"შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა. არაფერი მინდოდა..." - თინა ვარდანაშვილის როლი ფილმში "როცა აყვავდა ნუში", პირადი ტრაგედია და კარიერა - Marao

"შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა. არაფერი მინდოდა..." - თინა ვარდანაშვილის როლი ფილმში "როცა აყვავდა ნუში", პირადი ტრაგედია და კარიერა

2023-03-11 14:16:04+04:00

პირველად რომ შევხვდი, წლების წინ, 56 წლის იყო. მახსოვს, ინტერვიუზე კარგა ხანს მახვეწნინა, ოღონდ არა იმიტომ, რომ პატივმოყვარე ან ამბიციური იყო, არამედ... გამომიტყდა, - რაც ასაკში შევედი, წონაში მოვიმატე და არ მომწონსო... მაინც დავიყოლიე და დღემდე ტკბილად მახსენდება ის შეხვედრა და კიდევ, შეხვედრამდე - სიმწარე, ქარიან დღეს ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩას ბოლომდე რომ ავუყევი, მერე კი, ვიდრე მის კერძო სახლს მივაგნებდი, კინაღამ ძაღლებმა რომ შემჭამეს, მაგრამ... ღირდა! მხოლოდ ცოტათი იყო წონაში მომატებული, მაგრამ ვერავითარი მომატება ვერ ლახავდა მის ღვთიურ სილამაზესა და ჯადოსნურ ღიმილს! სწორედ ისეთი იყო, როგორიც "გამომყვა" ბავშვობიდან და როგორიც წარმომედგინა დიდობაში - ძალიან ლამაზი და სათნოღიმილიანი თინა ვარდანაშვილი, დაბეჯითებით რომ მარწმუნებდა (ალბათ კი, თავს ირწმუნებდა), სამოცს რომ გადავაბიჯებ, ახალ ცხოვრებას დავიწყებ და უფრო მივხედავ თავსო... ვერ წარმოიდგენთ, როგორ გავიხარე, რომ "ნამდვილიც" ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც დიდი ხნის წინ, უფრო სწორად - ყოველთვის, გაზაფხულზე, "ნუშის ყვავილობისას" იყო...

ახლაც გაზაფხულია და ნუშიც მალე აყვავდება, მანამდე კი ხეებს ნუშის ყავილებივით ათოვს და... ძალიან მომინდა თქვენთან ერთად მისი გახსენება... ღვთიური სილამაზის გახსენება...

მახსოვს, მიამბობდა, ბედნიერი ახალგაზრდობა მქონდა, რასაც ვინატრებდი, ყველაფერს მისრულებდნენ, კარგი მეგობრები და ახლობლები მყავდა და საწუწუნოც არაფერი მაქვსო.

ადრე გათხოვილა. - 20 წლის ვიყავი, მხატვარ სერგო ქობულაძის რძალი რომ გავხდი და ჩემი ხელოვნებაც მთლიანად დაიჩრდილაო, - მეუბნებოდა ღიმილით, თან უდიდესი სითბოთი იხსენებდა თავის ლამაზ ოჯახს: - სერგო საოცარი ადამიანი იყო, თავისებური. პირველი შეხვედრისთანავე პატივისცემასა და მოწიწებას იმსახურებდა. სულ სახელოსნოში მუშაობდა. მთელ დღეს ყავასა და ჩაის სმას ჯერდებოდა, მხოლოდ ერთხელ სადილობდა. ბავშვებზე კი გიჟდებოდა. დედამთილი მყავდა ანგელოზი, არაჩვეულებრივი ადამიანიო.

მისი მეუღლე - მერაბ ქობულაძეც, ასევე, მხატვარი იყო, კერამიკოსი. იმ სტუმრობისას ბატონი მერაბიც გავიცანი. მახსოვს, მომიბოდიშა, ხელს არ შეგიშლითო და დაგვტოვა, ქალბატონმა თინამ კი თხრობა განაგრძო: - მალევე ორი შვილი შეგვეძინა. ბედნიერები ვიყავით. მერე... 16 წლის ქალიშვილი - სალომე დამეღუპა ავარიაში. ახლა ერთი ქალიშვილი დამრჩა, ლიზა. კარგი მეუღლე ჰყავს და არაჩვეულებრივი შვილები. შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა. სულ ვიწექი, არაფერი მინდოდა. ამ პატარებმა - შვილიშვილებმა კი სიცოცხლე დამიბრუნეს, ფეხზე წამომაყენეს და სულ სხვა ადამიანად ვიქეციო.

წაიკითხეთ სრულად