“ჭრიჭინა”, “ქაჯანა”, “აბეზარა”, “შეხვედრა წარსულთან”, “მაია წყნეთელი”, “ხევისბერი გოჩა”, “შეხვედრა მთაში”, “აკაკის აკვანი”, “დიდოსტატის მარჯვენა” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც ლეილა აბაშიძემ დაუვიწყარი პერსონაჟები შექმნა.
ლეილა მიხეილის ასული აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. მამა, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და გადაასახლეს. ლეილას დედა, იმისათვის რომ მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო და ენახა, მედმუშაკად წავიდა ციმბირში და თან ქალიშვილიც წაიყვანა.
„მე და დედამ რეპრესირებული ოჯახის წევრი მხოლოდ ციხის გისოსებს მიღმა ვნახეთ, ახლოს მისვლა არ შეიძლებოდა, გვეკრძალებოდა და მხოლოდ შორიდან ვესალმებოდით ერთმანეთს. იყო გახლართული მავთულები, სადაც 220 ვოლტი დენი გადიოდა, ვერ მიეკარებოდი, იქვე დედამ ერთი ადგილი იცოდა, დადგებოდა და შორიდან შეუმჩნევლად დაუქნევდა ხელს მამას, ისიც ჩუმად მიესალმებოდა. მე პატარა ვიყავი, დავიმახსოვრე ის ადგილი, გავძვრებოდი-გამოვძვრებოდი ყოველდღე, მივიდოდი იქ, ხან სიგარეტს გადავუგდებდი მამას, ის გამომხედავდა ასე მადლიანი თვალებით და მხოლოდ ეს იყო ჩვენი შეხვედრები.“
ოჯახმა დიდხანს არ იცოდა, თუ რა ბედი ეწია მიხეილს. მხოლოდ წლების შემდეგ, ლეილას დედა წერილი მიიღო, რომელიც ქმრის დახვრეტას ატყობინებდა.
საქართველოში ახალდაბრუნებული ლეილა, რომელმაც ქართული კარგად არ იცოდა, მამიდამ სინჯებზე წაიყვანა. მაშინ ახალი ფილმისთვის ცელქი და ანცი გოგონა სჭირდებოდათ, ლეილა კი ამისთვის შესანიშნავი ვარიანტი იყო. მაგრამ სინჯებზე მისულს გამოპრანჭულ და ბაფთიან გოგონებს შორის „ჩაუცმელ“ ლეილასთან ასისტენტი მივიდა და პირდაპირ უთხრა: გოგონა, თქვენ თავისუფალი ხართ, წაბრძანდით.
კინოსტუდიიდან გასული არ იყო რომ კიბეზე თავად ფილმის რეჟისორს, პიპინაშვილს შეეჯახა, რომელსაც გოგონას სახასიათო გარეგნობა და ბავშვური ხასიათი უყურადღებოდ არ დარჩენია და ლეილა იმ დღესვე ფილმში „ქაჯანა“ კატოს როლზე დაამტკიცეს. სკოლის დამთავრებამდე კიდევ ორ ფილმში ითამაშა: „ოქროს ბილიკი“ და „აკაკის აკვანი.“ სტუდენტობის პერიოდში კი გადაიღეს ფილმებში: “ქეთო და კოტე” (ყვავილებიანი გოგონა, 1948) და “გაზაფხული საკენში” (ნინო, 1950).
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თეატრში გაანაწილეს. ამავე პერიოდში მიიღო მოწვევა კინოსტუდია “ქართულ ფილმში”, თეატრში გადაჭრით უთხრეს, რომ კინოსა და თეატრს შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინა, ლეილამ კინო აირჩია და კინოსტუდიასთან თანამშრომლობა დაიწყო.
აქედან იწყება ლეილა აბაშიძის არც ისე ხანგრძლივი გზა ქართულ კინემატოგრაფიაში და შექმნილი უამრავი დაუვიწყარი როლი. საყოველთაო აღიარება მოუტანა კომედიური ხასიათის როლებმა ფილმებში მარინე (“ჭრიჭინა”, 1954), ლია (“აბეზარა”, 1957). ფილმმა “ჭრიჭინა” მთელი მსოფლიოს ეკრანები მოიარა და მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა. ნატო ვაჩნაძის შემდეგ ლეილა აბაშიძე ყველაზე პოპულარული ქართველი ვარსკვლავი გახდა. უცხოური პრესა მას ამერიკელ მსახიობს, მერი პიკფორდს ადარებდა.
კარიერის მომდევნო ეტაპზე ლეილამ ბიჭად გარდასახვა, შარვლის მორგება და მანქანის მძღოლობაც მოასწრო, მაგრამ ერთ დღეს მისი კინოში მოღვაწეობა გაჩერდა და 30 წლიანი პაუზის შემდეგ, მხოლოდ ერთხელ გაგრძელდა. ეს მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა. რატომღაც, ყველაზე ნიჭიერი მსახიობისთვის როლის მიცემა აღარავის უნდოდა.
ლეილას ეკრანიდან გაქრობის უამრავი ვარაუდი წარმოიშვა. ზოგი ამას უბრალოდ კინემატოგრაფიის ცვლილებას უკავშირებდა, ზოგის აზრით კი ამ ყველაფრის მიზეზი უფრო სერიოზული იყო და ის მსახიობის პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა.
მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პერიოდი მსახიობ გოჩა აბაშიძეს უკავშირდება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მათ რომანი ჰქონდათ და გოჩამ თავი ლეილას გამო მოიკლა. ამ საკითხზე ერთ-ერთ ინტერვიუში გოჩა აბაშიძის მეუღლე, კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია საუბრობდა:
“მე გოჩას სიკვდილში ვერ დავადანაშაულებ და არც დავადანაშაულებ ლეილა აბაშიძეს. მას ბრალი არ მიუძღვის. არსებობს მრავალი მიზეზი, რომელიც ამუქებდა გოჩას ცხოვრებას და საბოლოოდ ასეთი ნაბიჯი გადაადგმევინა. გოჩას მამა გარდაეცვალა, დედამისს სხვა ოჯახი ჰქონდა. გოჩამ თავისი “პობედა” გაყიდა, ვინც იყიდა, ფული გადაუხადა, მაგრამ ვერ გადაიფორმა, უკან დაუბრუნა და ფული მოსთხოვა. ფული ოჯახს უკვე დახარჯული ჰქონდა, მოვალე ყოველდღე აწუხებდა, დილიდან ურეკავდა, უკაკუნებდა, სადარბაზოსთან ელოდებოდა, სახლში ვერ შედიოდა და აივნიდან გადადიოდა. იმ დროს უკვე კინოსტუდიაში მუშაობდა, “თეთრ ქარავანში” უნდა ეთამაშა მთავარი როლი, სტუდიაში ავანსისთვის მივიდა, რომ ამ ავანსით მაინც გადაეხადა ვალის ნაწილი. მივიდა, ბატონ ელდარ შენგელაიას სთხოვა ავანსი, მან უთხრა, რომ მოხსნილი იყო როლიდან… ეს გზაც მოეჭრა ვალის გადახდის. ამასთანავე, მთელი წელი უხელფასოდ რჩებოდა, რადგან ფილმში არ იყო დაკავებული, გაცეცხლებული შევიდა დირექტორთან, კობახიძესთან, მდივანმა გაიგონა კობახიძის სიტყვები: შავგულიძე მოკვდა, თან არავინ გადაჰყოლია, შენ ვინ გადაგყვებაო. გამოვარდა გარეთ, ამ დროს მისაღებში ისხდნენ ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე. დევიმ სთხოვა, გაჰყევი ამ ბიჭს, თავს არაფერი აუტეხოსო. ლეილა აედევნა გოჩას. გოჩა ჩაჯდა მანქანაში და გავარდა, მას რომ სიკვდილი სდომებოდა, მანქანითვე გადაიჩეხებოდა სადმე. ალბათ, ამით ვინმეს შეშინება უნდოდა, დალია საწამლავი და მიაკითხა ლეილამაც… გოჩა ხელებში ჩააკვდა და ეს რომ დაინახეს, ყველაფერი ლეილას დააბრალეს. ეს რომ ტყუილი იყო, მე თვითონაც გვიან გავიგე…”
მაშინ არავის დაუწყია იმის გარკვევა, იყო თუ არა ლეილა გოჩა აბაშიძის სიკვდილში დამნაშავე. მსახიობი ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე საყვარელ საქმეს ჩამოაშორეს.
ლეილა აბაშიძე კინოს 1976 წელს ნანა მჭედლიძის ფილმით, „გასეირნება თბილისში“ დაუბრუნდა. ნანა ღოღობერიძის ფილმში „ორომტრიალი“ შესრულებული როლით კი ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა. თუმცა, ამით მისი კარიერა საბოლოოდ დასრულდა.