელს. - კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე, ფურცლებს ხელი დასტაცა და კაბინეტიდან გავარდა. გაღიმებული ევგენია რამდენიმე წამი მისჩერებოდა კარს, მერე თმა საქმიანად აიკეცა უკან, კისერსა და ყელზე ხელი ჩამოისვა და დიდ მიკროსკოპს მიუბრუნდა.

.....

ელენემ ნიკოს კაბინეტის კარი ლამის შეანგრია. პროკურორმა თავი ასწია და გაკვირვებული სახით მიაჩერდა გამომძიებელს.

- კიდევ ჩემს მდივანს ეჩხუბე, ელენე? ხმა არ გამიგონია.

- სად მეცალა მაგ გრძელფრჩხილებასთან ლაპარაკისთვის,  ნიკო, ისეთი ამბები გავიგე, მეც კი გაოცებული ვარ და თან ძალიან კარგ ხასიათზე.

- ჰე, ელენე, თქვი, აბა, შენ მაინც გამახარე...

- გცალია?

- კარგი ამბისთვის მოვიცლი.

- მოიცა, -  ელენე უკან გაბრუნდა და ვანო კაკაბაძისა და ევგენია სეხნიაშვილის თანხლებით შემოვიდა.

- საქმე ასეა, ესენი ჩვენი კოლეგები არიან. ბატონი ვანო იძიებს ძველ მკვლელობას, დეტალებს თვითონ გეტყვის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი დავით ჩხაიძეს უკავშირდება.

ნიკოს თვალებში ნაპერწკლები აუკიაფდა, სკამზე შესწორდა და მოსასმენად მოემზადა.

- მე ვინმე მალხაზ ბიწაძის მკვლელობას ვიძიებ, რომელიც 1947 წელს მოკლეს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ იპოვეს სტუდენტებმა მღვიმეში. ეს კაცი ავთო ჩხაიძის მკვლელობის მოწმე იყო. ამიტომაც მოიშორეს. ვინ მოიშორა, ჯერ ვერ გავარკვიე. დიდად იმედიც არ მაქვს. ავთო ჩხაიძე კი თქვენი დავით ჩხაიძის მამაა.

- გამოდის, რომ მამა-შვილი ორივე მოკლეს? - დააზუსტა ნიკომ.

- დიახ, ორივე. ავთო ჩხაიძე მოკლა სერგო კაპანაძემ. როგორც მალხაზ ბიწაძე ამბობს თავის ჩვენებაში. მკვლელობა ბრილიანტის ძვირფასი საათის გამო მოხდა. მაგრამ სერგო კაპანაძე უარყოფს საათის არსებობას. მისი თქმით, შეკამათება მოუვიდათ და შემთხვევით მოუხვდა დანა. ბიწაძე სასამართლოზე უკვე აღარ გამოცხადებულა, იმ დღეს გამქრალა ზუსტად. ამიტომ ის ვეღარ დაუპირისპირეს მკვლელს.

- მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩხაიძეების სახლში ნამდვილად იყო ბრილიანტებიანი შვეიცარიული საათი, - საუბარში ჩაერია ელენე. - ეს საათი ბატონ დავითს მამისგან ჰქონდა სახსოვრად და ირაკლის სწავლის გასაგრძელებლად გაყიდა.

- მეზობლებიდან ერთმა თქვა, საათი მოგვიანებით მიუტანეს ჩხაიძის ქვრივსო. მაგრამ ამ საათის არსებობის არავის სჯერა, - გააგრძელა ვანომ.

- საინტერესოა, ვინ იცოდა ამ საათის არსებობა და სჯეროდა ამის? - დაფიქრდა ნიკო.

- უკვე მოხუცებული სერგო კაპანაძე ლაპარაკობდა მკვლელობის შესახებ. სანამ ახალგაზრდა იყო, ხმას არ იღებდა ოჯახში და ვერც ვერავინ ბედავდა კითხვას. მოხუცებულს მახსოვრობა არეული ჰქონდა, შვილი დიდად არ იჯერებდა მის ნათქვამს, მხოლოდ შვილიშვილს ეჩურჩულებოდა ხოლმეო.

- რას წარმოადგენს ეს შვილიშვილი?

- რომელიღაც სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობს, ალექსანდრე ჰქვია.

- რააა? - წამოიყვირა ელენემ. - რა ჰქვია?

- ალექსანდრე, - გაკვირვებით გაიმეორე ვანომ.

- ვინმე ალექსანდრე დავით ჩხაიძეს აკითხავდა უნივერსიტეტში. ქალბატონი ნინოს თქმით, მან მათემატიკის არაფერი იცოდა, ამასთან, დავითით იმდენად იყო დაინტერესებული, სახლშიც მიაკითხა რამდენჯერმე.

- ოოო, - ერთდროულად წამოიძახეს პროკურორმა და ვანომ.

- ახლა რა ვქნათ? - დაბნეულმა იკითხა ევგენიამ, რომელიც ჩუმად იჯდა და ისმენდა კოლეგების საუბარს.

- ახლა ყველაზე საინტერესო იწყება, ქალბატონო ევგენია, - გაუღიმა კაკაბაძემ.

- და რას ვერ ესწრება ჩვენი გაბადაძე.... - დანანებით თქვა ელენემ.

- მართლა, სადაა ის ბიჭი, კი გამიკვირდა აქ რომ არაა ახლა.

- სამშობლოს ემსახურება,  ბატონო ნიკო. დავურეკავ და ყველაფერს გავაგებინებ. ცოდვაა,  იმდენი შრომა ჩადო საქმეში.

- დიდი ნახტომი გავაკეთეთ, ელენე. ახლა საბასთან გაიქეცი და ალექსანდრეს ფოტო მოაძებნინე. მერე ნინო აბაშიძე დაიბარე დაკითხვაზე. დაგვიდასტუროს, რომ ნამდვილად ეს ბიჭი აკითხავდა დავითს. არ დაგავიწყდეს გაბადაძესთან დარეკვა, გააგებინე ამბები.

- მივდივარ უკვე, - წამოდგა ელენე. ვანოს და ევის მადლობა გადაუხადა და ნიკოს კაბინეტი დატოვა.

***

ელენეს მოპირდაპირე მხარეს მაგიდას ნინო აბაშიძე მისჯდომოდა და გულდასმით ათვალიერებდა მის წინ დაწყობილ ფოტოებს.

გამომძიებელი მოჩვენებითი სიმშვიდით უცქერდა, კარებს მიღმა კი ნიკო და ზურა ბოლთას სცემდნენ. ნინომ თავი ასწია, ერთი სურათი აიღო და ელენეს მიაწოდა.

- ეს არის, - დაჯერებით თქვა მან.

- დარწმუნებული ხართ, ქალბატონო ნინო? - ჩაეკითხა გამომძიებელი.

- 100%-ით, ქალბატონო ელენე, ის დღე არ დამავიწყდება, ჩემი დაბადების დღე იყო და ეს ბიჭი პირდაპირ რესტორნის წინ შეგვხვდა. დავითმა დამანახა. ის არასდროს ამბობდა სტუდენტებზე ცუდს. ყველას აქვს რაღაც პოტენციალიო, მოვა დრო და გამოაჩენსო. ეს ბიჭი არ მოსწონდა, მართლა დაჟინებით გვითვალთვალებდა. ამიტომაც დამამახსოვრდა ასე კარგად.

- დიდი მადლობა,  ქალბატონო ნინო. ვეცადე,  არ გახმაურებულიყო თქვენი სახელი, მაგრამ არ გამომივიდა.

- არა უშავს, ელენე, უკვე აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა.

ნინო წამოდგა, ელენეს ხელი ჩამოართვა და კარებში გავიდა. გამომძიებელმა კიდევ ერთხელ იგრძნო ქალური შური, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეღებული კარიდან კარგად გამოჩნდა დერეფანში მიმავალი აბაშიძე და მასზე მიჩერებული ათეულობით თვალი.

- ესეც ასეეე, ეჭვმიტანილი გვყააავს, - პატარა ბავშვივით შემოვარდა გაბადაძე.

- გვყავს, გაბადაძე, გვყავს, - არანაკლებ უხაროდა ელენეს.

- ჰოდა, წავედით და დავაკავეთ, - ყვიროდა პოლიციელი.

- ჰოდა, ჯერ მე ფორმალობებს მოვაგვარეეებ, - იგივე ტონალობაში აჰყვა ნიკო.

საღამოს პირზე, როცა ხალხი ქალაქში აღარ მოძრაობდა და ქუჩები ნელ-ნელა ცარიელდებოდა, ელენე და პოლიციელი გაბადაძე თბილისის ძველებური ეზოს ჭიშკარს მიადგნენ და დიდი სახლის პირველი სართულის კარებზე დააკაკუნეს. შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ელენემ უფრო ძლიერად დაარტყა ხელი და თან დაიძახა: პოლიცია, გააღეთ...

მეორე დაძახებას ხმაური მოჰყვა და გაბადაძემაც მხრით ხის კარები შეამტვრია. გაღებული ფანჯრიდან ქარი უბერავდა, ქუჩიდან კი ოდნავ შესამჩნევი ხმაური ისმოდა. გამომძიებელი ფანჯრის რაფას დაეყრდნო. გაბადაძეს კი არც უფიქრია, ისე გადაევლო ფანჯარას და ერთ წამში უკვე მოსახვევში გარბოდა. თან რაღაცას გამალებით იძახდა. პოლიციელს ფეხდაფეხ ნიკო მიჰყვებოდა, ქუჩის კუთხიდან კი საპატრულო პოლიციის ციმციმა გამოჩნდა. ელენემ თვალის ერთი შევლებით შეაფასა მდგომარეობა და ის იყო, უნდა გადამხტარიყო, რომ გასროლის ხმა გაისმა. ქალი არ დაფიქრებულა, იარაღი ამოიღო და ხმას მიჰყვა.

ქუჩის ბნელ კუთხეში გაბადაძე ეგდო, მხრიდან სისხლი მოსდიოდა, თავს ნიკო ადგა და სასწრაფოს იძახებდა. მეორე მხარეს პოლიციელებს ახალგაზრდა მამაკაცისთვის ხელბორკილი დაედოთ და უფლებებს უკითხავდნენ. ელენემ დაჭრილ ბიჭთან ჩაიმუხლა, თავზე ხელი გადაუსვა და ჭრილობას დახედა.

- კარგად ვარ, ქალბატონო ელენე, - ამოიკვნესა პოლიციელმა და სახე დამანჭა.

- კარგად ხარ, თვალები არ დახუჭო და მელაპარაკე, სასწრაფო მალე მოვა.

- იმედია, ლამაზი ექიმი იქნება, თუ არა, არ გავყვები, - გაღიმება სცადა გაბადაძემ.

- აქ თუ არა, საავადმყოფოში მაინც იქნებიან ლამაზი ექიმები, - დააიმედა ელენემ. რამდენიმე წუთში სასწრაფოს სირენის ხმა გაისმა. ექიმებმა დაჭრილი პოლიციელი საკაცეზე მოათავსეს და მანქანამაც კივილით დატოვა შემთხვევის ადგილი.

- ამ ბიჭს არაფერი მოუვიდეს, თუ არა, ამის ჩემი ხელით დავახრჩობ, - კბილებში გამოსცრა ნიკომ.

***

გამომძიებელი ელენე ჯაფარიძე მძიმე ნაბიჯებით შევიდა დასაკითხ ოთახში. საქაღალდე მაგიდაზე დადო და სკამი მიიწია.

- თქვენ ალექსანდრე კაპანაძე ბრძანდებით, თუ ვცდები, შემისწორეთ, - ზრდილობიანად მიმართა ელენემ, მაგრამ ეტყობოდა, თავს ვერ იკავებდა, იქვე რომ არ დასტაკებოდა.

- კი, ალექსანდრე ვარ, - თავი დაუქნია დაკავებულმა.

- ჰოდა, ალექსანდრე, მე და შენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო. შენთვისვე აჯობებს, ძალიან არ გავაგრძელოთ ეს საქმე და მდგომარეობა კიდევ არ დაიმძიმო. თუ არა, შენ ციხეში ჩასასმელად მარტო გაუფორმებელი იარაღი და ამ იარაღით დაჭრილი ჩვენი მეგობარიც მეყოფა, რომელიც ამ წუთას სიკვდილს ებრძვის. ილოცე, რომ ცოცხალი გამოვიდეს იქიდან. - გამომძიებელმა შესვენება გააკეთა, რეაქციას დააკვირდა. ალექსანდრეს კი თვალი არ დაუხამხამებია, ისე უსმენდა ქალს.

- ჯერ იარაღით დავიწყოთ, - იარაღი მცირეკალიბრიანი wolter p 22-ია, რაც არც ისე ძნელი საშოვნელია. გაფორმებული არ გაქვს და არც იარაღის ტარების და ქონის უფლება გაქვს. რად გინდოდა? საიდან გაქვს ეს იარაღი?

- მეგობარმა მაჩუქა, - თვალის დაუხამხამებლად უპასუხა დაკავებულმა.

- და იმ მეგობარმა ასე გითხრა, პოლიციელი დაჭერიო?

- მომდევდა და ვესროლე, - თავი იმართლა კაპანაძემ.

- მომიყევი, დავით ჩხაიძეს რატომ სტუმრობდი, რა გინდოდა მასთან.

- მე ასეთს არავის ვიცნობ, - აიმრიზა დაკავებული. ელენემ ღრმად ჩაისუნთქა და შეტევისთვის მოემზადა.

- კარგი, მაშინ მე გეტყვი. შენს სახლში ნაპოვნია ელექტროშოკი, რომლითაც სავარაუდოდ გათიშე ჩხაიძე. სულ რამდენიმე საათში ეს უკვე დაზუსტებით მეცოდინება და მერე ვეღარ გამოძვრები.

დაკავებული თვალგაუტეხლად უყურებდა გამომძიებელს. ელოდებოდა, სანამ ბოლომდე ეტყოდა სათქმელს. ელენე კი აგრძელებდა: გარდა ამისა, შენ ამოგიცნო მისმა მეგობარმა, როცა ჩხაიძეებთან იყავი. დეტალები მოგიყვე, რაზე მიხვედი პროფესორთან? ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შენ გაგასამართლებენ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, პოლიციელის დაჭრისთვის და პროფესორ დავით ჩხაიძის მკვლელობისთვის. ერთი რამე ვერ გავიგე მარტო, რა გინდოდა კაცთან, რომელსაც წიგნების გარდა არაფერი ჰქონდა. დავიჯერო, წიგნებისთვის მოკალი?

- არა, საათისთვის, - ჩაილაპარაკა დაკავებულმა.

- რაა??? - კითხვა გააგრძელა ელენემ, თითქოს ვერ გაიგონა, რაც უთხრეს.

- ძვირფასი შვეიცარიული საათისთვის, - გაიმეორა ალექსანდრემ.

- შენ საიდან იცოდი, რომ პროფესორს ძვირფასი საათი ჰქონდა?

- ბაბუაჩემმა მითხრა.

- სერგო კაპანაძემ? რომელმაც დავით ჩხაიძის მამა ავთო მოკლა? - დაკავებული დააბნია ელენეს კითხვამ.

- კი, სერგო კაპანაძემ, - დაუდასტურა გაოცებული სახით.

- რა გითხრა ბაბუამ, საიდან ჰქონდა დავით ჩხაიძეს ძვირფასი საათი და საიდან იცოდა ეს ამბავი ბატონმა სერგომ?

- ავთო ჩხაიძის მკვლელობაც ამ საათის გამო მოხდა. მკვლელობის დღეს ავთოს საათი თან არ ჰქონდა. სახლში წამოსვლამდე თავისი ცვლის უფროსისთვის მიუბარებია. მოგვიანებით გადასცეს ჩხაიძეებს ნივთი. ეს ამბავი გვიან გავიგეო, ციხიდან რომ გამოვედიო. ჩხაიძის ქვრივი და ბავშვი უკვე წასულები იყვნენო. ასე მითხრა ბაბუამ.

- შენ რატომ იყავი დარწმუნებული, რომ ის საათი ისევ ჩხაიძეებთან იყო?

- ზუსტად არ ვიცოდი, რამდენჯერმე შევედი მათ სახლში, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. მერე მივედი, როგორც მათემატიკოსთან. იმ საღამოსაც ვესტუმრე. გაუკვირდა, წყალი ვთხოვე და ლაპარაკში ავიყოლიე. თვითონ ჩაის სვამდა, წამალი ჩავუყარე და მივაბი სკამზე, რომელზეც იჯდა. მოკვლას არ ვაპირებდი, მაგრამ რომ გაიგო, ვინ ვიყავი, ლანძღვა დამიწყო.

ალექსანდრე გაჩუმდა. პაუზა რომ გაგრძელდა, ვეღარ მოითმინა, ახლა თუ გაჩუმდებოდა, შეიძლება აღარ ალაპარაკებულიყო, ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მიეცა გამომძიებელს.

- რა გითხრა, ასე რომ გაბრაზდი და მოკალი?

- ბაბუაშენის გამო გავიზარდე მარტოო, დედაც მაგ ამბავს გადაჰყვაო, მაგიტომ გადმოვიხვეწეთ სახლიდანო. რომ გააგრძელა, ვეღარ მოვითმინე და აზრზე რომ მოვედი, უკვე ვახრჩობდი. მერე შემეშინდა, ავიღე ჩემი ნივთები. სახლში ტილო ვიპოვე, რაღაც ხსნარიც. გავწმინდე სკამები, მაგიდა და წამოვედი.

- არ მჯერა, მისი დასახრჩობი თოკი უკვე მიტანილი გქონდა.

- არა, ეგ თოკი მის დასაბმელად მქონდა და არა დასახრჩობად.

- საათის ამბავი გითხრა?

- არა, ვერაფერი ვათქმევინე.

- მაშინ მე გეტყვი, ეგ საათი ბატონმა დავითმა თავისი შვილის სწავლისთვის გაყიდა. ასე რომ, ტყუილად მოკალი ის კაცი.

დაკავებულმა თავი ხელებში ჩარგო და გაჩუმდა. ელენე თავს არ ანებებდა.

- ეს ამბავი გავიგე. შენ ბევრი რამე იცი. მეც ვიცი, მაგრამ დეტალები მაკლია. ახლა მე მოგიყვები რაღაცას, შენ კი შემისწორე. ავთო ჩხაიძის სიკვდილის შემდეგ მალხაზ ბიწაძეს კლავენ. ის სასამართლოზე არ ცხადდება. ასეა?

- კი, - თავი დაუქნია ალექსანდრემ.

- ქრება და რამდენიმე დღის წინ პოულობენ ერთ-ერთ მღვიმეში მის გვამს. ამის შესახებ რა იცი? რას გიყვებოდა ბაბუა?

- ბაბუას და მალხაზ ბიწაძეს ერთი საერთო ნაცნობი ჰყავდათ, ვიღაცის მძღოლად მუშაობდა, მაშინ მანქანა სულ რამდენიმე კაცს ჰყავდა. ცოტა თავზეხელაღებული ტიპი ყოფილა. იმას მოუკლია ბიწაძე. არ ვიცოდი, სად წაიღო გვამი. ბაბუას არ უთქვამს არასდროს.

- ვინ იყო ის მძღოლი, რა ჰქვია? ცოცხალია?

- არა, ცოცხალი აღარ არის, ჯამბული ნოზაძე ერქვა. ახალგაზრდა დაღუპულა. იმ მანქანით ავარია მოსვლია.

- კარგი, მაგას გადავამოწმებ. ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაგიყვანენ. დანარჩენი სასამართლოზე გაირკვევა. - ელენემ საქაღალდე დახურა და ოთახი დატოვა.

საავადმყოფოს თეთრი დერეფანი ერთად გაიარეს ელენემ, ნიკომ და ირაკლიმ. გამომძიებელს ყვავილების დიდი თაიგული ეკავა ხელში. გაბადაძის პალატის კარები რომ შეაღო, ჯერ ყვავილები გამოჩნდა და მერე ელენეს გაღიმებული სახე.

- აბა, პატრულო გაბადაძე, როდის ჩადგები ქვეყნის სამსახურში? - ჰკითხა ქალმა.

- როგორც კი ის ლამაზი ექიმი პაემანზე დამთანხმდება. ტანსაცმელი კი მაქვს შესაფერისი, - გაიბადრა პოლიციელი.

- ტყუილად არ გვიწანწალია მე და შენ მაღაზიებში. რაო, გამოგყვებიო? რა გითხრა?

- ნუუუ, მთლად ეგ არ უთქვამს, მაგრამ პატივს ვცემ შენს პროფესიასო, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაიჭერიო, ასეთი მამაცი ბიჭი ხარო, ნუ, სიმპათიურიცო და დანარჩენსაც მეტყვის ალბათ, სანამ აქედან გამიშვებს.

- ახლა ეს ყვავილები იმ ექიმს მიართვი, უთხარი, შენთვის მოვატანინე-თქო. ჩვენ დაგიდასტურებთ, - ურჩია ირაკლიმ. - ისე, მადლობის სათქმელად მოვედი, აქედან რომ გამოხვალ, კარგი საჩუქარია ჩემზე. შენ ის მითხარი, რა გინდა.

- არაფერი, ბატონო ირაკლი, არ გრცხვენიათ? ისედაც ძალიან გახარებული ვარ ამ საქმის გახსნით, - გაიბადრა გაბადაძე.

- რაღაც მოგიტანე. შენი ხელმოწერა მჭირდება, - ფურცელი და კალამი შეაჩეჩა ხელში ნიკომ ზურას.

- ეს რა არის,  ბატონო ნიკო? სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებას ვაწერ ხელს? -

შეიცხადა ბიჭმა, როგორც კი დიდი ასოებით დაწერილ „განცხადებას“ მოჰკრა თვალი.

- არა, ჩემო ზურა, ეს გადამზადების კურსებზე შენი გაგზავნის განცხადებაა. ბოდიში, ტექსტი მე დავწერე, მაგრამ ხელსაც ხომ ვერ მოვაწერდი. მერე პროკურატურაში უნდა გადმოგიყვანო.

- რას ამბობთ, ბატონო ნიკო, აბა, სად მოვაწერო ხელი? დამეხმარეთ, ქალბატონო ელენე, - აფართხალდა პაციენტი და თან ტკივილისგან სახე დაემანჭა. ელენეს გაეცინა, მხარზე ხელი მოხვია და წამოჯდომაში დაეხმარა ბიჭს.

- ცოტა ფრთხილად, ქალბატონო ელენე, თუ არა, აქ კიდევ დიდხანს დამტოვებს ის ექიმი. წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ პაემანზე მეჩქარება.

- ჰოდა, ყოველდღე პაემანი გექნება, აქ თუ იქნები, - დასცინა ირაკლიმ.

- ნუ გაგიტკბება საავადმყოფო, გაბადაძე. მე და შენ გიგაურებს უნდა დავეხმაროთ ახალ სახლში გადაბარგებაში, - ქვევიდან შეხედა თვალებში ნიკომ და თვალი ჩაუკრა. ზურას სახე უცებ შეეცვალა, მთელი ტანით შეხტა საწოლში და ტკივილმა დაუმანჭა ლამაზი ტუჩები.

- ასეთი ამბები ცოტა ნელა უნდა შემომაპაროთ, ბატონო ნიკო, ავადმყოფი ვარ მე და დიდმა სიხარულმა შეიძლება ინფარქტი გამოიწვიოს. ვინ გითხრათ, რომ გადადიან? დგვარელმა დაგირეკათ?

- არა, ზურა, ანუკიმ დამირეკა. მოულოდნელად თემურ არაბულმა დიდი თანხა შემოგვთავაზა, ეზოიანი სახლიც თვითონ გვიპოვა და რემონტის ფულსაც გვაძლევსო. აინტერესებდა, ჩვენი დამსახურება იყო ეს თუ არა.

- მერე რა უთხარით?

- არაფერი, ჩვენ არ ვიცით-მეთქი.

მივულოცე და დახმარებას დავპირდი ორივეს სახელით.

- ჰოდა, ხაჭაპურიც გვიჭამია ახალ სახლში, - ტაში შემოჰკრა ზურამ.

- ბიჭო, მე ადამიანების დახმარებაზე გელაპარაკები, - გაეღიმა ნიკოს.

- ჰოდა, მე დახმარების მერე ხაჭაპურზე, - უცოდველი კრავივით თავი ჩაღუნა გაბადაძემ.

- რა ხაჭაპურზეა ლაპარაკი, ჩვენ არ გვეტყვით? - საუბარში ჩაერია ირაკლი.

- იმერულზე, ირაკლი, თუ შენც დაგვეხმარები, შეგხვდება, - პირობა წამოაყენა ნიკომ.

- როცა გინდათ და სადაც გინდათ, ოღონდ ჩემ წასვლამდე ქენით ეგ ამბავი.

- მალე აპირებ წასვლას? - თავი წამოყო საწოლიდან ზურამ.

- სამსახურიდან დაბრუნებას მთხოვენ, რაც მალე, მით უკეთესი, - ჩაიბუბუნა ირაკლიმ.

- თან ცუდია და თან კარგი. უკან დაბრუნებას აღარ აპირებ? - ჩაეკითხა ნიკო.

- ვფიქრობ აქ გადმოსვლაზე. აი, ელენე თუ მესტუმრება ცოტა ხნით მაინც, მერე სერიოზულად ვიფიქრებ ამაზე.

- ეპატიჟები? ვაა, რა კარგიააა, - აყვირდა გაბადაძე.

- ჰო, ამ წამს დავპატიჟე, მოწმეები თქვენ ხართ. აიღოს შვებულება და ჩამოვიდეს. ისე, მე სულ არ მეშინია გამომძიებელი ქალების.

ელენეს გაეღიმა, ტკბილად მოსაუბრე ბიჭებს გადახედა და პალატის კარები გამოაღო. „ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და ავიღებ შვებულებას“, გაიფიქრა ქალმა და საავადმყოფოს თეთრ დერეფანს გაუყვა.

დასასრული

სალომე ტაბატაძე