კარგია, ბიბი რომ გაიცნო. სანაპიროს რომ მიუყვებოდა, დაინახა, ვიღაც მამაკაცი როგორი წვალებით ცდილობდა დამპალი ფანჯრის ჩარჩოს გამოცვლას. გულმა არ მოუთმინა და მაშინვე დახმარება შესთავაზა. ასაკით კაცი სერგიზე ბევრად უფროსი იყო, შუახნის თავისუფლად ეთქმოდა. ამიტომ, როცა გაიგო, ბიბი ერქვა, რატომღაც, გაუკვირდა. ისე, როგორც მატილდას შემთხვევაში. ამხელა ქალს სახელი მატილდა არ უხდება. ახალგაზრდა და ქორფა რომ იყოს, კიდევ ჰო, მაგრამ… დაიჯეროს, ორმოცის არ იქნება? შეიძლება მეტისაცაა, ქალებისას რას გაიგებ, თუმცა მოვლილი რომ არ არის, ყველაფერში ეტყობა. ეს რომ დახატო ახლა, „პრიჩო” დაუყენო და კარგად „გაზმანო”, მაგარი ქალი გაიჩითება. მაგარი და პირი ღია არ დაგრჩება, მაგრამ აუცილებლად მოგხვდება თვალში, ისეთი იქნება. არა, ისე, არც ახლაა ურიგო, მშვენიერია აღნაგობა აქვს, ჯიშიანი ქალია, კარგი ტან-ფეხით, მადის აღმძვრელი, უბრალოდ, ცოტა „გალესვა” სჭირდება.
ეჰ, რაზე ფიქრობს. ამისთვის სცხელა ახლა?
ბიბისთან მთელი დღე იმუშავა, თან სიამოვნებით. უხაროდა, რომ თავისი ცოდნის გამომჟღავნება სრულიად უცხო ადამიანთან სრულიად უცხო ადგილას მოუწია. ისიც კმაყოფილი დარჩა და სერგიც. საღამომდე სამი ჩარჩო გამოუცვალა ბიბის, გემრიელადაც ასადილეს და ექვსი ჭიქა ღვინოც გადაჰკრეს. ფიქრიაც იქ გაიცნო, ბიბის ქალი, რომელმაც კაცს რაღაც საბუთები მოუტანა.
სერგის ფულსაც სთავაზობდა ბიბი, მაგრამ არაფრით არ გამოართვა. სამაგიეროდ, ახალი ნაცნობი შეჰპირდა, რახან ასეთი ოქროს ხელები გაქვს, უამრავ საქმეს გიშოვი და ხელსაც მოითბობო. ჰოდა, აი, ეს ქალი გამოუნახა, ერთობ უცნაური ქალი, რომელსაც პატარა გოგოს სახელი ჰქვია. საინტერესოა, რა აქვს ჩაფიქრებული. შეიძლება აზროვნებს კიდევაც და სულ ტყუილად ეცინება სერგის გულში. რა გასაკვირია, როცა ქალი მარტოხელაა, სხვა რა საქმე აქვს, ოდნავ მაინც თუ უჭრის ჭკუა, შეიძლება შედევრიც კი შექმნას.
ამ ფიქრებით დამძიმებული მანჯგალაძე მდუმარედ მიჰყვებოდა მატის უკან. უცებ ქალი ბოლო საფეხურზე შეჩერდა, მოტრიალდა და შეხედა ამ 1.90 სიმაღლის კაცს და მიუხედავად იმისა, რომ მატილდა 1.60-ის მეტის არ იქნებოდა, ზედა საფეხურიდან მაინც ზემოდან დაჰყურებდა მამაკაცს. ქალმა ქედმაღლური იერით შეათვალიერა და უცებ ისეთი საოცრება თქვა, სერგიმ სიცილი ძლივს შეიკავა:
- რამე საბუთი გაქვთ, რომ ნამდვილად ხელოსანი ხართ?
- რეზიუმე ხომ არ მოგიტანოთ, ქალბატონო? - სიცილნარევი ღიმილით მიუგო.
- რატომაც არა, კარგი იქნება, - მისი ირონია არად ჩააგდო მატიმ.
რეზიუმეო! უკვე აღარ იცოდა, გაეცინა თუ წასულიყო. რამდენიმე წუთის წინ აქედან გაქცევა საუკეთესო ვარიანტად მიაჩნდა, მაგრამ ახლა არც ფული აწყენდა და არც კარიერის განახლება. კატერზე სიმარტოვეში ცხოვრება, როცა დასაყრდენი არაფერი გაგაჩნია და არც მხარდამჭერი გყავს გვერდით, სულაც არ არის კარგი გამოსავალი. ეს სამუშაო კი, რაც უნდა უმნიშვნელო იყოს, შეიძლება კარგი ნაბიჯი გამოდგეს და ერთხელაც რომელიმე სხვა სამშენებლო კომპანიაში ამოყოს თავი. მშენებლობა ხომ ერთადერთია, რაც მან ათიანზე იცის.
მაგრამ მუშაობა მხოლოდ ხელებით! არავითარი ლიდერის პოზიციები, ეს უკვე აღარ აინტერესებს.
- ჩემი რეზიუმე, - გაიმეორა, - ორიოდე სიტყვით გეტყვით. ფირმა, სადაც მე ვმუშაობდი, გაკოტრდა. არადა, მუშაობის ცამეტწლიანი სტაჟი მაქვს. ასე რომ, ჩემს რეზიუმეს განსაკუთრებული ღირებულება ვეღარ ექნება თქვენთვის. - სერგიმ არ დააკონტრეტა, რომ სამშენებლო კომპანია, საიდანაც წამოვიდა, მისი სიმამრის საკუთრება იყო, რომელმაც ლამის იძულებით დაიყენა მენეჯერად, რისთვისაც იგი მზად არ აღმოჩნდა. როგორც შემდგომ გაირკვა, სრულიად გაუაზრებლად. შედეგად, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ამ შემთხვევაში თაღლითს თუ თაღლითს ვუწოდებთ, სერგიმ დაკარგა ცოლი, სამსახური და სამშენებლო ბიზნესისადმი ინტერესი.
- რომელი ფირმაა? იქნებ მსმენია? - არ მოასვენა მატილდამ.
- „მადონა და კომპანია” გაგიგიათ?
- უი, როგორ არა. ესე იგი, იქ მუშაობდით?
სერგიმ უხმოდ დაუქნია თავი.
თუ ქალის სკეპტიკური მზერით ვიმსჯელებდით, მატილდა, სავარაუდოდ, ყოყმანმა შეიპყრო, აეყვანა თუ არა სამუშაოზე ეს ახალგამომცხვარი უკვე გაკოტრებული დურგალი.
იმედია, უარს არ ეტყვის. ამხელა გზა განა ტყუილად გამოიარა? სერგის სჭირდება ეს სამუშაო და მიიღებს კიდევაც. სხვანაირად აქედან წასვლას არ აპირებს. გარდა ამისა, არის რაღაც ამ დიდრონ, სევდიან ნაცრისფერ თვალებში და ნაზად ამობურცულ ტუჩებში…
ეჰ, რაზე ფიქრობს! მის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება მისსავე საჭიროებებზე და არა ვინმე ქალის მიმზიდველობაზე, ვინც გინდა იყოს იგი. ერთხელ უკვე იარა ამ გზით და კარგი ვერაფერი იხეირა.
- ახლა რა ვქნათ? გავაგრძელოთ ინტერვიუ თუ წავიდე? არჩევანი თქვენზეა, - მშვიდად წარმოთქვა სერგიმ, - რამდენიმე დღეში ისედაც ვაპირებ აქედან წასვლას.
- მაშინ რატომ დათანხმდით აქ მოსვლას და საქმის აღებას? - გაბრაზდა მატი.
ნუთუ წეღან მართლა დაინახა ამ ქალის თვალებში სირბილე თუ მოეჩვენა? ახლა მისი თვალები ისეთივე რბილია, როგორიც შეიძლება უჟანგავი ფოლადი იყოს.
- თვითონაც მიკვირს, - ჩაიბურტყუნა, - ჰო, კარგი. თქვენი მხრიდან სამართლიანი შეკითხვაა. ჯერ ერთი, იმ კაცს, სანაპიროსთან ახლოს რომ ცხოვრობს, ბიბი რომ ჰქვია, ფანჯრის ჩარჩოები გამოვუცვალე. გუშინ მისმა მეგობარმა ქალმა შემთხვევით ახსენა საუბარში, რომ მის ახლობელს სასწრაფოდ სჭირდებოდა სახლის გარემონტება და მკითხა, შევძლებდი თუ არა ამის გაკეთებას და თუ დავინტერესდებოდი. სიმართლე გითხრათ, ფულის ნაკლებობას ჯერ არ განვიცდი და რომც დამჭირდეს, ჩემი კატერის გაყიდვაც შემიძლია, რაც გვარიან კაპიტალს მომიტანს. ეგეთები საქართველოში თითო-ოროლას თუ აქვს.
- თქვენ თქვით, რომ ეს იყო პირველი მიზეზი, - ჩაერთო საუბარში მატილდა, - მეორე მიზეზი რაღაა? - შეეკითხა და თვალები მოჭუტა. ახლა რომ უთხრას, „ინტერესიო”, როგორც თვითონ ჩათვალა წეღან მატი გიჟად, ისე ჩათვლის ისიც სერგის. თუმცა ამ ქალმა ინსტინქტურად დააინტერესა. სწორედ ინსტინქტმა უკარნახა თავდაპირველად, შენი სიმამარი ნაძირალა და თაღლითიაო. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, მანამ ინსტინქტით იმასაც მიხვდა, რომ მის მადონას მოჰბეზრდა სერგის ქმრობა და უფრო დიდ თევზს დაუწყო ძებნა ანკესზე წამოსაგებად. და იპოვა კიდევაც, რაც მალევე გამომჟღავნდა.
- უბრალოდ, გავიფიქრე, ცუდი არ იქნება, თუ ამ საქმეს ხელს მოვკიდებ-მეთქი, - მცირეოდენი პაუზის შემდეგ სერგიმ მეორე მიზეზი დაასახელა, - პატარა ქალაქი, პატარა სამუშაო, თავის ისევ დასამკვიდრებლად ცუდი სულაც არ არის.
- ისევ?
შეიძლება ეს ქალი ერთი შეხედვით გულუბრყვილოს შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილი პირანიაა - დიდი თვალები, აბურდული თმა და ყველაფერი დანარჩენი.
- მოდი, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, დროებით გადავდოთ ეს საუბარი და საქმეს მივხედოთ, რას იტყვით? გინდათ რემონტის გაკეთება თუ არა?
მატილდამ ყრუდ ამოიოხრა და მისი ლამაზი მკერდიც აჰყვა-დაჰყვა ამ ამოოხვრას, რაც სერგის მაშინვე თვალში ეცა. რა ქნას, იგი ერთ-ერთი იმ მამაკაცთაგანია, ვისაც ასე იზიდავს ქალის ბიუსტი. თუმცა ამ შემთხვევაში თვალებს მიანიჭებს უპირატესობას. თვალები ხომ სულის სარკეა.
სულის სარკეო? რაებს ბოდავს! აი, ეს არის იძულებითი უსაქმურობის შედეგი!
- მეორე სართულის გადაკეთება მინდა, - განუმარტა მატილდამ, - არა მგონია, დიდი ხნის სამუშაო იყოს. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს. ყველა ოთახის არა, მხოლოდ ორი კედლის. კიბის გადატანაც ჩავიფიქრე, კაფეს გვერდით ისევ მინდა წიგნის მაღაზიის გახსნა. უბრალოდ, სტელაჟებს დავალაგებ და მორჩა, ბევრი არაფერი.
სერგი წამით ჩაფიქრდა, შემდეგ ნელა დაუქნია თავი, რადგან უკვე ხვდებოდა, რისი გაკეთებაც მოუწევდა.
- წიგნის სტელაჟები, რომლებსაც გარაჟში ღებავდით, - განავრცო მამაკაცმა, - სუნი კი მაინც დარჩა, საღებავის, დამწვარი დარიჩინის, გამხსნელისა და კიდევ ვინ იცის, რისი. სუსტი, მაგრამ მაინც მძაფრი სუნი.
მატიმ თავი დაუქნია.
- ვიფიქრე, ახლავე ჯობია შეღებვა და განიავება, რათა დროზე გამოშრეს-მეთქი, მანამ, სანამ კიბე გამზადდება. მერე შემიძლია მათი გადატანა და წიგნების დალაგება.
- მეტ-ნაკლებად ყველაფერი გასაგებია. ახლა მაჩვენეთ, სად რა არის გადასაკეთებელი.
- წამოდით, - მცირე ყოყმანის შემდეგ მატილდამ გადაწყვეტილება მიიღო, - გაჩვენებთ მეორე სართულის განლაგებას და ჩემს ნახაზებსაც უკეთ ჩასწვდებით. მინდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ პირველი ხელოსანი, ვინც ჩემამდე მოვიდა. ყველამ უარი მითხრა.
- რა მიზეზით?
მატიმ იცოდა, რომ მამაკაცი უკან მოჰყვებოდა, ამიტომ მთელი ძალისხმევით ცდილობდა თეძოები იმაზე მეტად არ გაერხია, ვიდრე სიარულისთვის იყო საჭირო. როგორც ჩანს, ზედმეტმა სტრესმა მის გონებაზე უარყოფითად იმოქმედა, რახან ამ კაცის მწვანე თვალები შეამჩნია, გახეხილი ჯინსი და ნაჭრის ფეხსაცმელი. სოფო რომ ყოფილიყო მის ადგილას, ეს დღე მისთვის დიდი დღე იქნებოდა. დაქალი ხომ სულ უჩიჩინებს, ვიტამინი ს - სექსი გაკლია და თავს ძალით იბერებო. თუ ამ ვიტამინით ორგანიზმს შეივსებ, ღამე კარგად დაგეძინება და შუადღემდე ზომბივით რომ დადიხარ, მაგასაც გადაეჩვეოდიო.
არადა, თავს ცუდად საერთოდაც არ გრძნობს და არც ზომბივით დადის. უბრალოდ, ტოროლა არ არის ბუნებით, ღამე გვიან წვება და დილით ადგომა მაგიტომაც ეზარება. მთელი ღამე შეუძლია ბუსავით გაათენოს, დილით კი ლოგინში იგორაოს. საკუთარი თავის მეტი ხომ საზრუნავი არავინ ჰყავს.
მგონი, რაღაცას ეკითხება ეს კაცი და მის პასუხს ელოდება. ეი, ტვინო, ჭკუას მოუხმე და მოისმინე, რას გეკითხებიან! უკვე ხუთის ნახევარია!
- მეკითხებით, რატომ მითხრეს უარი? აბა, რა გითხრათ. ერთი საერთოდ აღარ დაბრუნდა და არც მომდევნო ორი, როგორც კი გაიგეს, რაც მოეთხოვებოდათ. მითხრეს, ტყუილად დავკარგეთ დრო აქ მოსვლითო. ჰო, და მეორემ თქვა, მე მხოლოდ შაბათ-კვირას შემიძლია მუშაობა, რადგან სხვა საქმეც მაქვს აღებულიო. სულ ეს არის. მე კი გაწელვა არ მინდა, მალე გამოზაფხულდება და მინდა მოვასწრო, სანამ ტურისტები ჩამოვლენ. - თქვა მატიმ და გეზი დიდი საძინებლისკენ აიღო, რომელიც მისაღებ ოთახად უნდა გადაეკეთებინა. თვითონ პატარა საძინებელში აპირებდა გადაბარგებას.
ორი წლის წინ გადაღება ეს ოთახი მკვეთრ ყვითელ ფერში. ეგონა, კაშკაშა ყვითელი დილით გაღვიძებას აიძულებდა, რათა შუადღემდე საწოლში არ გდებულიყო. თქვენც არ მომიკვდეთ! მაინც არაფერი ეშველა.
სერგი ირგვლივ იხედებოდა, კედლებს ათვალიერებდა, ჭერსაც შეავლო მზერა, რამაც მატილდას აფიქრებინა, რომ რიგით მეოთხე ხელოსანი მის სამუშაოს აუცილებლად შეასრულებდა. რა კარგია, თუ მატის ყველაფერი გამოუვა. მისი ცხოვრება ხომ თავისუფალ ვარდნას არ განიცდის, მას მხოლოდ ეჩვენება ასე.
ქალი სერგისთან ერთად მიმოდიოდა ოთახში, თან ცდილობდა, მთლად იმედიანად არ ყოფილიყო. ცდილობდა იმასაც, არ შეემჩნია, მოსულს რაღაც ცუდად დამუშავებული ტყავის სურნელი რომ ასდიოდა და თან ვიღაცას ჰგავდა…
არა აქვს მნიშვნელობა, ვის ჰგავს. ეგ ვიღას აინტერესებს. ამაზე იმიტომ ფიქრობს, რომ დიდი ხანია უკაცო ცხოვრებას ეწევა და გული ძალაუნებურად ეწევა მამრისკენ. უმართავი გული! ჯიუტი გული, ხასიათების გული! სულ მისი ბრალია, ასეთ რაღაცებს რომ ამჩნევს, თორემ მატილდას კაცები საერთოდ აღარ აინტერესებს.
ბოლოს მიადგნენ საკუჭნაოს, რომელიც სამზარეულოსთვის უნდა მიეერთებინა. ასე ჰქონდა ჩაფიქრებული.
- იქნებ თქვენი ნახაზებიც მაჩვენოთ? თუ ესკიზები?
დიდი საძინებელი საკმარისად ფართო იყო, მაგრამ სრულიად უდროო დროს მოეძალა ფანტაზია. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს კედლები მოძრაობდნენ და ქალს მამაკაცისკენ უბიძგებდნენ. სუნთქვაშეკრულმა მატიმ ძლივს ამოთქვა:
- აი, ნახეთ, ესაა. უბრალოდ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მე არქიტექტორი არ ვარ. ეს მხოლოდ ზოგადი იდეაა, რომელსაც ფრთები თქვენ უნდა შეასხათ. მთავარია მიმიხვდეთ, რა როგორ მინდა.
ქალი ყვითელ კედლებს მოშორდა და კიდევ ერთხელ გაიფიქრა, რა ადრე ბნელდება იანვრის ბოლოს, განსაკუთრებით ღრუბლიან დღეებშიო.
- ყავას მოგიდუღებთ, ხომ დალევთ? - ყავას კი არა, ხორციან კერძსაც კი მოუმზადებს, ოღონდ კი მუშაობაზე უარი არ თქვას.
მატილდამ შეამჩნია, როგორ ათვალიერებდა ხელოსანი მის საძინებელს, სადაც ინახავდა მუყაოს ყუთებს, რომლებშიც წიგნები დაუდევრად ჰქონდა ჩალაგებული. რა ქნას, უწესრიგობა სძულს, ყოველთვის სძულდა, მაგრამ ბოლო დროს მთლად თავით გადაეშვა ამ უწესრიგობაში. ფიქრიას უყვარს ხოლმე თქმა, როგორც გაშლი შენს თეთრეულს, ისე დაგეძინება მასშიო.
ჰმმმ… მარტო თუ ვინმესთან ერთად?
- აქ დაბრძანდით და ყავას ახლავე მოგართმევთ, - მატილდამ ხელოსანი სასტუმრო ოთახში დატოვა, თვითონ კი წყლის ასადუღებლად სამზარეულოს მიაშურა. უკვე ძალზე გვიან იყო სინანული, რომ სანამ ზემოთ იყო და დურგალი მოადგებოდა, შეეძლო თმაც შეეკრა, ფეხზეც ჩაეცვა და იქნებ ქოქოსის არომატის პომადაც წაესვა თავის ლამაზ ტუჩებზე.
სიმპათიური მამაკაცია. მართალია, არც ისე სიმპათიური, რომ გული წაგივიდეს, მაგრამ მაინც. ვერ ვიტყვით, რომ მატილდას მამაკაცის რაღაც გარკვეული ტიპი მოსწონს, მაგრამ რომ მოსწონებოდა, ასეთი ნამდვილად არ იქნებოდა. პირველად რომ შეუყვარდა, თექვსმეტი წლის არც იყო. შეყვარებაც იმას ერქვა. გოგას დანახვაზე სახე ისე უხურდა, თითქოს ცეცხლის ალშია გახვეულიო. არა, რა თქევსმეტის! მეცხრე კლასში სწავლობდა. აივანზე გამოსულმა იგრძნო, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. მზერამ მზერა იცნო, მაღლა აიხედა და თავისზე ბევრად უფროსი ბიჭის ჩასაფრებულ თვალებს შეეფეთა. შეეფეთა და იმ თვალებში ჩარჩა. განა მხოლოდ თვალები, გულიც კი. არც იცნობდა, ნანახიც არ ჰყავდა, მხოლოდ სახელი გაეგონა მისი, ერთი განებივრებული დედისერთა ბიჭის, გოგონების რისხვად რომ ნათლავდნენ მეზობლები. პირველად მაშინ გაიგონა სიტყვა „ბაბნიკი” და მთელი ორი დღე ცდილობდა მიმხვდარიყო, რას ნიშნავდა. ჰოდა, ის „ბაბნიკი” მატილდასაც რისხვად მოევლინა. მაშინ მართლა უხდებოდა თავისი სახელი, გამხდარი იყო, ლამაზი და ცქრიალა. ისე დაფარფატებდა, პეპელას მოგაგონებდათ. როგორც ჩანს, გოგასაც უყვარდა მისნაირი პეპლები, ამიტომაც დაასვა თვალი. მერე შემთხვევით სადარბაზოსთან შეხვდნენ ერთმანეთს. ის მიესალმა. ესეც. იმ დღიდან სხვა ვერაფერზე ფიქრობდა. მხოლოდ გოგათი იყო დაკავებული მისი გონება, ფიქრი და ფანტაზია. ბებო ასწავლიდა ბავშვობიდან, ისე არაფერი ამშვენებს ქალს, როგორც კარგად შერჩეული მამაკაციო. თეფშს ბოლომდე მოესუფთავებინებდა, თუ გინდა ლამაზი და თბილი ქმარი გყავდეს, ჭამისას ლუკმა არ უნდა დაგრჩეს თეფშზეო და მატიც თავს არ იზოგავდა, ისე მოაპრიალებდა ხოლმე. გეგონება, იქ თავისი მომავალი ქმრის სურათი იყო დახატული და გულმოდგინე მოპრიალებით მისი პორტრეტის დანახვას შეძლებდა.
ჰოდა, რაც გოგა გაიცნო, ფიქრი აეკვიატა, რა მართალი ყოფილა ბებიაჩემიო. ეგონა, მორჩა, გოგა იყო მისი პირველი და უკანასკნელი მამაკაცი.
ახსოვს, ერთხელ სტუმრად მოსული დეიდაშვილის ექვსი თვის ანდრია გაიყვანა გარეთ სასეირნოდ. გოგაც დაბარებულივით მის გვერდით გაჩნდა. ალბათ ფანჯრიდან დაინახა, ეზოდან რომ გადიოდა მატილდა და თვითონაც ჩამოვიდა. შეჰყვნენ საუბარს. გოგა გურული იყო და საოცარი იუმორი ჰქონდა. ჰკითხა, შენ იცი თუ არა, ზუკუტური რას ნიშნავსო. არა, არ იცოდა მატიმ, რას ნიშნავდა ზუკუტური. თურმე კაცი კაცს რომ მოიკიდებს ზურგზე, იმას ჰქვია. ახსოვს, ამაზე ბევრი იცინა. მერე გოგამ ბავშვი გამოართვა და თვითონ ჩაიწვინა მკლავებში. სწორედ ამ დროს ვიღაც ბიჭმა გამოიარა, მატილდა შეათვალიერა, გოგას მიესალმა და ჰკითხა, ცოლი ხომ არ მოგიყვანია, ეგ ბავშვი შენი შვილიაო? იმანაც, კიო, თავი დაუქნია, მოლოდოი აწეც ვარო, მერე ანდრია ისევ მატილდას დაუბრუნა და დაამატა: მოლოდაია მამაო. ახლაც კი აჟრიალებს ამის გახსენებაზე. რამხელა სიამოვნება იყო მისი სიტყვების მოსმენა, თითქოს უკვე ცოლი და ქმარი ყოფილიყვნენ. არადა, გოგა რუსეთში სწავლობდა. მხოლოდ ზაფხულობით, არდადეგებზე ჩამოდიოდა თბილისში. შესაბამისად, შეხვედრითაც წელიწადში ერთხელ ხვდებოდნენ ერთმანეთს. კაცმა არ იცის, გოგა სხვა დროს ხვდებოდა თუ არა სხვა გოგოებს, მაგრამ მატილდასთვის სხვა ბიჭები არ არსებობდა. მხოლოდ და მხოლოდ მასზე ფიქრობდა და ოცნებობდა. ამ ფიქრსა და ოცნებაში გაჰყავდა შემოდგომაც, ზამთარიც და გაზაფხულიც. სულმოუთქმელად ელოდა ზაფხულის დადგომას და გოგას ჩამოსვლას.
ისიც ახსოვს, პირველად რომ აკოცა. ან კი რა დააავიწყებს. განა ვინმეს ავიწყდება პირველი სიყვარული და პირველი კოცნა? რახან მათი დედები მეგობრობდნენ, მატილდაც სტუმრობდა ხოლმე გოგასიანებს. ერთხელაც იმ დროს მივიდა, როცა მის გარდა ბინაში არავინ იყო. აი, მანდ კი დაერხა. რომ წამოაქცია ბიჭმა საწოლზე და აკოცა, ისე შეშინდა, სულ თავბედი იწყევლა, აქ რამ ამომიყვანაო. კოცნა მანამ მხოლოდ ფილმებში ენახა და ეგონა, ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. ამიტომ გაოგნდა, როცა სრულიად საპირისპირო რამ შერჩა ხელში. გოგას კოცნა სულაც არ ჰგავდა ფილმებში ნანახ ტუჩ-ამბორს, რასაც მოგვიანებით მიხვდა, როცა უფრო წამოიზარდა და ფრანგული კოცნის „ამბავი” პრაქტიკულად შეიგრძნო. თუმცა პირველი იყო შემაშინებელი, თორემ მერე ყველაფერი დალაგდა. როგორც კი დროს იხელთებდნენ, სადარბაზოში შეიძურწებოდნენ და იქ ეფერებოდნენ ერთმანეთს. არა, ზედმეტი არაფერი ყოფილა, მაგის უფლებას ტრადიციულად გაზრდილი გოგო როგორ მისცემდა ვინმეს, მაგრამ რაც ხდებოდა, ისიც კი იმდენად სასიამოვნო იყო, მატის მთელი კვირა ჰყოფნიდა ხოლმე გასახსენებლად.
ასე გავიდა წლები, სანამ მატილდა სკოლას დაამთავრებდა და სტუდენტი გახდებოდა. რა თქმა უნდა, იმიჯი შეიცვალა, თმა შეიჭრა, გაიპრანჭა, წამწამები დაიტუშა, თვალები შავი ფანქრით დაიხატა, პომადა წაისვა და სულ სხვა ქალად გარდაიქმნა. გაოგნდა გოგა, როცა პირველად ნახა დაქალებული მატი. სასეირნოდ დაპატიჟა. შეუდგნენ აღმართს, ერთი ქუჩით მაღლა აიწიეს და მოფარებულში დადგნენ. გოგამ უთხრა, ძალიან მომწონხარო და აკოცა. მატის გული დასწყდა, სიყვარული რომ არ აუხსნა და უთხრა, მე არ მომწონხარო. არასდროს დაავიწყდება, როგორ შეეცვალა ბიჭს სახე, ამიტომ მაშინვე დაამატა, მე მიყვარხარო. ეს იყო პირველი სიყვარულის ახსნა. მან, მატილდა გეგეშიძემ, ოთხი წლის ნალოლიავები სიყვარული ხმამაღლა გააჟღერა და ბიჭს პირველმა აუხსნა სიყვარული.
თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჰო, კარგად მიდიოდა, სანამ…
ერთ დღეს მათ ქუჩაზე მატიმ გოგა სხვა გოგოსთან ხელიხელჩაკიდებული არ დაინახა. პირისპირ შეეჩეხნენ ერთმანეთს. მატილდა მის დანახვაზე, როგორც ყოველთვის, გაწითლდა. დარწმუნებული იყო, რომ შიში სახეზე დაეტყო. დარწმუნებული იყო, რომ გოგამ გულში კმაყოფილებით ჩაიცინა. ბიჭმა გოგოები ერთმანეთს გააცნო. მატის უთხრა, ეს ჩემი მეგობარიაო, იმ გოგოს კი მატიზე უთხრა, ჩემი მეზობელიაო. მეზობელიო! მეტი არაფერი. მერე მატილდა ორივეს დაემშვიდობა და არეული ნაბიჯებით გააგრძელა გზა. მასში შიში და იმედი მონაცვლეობდა. იმედი იმისა, რომ ის გოგო მისი მეტოქე არ გამოდგებოდა. შიში იმისა, რომ პირველი და ყველაზე ღრმა სიყვარული, მაგრამ თურმე ბრმა, ხელიდან ეცლებოდა. მისი გონება გამალებული დარბოდა ერთი ფიქრიდან მეორეზე. ბოლოს თავი ამაყად ასწია, თავისი იდეალურად სწორი თმა მხარს უკან გადაიყარა, საცა წვრილია, იქ გაწყდესო, იმპერატიული ტონით წარმოთქვა და ისეთი შვება იგრძნო, ერთიანად დაიცალა.
ორი კვირა არ იქნებოდა გასული, რომ კორპუსში ხმა დაირხა, გოგამ ცოლი შეირთოო. აღარ იტყვის, რა გადაიტანა. აღარ იტყვის, რამდენი ცრემლი ღვარა… არც იმას იტყვის, როგორ დაემსხვრა ოცნებები. აბა, პროფესორის ქალიშვილს როგორ გაუტოლდებოდა? სად მატი და სად ის გოგო? ელიტიდან გადმომხტარი! როგორ გაუწევდა მეტოქეობას?
მას შემდეგ გოგას მხოლოდ სიზმრებში ნახულობდა. სულ ერთი და იგივე მეორდებოდა, რაც იყო მათ შორის, მხოლოდ ის ესიზმრებოდა, თითქოს თავიდან იწყებოდა ყველაფერი, შეკრულ წრესავით ერთი წრეწირზე ტრიალებდა. არადა, რა კარგად აეწყო ურთიერთობა, ევროპასა და აზიასავით ევრაზიას ქმნიდნენ, ისეთი კარგი წყვილი იყო. ფუჭი ცნებები, ამაო, ამაო.
გონებაში კატალოგს ქმნიდა და ყველა იმ იმიჯს იმახსოვრებდა, რომელშიც გოგა ენახა და მოსწონებია. სხვა რაღა დარჩენოდა! კანფეტი წაართვეს და მხოლოდ კარამელი შერჩა ხელთ!
მერე, როცა წლები გავიდა და მატილდა უკვე გათხოვილი იყო, კიდევ ერთხელ გადაეყარა სრულიად შემთხვევით გოგას. და სწორედ მაშინ გაირკვა ყველაფერი. თუმცა ყველაფერი არა…
ჰოდა, პირველი სიყვარულით განხიბლული მატილდა ისე მოიქცა, როგორც ასეთ შემთხვევაში იქცევიან ხოლმე გოგო-ბიჭები. თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო, იფიქრა და გათხოვება გადაწყვიტა. ცხრამეტი წლის იყო მაშინ. ბრაზნარევი საყვედურით გადახედა გონებაში თავის ცხრაასკაციან თაყვანისმცემელთა მზერით შეიარაღებულ არმიას, აი, თქვე ბოთეებო, როგორ ერთმა მაინც ვერ შეძელით ჩემი მონუსხვა და გადაბირება, რომ ამ „რისხვას” არ ჩავვარდნოდი ხელშიო.
ადგა და გათხოვდა. სულ რაღაც 16 კვირაში. ალექსანდრე ჯავახიშვილს გაჰყვა ცოლად. ეს სახლი, სადაც ახლა ცხოვრობს, სწორედ მისი კუთვნილებაა, მისგან დარჩა მატილდას. სიყვარულით ნამდვილად არ უყვარდა ალექსი, მაგრამ იმდენად მაინც მოსწონდა, რომ ცოლად გაჰყოლოდა და არ ენანა. თუმცა ეს მოწონება ცოტა აღმოჩნდა, რადგან მხოლოდ თაფლობის თვისთვის ეყო. მიუხედავად ამისა, ოჯახის დანგრევა მაინც არ უნდოდა, ამიტომ ბოლომდე ლექსოსთან დარჩა. მას შემდეგ კი, რაც მის ახალგაზრდა მეუღლეს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, განქორწინების საკითხი დღის წესრიგში ერთხელაც არ დამდგარა.
ლექსოს გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაქალების დაჟინებული ჩიჩინით მეორედ გათხოვდა. ახლა თვითონაც უკვირს, რამ გადარია მაშინ, რამ მოუარა, მაგრამ გააცნეს თუ არა ბორისი, ისე მოიხიბლა მისი იუმორითა და მდიდარი მამაკაცისთვის დამახასიათებელი მანერებით, აღარც დაფიქრებულა, გაუმართლებდა თუ არა უღელში მეორედ შებმა.
არ გაუმართლა. დრომ აჩვენა, რომ ბორია, მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი ოჯახიდან იყო, სულაც არ აღმოჩნდა მდიდარი. იგი მამას სახლიდან გაუგდია და თურმე ისეთ საცოლეს ეძებდა, ვინც ბინით უზრუნველყოფილი იქნებოდა. და აი, მატილდა ღვთის საჩუქარივით ჩაუვარდა ხელში.
უკან თუ მიიხედავდა მატილდა, თავის წარსულში, თამამად შეეძლო ეთქვა, რომ მისი ყოფილი ქმრები სერგიზე გაცილებით სიმპათიურები იყვნენ. მაშინ რას ხედავდა იგი ასე მიმზიდველს ამ ხელოსნის უხეირო ტანსაცმელში, გაჩეჩილ გრძელ თმასა და უხეშ სახის ნაკვთებში, ამგვარად რომ დააფიქრა? მართლა დახარბებული იყო მამაკაცთა საზოგადოებას? ნუთუ ასეთი დამშეული იყო და ახლა აეხილა თვალი?
ცხადია, ასე ყოფილა.
როდესაც მატიმ პირველად ახსენა თავისი სამშენებლო გეგმები, სოფომ, მარადიულმა ოპტიმისტმა, რომელმაც ოთხი განქორწინება „გადაიტანა”, ერთი რაღაც ნივთის ყიდვა ურჩია. ქალს კარგა გვარიანად მოუწია დაფიქრება, სანამ გაიაზრებდა, რომ ის რაღაც ერთი ნივთი კედელში ლურსმნის ჩასაჭედებელი ჩაქუჩი ან ბურღი არ იყო. ეგღა აკლდა ახლა, „იატაკქვეშა სექსშოპი” ეძებნა და „ერთი რაღაც ნივთი” შეეძინა თავისი სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად. ამის გამო თავს არ დაიმცირებდა და სოფომაც მიიღო მაშინ საკადრისი პასუხი.
- გესმით, რას ვგულისხმობ, ხომ? - გასძახა დურგალს სამზარეულოდან.
მისაღებიდან რამდენიმე წუთი ხმა არ ისმოდა.
- მინდა, რომ სათავსო სამზარეულოდ გადაკეთდეს, უფრო სწორად, სასადილო ოთახად, სადაც რამდენიმე მაგიდის დადგმა მოხერხდება და კიდევ სხვა საჭირო რამეების განთავსება. ღია კაფეს გავაკეთებ მეორე სართულზე, ტურისტებს უყვართ ღია სივრცეები. აი, სტუდიოს ტიპის ბინებში რომაა, ისეთს ვგულისხმობ. თან სამზარეულო, თან სასადილო. ეს ოთახიც ღია სივრცედ მიუერთდება და საკმაოდ ფართო გამოვა.
გაგრძელება იქნება