ია ფარულავასა და ოსკაროსანი მსახიობის, რობერტ დე ნიროს შეხვედრის ისტორია საქართველოში დღემდე პოპულარულია. 1987 წელს გამართულ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამერიკელმა მსახიობმა დაჯილდოების ყველაზე ლამაზ ქალად ია ფარულავა დაასახელა.
" ერთი პატარა მაგიდა გვქონდა ქართველ გოგონებს და ვისხედით ჩვენთვის და ამ საფესტივალო წვეულებაზე დე ნირო აიყვანეს სცენაზე. იყო ასეთი ნომერი - ავირჩიოთ ფესტივალის ყველაზე ლამაზი ქალი. რუსებს უკვე გამზადებული ჰყავდათ იმ დროისთვის ცნობილი რუსი მსახიობები გასამარჯვებლად. მახსოვს, ერთ-ერთი მათგანი იყო ლუბოვ პალიშუკი, რუსი მსახიობი, უკვე გამზადებული რუსული ეწ. კოკოშნიკით და პურით და მარილით ხელში და მასთან ერთად კიდევ ერთი მსახიობი. ამ დროს დე ნირომ განაცხადა ასეთი რაღაც: ესენი, ფესტივალის ხელმძღვანელები, მეუბნებიან, რომ ამ ქალებიდან აირჩიე ერთ -ერთიო და მე არც ერთი გოგონა არ მომწონს აქედან. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს გოგო მომწონს და ამას ვირჩევო და ხელი ჩემკენ გამოიშვირა. მე, რა თქმა უნდა, დავიბენი, არ ვიცოდი, რა მექნა. გოგონები ხელს მკრავდნენ, ადი სცენაზეო. როგორ ავედი სცენაზე, არ მახსოვს. დე ნირომ თქვა, იას ვირჩევ ყველაზე ლამაზ ქალად კინოფესტივალისო. იქ ძალიან ბევრი დაიბოღმა, იმ ქალებს ფერი აღარ ედოთ სახეზე. მახსოვს, პალიშუკს პური და მარილი ლამის გაუვარდა ხელიდან სიბრაზისგან... " - ია ფარულავა.
ია ფარულავა იხსენებდა, რომ დე ნიროსთან მეგობრობა ჰოლივუდში ცხოვრების დროსაც გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე მათი ურთიერთობა დასრულებულია. როგორც ცნობილია, ერთხელ დე ნირო ნიუ-იორკში ლიფტში ქართველ გოგონასთან ერთად გაიჭედა. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ მსახიობი უცნობს გამოელაპარაკა და როცა გაიგო, რომ გოგონა ქართველი იყო, ასეთი პასუხი გასცა: საქართველოში მეგობარი მყავს, ძალიან მაგარი გოგოა ია ფარულავაო.