რა მოხდება, თუ ყველაფერი დაგავიწყდებათ, ერთი ადამიანის გარდა? - რაზეა ნანი მანველიშვილის ახალი წიგნი - Marao

რა მოხდება, თუ ყველაფერი დაგავიწყდებათ, ერთი ადამიანის გარდა? - რაზეა ნანი მანველიშვილის ახალი წიგნი

2023-03-10 14:47:19+04:00


რა მოხდება, თუ ერთ დღეს ადამიანებს ასეთი უცნაურობა დაემართებათ: დაავიწყდებათ ყველა და ყველაფერი, საკუთარი იდენტობაც კი. თუმცა ეხსომებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი: ვიღაცას დედა, ვიღაცას შვილი, ზოგს მამა და ზოგსაც სულაც მეზობელი?

ამ კითხვაზე პასუხს ახალგაზრდა ავტორის, ნანი მანველიშვილის ახალ წიგნში - "არ დამივიწყო" იპოვით. ეს ავტორის რიგით მეორე რომანია. პირველი წიგნი - „ოდისევსის სინდრომი“, გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ფარგლებში გამოიცა.

კონკურსი ყოველ წელს ტრადიციულად ტარდება და ახალგაზრდა დამწყებ მწერლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ნაწერი მკითხველამდე მიიტანონ. ნანი მანველიშვილი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული 2019 წელს გახდა და პირველი წიგნი „ოდისევსის სინდრომი“ გამოსცა, რომელიც გამოსვლისთანავე შეიყვარა მკითხველმა და ბესტსელერი წიგნების სიაშიც დაიკავა ადგილი.

„არ დამივიწყო“ ძალიან ემოციური, ღრმა და მხატვრული რომანია, რომელიც ადამიანების ისტორიაზე გვიყვება. სიუჟეტს გასდევს დეტექტიური ნაწილიც, რომლის მონაწილე თავად მკითხველი ხდება. უცნობი მკვლელი მსხვერპლის ჯიბეში ფურცელზე შედგენილ კროსვორდებს ტოვებს, რომელთა ამოხსნა და გამომძიებლის როლის მორგება თავად მკითხველსაც შეუძლია, რაც თავის მხრივ, საინტერესო ფორმას აძლევს მხატვრულ ნაწარმოებს.

„ნანი მანველიშვილის რომანში ოსტატურად ერწყმის ერთმანეთს დეტექტივი, ისტორიული რომანი და ფენტეზი. ისინი კალეიდოსკოპური თხრობის ერთ მთლიანობას წარმოქმნის, რომელიც მკითხველს ჩაითრევს და გულგრილს ვერ დატოვებს. ავტორი არა მხოლოდ ამბის კარგი მთხრობელია, მას უაღრესად მახვილი, დაკვირვებული თვალი აქვს - ღრმად სწვდება ადამიანის ბუნებას და პერსონაჟების საინტერესო ფსიქოლოგიურ პორტრეტებს ქმნის“ - მანანა გელაშვილი (თსუ-ს პროფესორი, შექსპირის ცენტრის ხელმძღვანელი).

რომანში ორი ძირითადი ხაზია: პირველი თანამედროვე საქართველოში ვითარდება, მთავარი გმირი კი ლენეა, სტუდენტი გოგონა, რომელიც ბებიის ბურუსით მოცული თავგადასავლის გაგებას ცდილობს - ბებიის, რომელიც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა და მისი ამბავი თვალსა და ხელს შუა გაქრა. ლენე ინფორმაციის მოპოვებას არქივის წყაროებით ცდილობს. ამავე დროს, ქალაქში უცნაური სენი ვრცელდება. მოსახლეობა იგებს აქამდე გაუგონარი ავადმყოფობის ამბავს. შუა ქუჩაში, სახლში, სამსახურში მოულოდნელად მეხსიერებას კარგავენ ადამიანები და ყველაფერი ავიწყდებათ, ავიწყდებათ საკუთარი იდენტობაც კი, მაგრამ ახსოვთ ერთი კონკრეტული ადამიანი. ამბის მეორე კვანძი აქ იკვრება. არქივში მომუშავეებამდეც მოაღწევს სენი: ვაჩე, ანგი და ლენგი დაავადდებიან და მთავრობა მათ სხვა დაავადებულებთან ერთად ე.წ. მიტოვებულ საავადმყოფოში გადაიყვანს, მოიცილებს. ლენე, რომელიც შეშინებულია ამ ვითარებით, გადაწყვეტს, ქალაქი დატოვოს. თუმცა მას უფრო მეტი მიზეზი აქვს ქალაქიდან წასასვლელად. ლენეს ახსენდება ბებიის სოფელი და გადაწყვეტს, თავად ჩავიდეს და იქნებ იქ საკუთარი ძალისხმევით გაიგოს უფრო მეტი.

მეორე ხაზი წარსულია - საბჭოთა კავშირი, ქართველების როლი და ადგილი ამ სივრცეში, ადამიანის ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში, ომი და... სიყვარული. საინტერესოა, რომ მესამე ნაწილში პირველი ორი ამბავი იკვეთება და მკითხველი საინტერესო დასკვნებს გააკეთებს. ეს არის ამბავი დავიწყებულებზე. ზოგჯერ ჩვენ ვივიწყებთ, უფრო ხშირად კი გვივიწყებენ. როგორია, იყო დავიწყებული? რას ნიშნავს მარტოობა, როგორ უნდა ებრძოლო საკუთარ თავს, თუ არ გახსოვს, ვინ ხარ? რა იყო საბჭოთა ტერორი და რა გავლენა ჰქონდა ადამიანებზე? როგორია სიყვარული, მართლა აძლევს ძალას ადამიანს ბრძოლისთვის? როგორ უნდა იყო ძლიერი ქალი ? რატომ მაინცდამაინც სენი - დავიწყება? - ეს და სხვა მრავალი კითხვა გაუჩნდება მკითხველს და პასუხების ძიებას წიგნში ან მის გარეთ დაიწყებს.

„ნანი მანველიშვილის ეს წიგნი ის ისარამოგლეჯილი კომპასია, მკითხველს მაგიური რეალიზმით გაპოხილი ბილიკებით რომ ამოგზაურებს, ახეტიალებს და, ღმერთმა ნუ ქნას, ის გაახსენდეს, რაც თავის დროზე დაავიწყდა, თუმცა...“ - გაბრიელ ტანიე (მწერალი).

წიგნის წარდგენა 14 მარტს, „ბიბლუსი გალერეაში“ (კანდელაკის N7), საღამოს 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

ღონისძიებაზე დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, ცოცხალი მუსიკა, შეხვდებით სხვა ახალგაზრდა ავტორებსაც და შეძლებთ ჩაერთოთ სახალისო გათამაშებაში და მოიგოთ ავტორის წიგნები. საღამოს გაუძღვება მწერალი თეა ინასარიძე.

იხილეთ ღონისძიების ბმული:

https://www.facebook.com/events/1142796553051575/?ref=newsfeed

R