„იმ დღის ყველაზე ძლიერი და მწარე მოგონება ჩემი ქმრის ცრემლებია“ - ირანის უკანასკნელი დედოფლის ტრაგიკული ცხოვრება - Marao

„იმ დღის ყველაზე ძლიერი და მწარე მოგონება ჩემი ქმრის ცრემლებია“ - ირანის უკანასკნელი დედოფლის ტრაგიკული ცხოვრება

2023-03-17 17:26:35+04:00


ზოგიერთისთვის ფარაჰ ფეჰლევი ირანის დემოკრატიის ტრაგიკული სიმბოლოა, სხვებისთვის კი 1979 წლის რევოლუციის მთავარი მიზეზი.

ფარაჰ დიბა, 1938 წელს, თეირანში დაიბადა. ის არმიის ოფიცრის, სოჰრაბ დიბას და მისი მეუღლის, ფარიდე დიბა გოთბის ერთადერთი შვილი იყო.

დიბას ოჯახი იმდროინდელი სპარსეთის ელიტაში კარგად იყო ცნობილი. ფარაჰი როგორც იტალიურ, ისე ფრანგულ სკოლებში სწავლობდა. თუმცა, მისი იდილიური ბავშვობა მამის ნაადრევმა გარდაცვალებამ დაასრულა: ოჯახი იძულებული გახდა, თეირანში ფეშენებელური ვილა დაეტოვებინა და საცხოვრებლად  ნათესავებთან გადასულიყო. 1959 წლის გაზაფხულზე, ირანის საელჩოს ფარაჰი მიღებაზე შაჰს, მოჰამედ რეზა ფეჰლევის წარუდგინეს, როგორც ერთ-ერთი ირანელი სტუდენტი, რომელიც პარიზში სწავლობდა. თეირანში ისინი უკვე ერთად დაბრუნდნენ და 1959 წლის 1 დეკემბერს წყვილმა ქორწილის თაობაზე განცხადება გააკეთა. მას შემდეგ ფარაჰი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი გახდა.

მოგვიანებით შაჰი იხსენებდა: „ჩვენი პირველივე შეხვედრისთანავე ვიცოდი, რომ ის იყო ქალი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდებოდი, ისევე როგორც დედოფალი, რომელიც ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა.“

ფარაჰ დიბამ, გარდა მისი ბუნებრივი მომხიბვლელობისა და სიკეთისა, შაჰი განათლებითა და დამოუკიდებელი აზროვნებით მოხიბლა.

მუჰამედ რეზა ფეჰლევის დიდი ხედვები ჰქონდა თავისი ქვეყნის მიმართ. ის ოცნებობდა შეექმნა თანამედროვე სპარსეთი, რომელიც, ქვეყნის უზარმაზარი ნავთობის სიმდიდრის მხარდაჭერით, დემოკრატიისა და თავისუფლების თავშესაფარი გახდებოდა ახლო აღმოსავლეთში.

1960-იანი წლების დასაწყისში მან წამოიწყო "თეთრი რევოლუცია" - სოციალური და ეკონომიკური რეფორმის ვრცელი გეგმა, რომელიც მოიცავდა ქალთა უფლებების გაზრდას (მათ შორის ხმის მიცემის უფლებას), მიწის რეფორმას, ქარხნების მუშაკებისთვის მოგების გაზიარებას, სამთავრობო ქარხნებში წილების გახსნას საზოგადოებისთვის და „წერა-კითხვის პროგრამის“ დამკვიდრებას.

1967 წელს შაჰის ოფიციალური კორონაციის დროს „ირანი სარგებლობდა მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით.

ფარაჰს ტახტის მემკვიდრე 1960 წლისთვის შეეძინა. 1967 წელს იგი დედოფლად (შაჰბანუ) აკურთხეს. მაშინ აღმოსავლეთში ქალებს ასეთ უფლებას არ აძლევდნენ და ეს ირანის ისტორიაში პირველი შემთხვევა გახლდათ. გარდა ამისა, შაჰმა ფარაჰს რეგენტის ტიტული მიანიჭა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ფარაჰი ირანს შაჰის გარდაცვალების შემთხვევაში მართავდა, სანამ მათი ვაჟი, რეზა სრულწლოვანი არ გახდებოდა.

მისი უნაკლო სტილის, პიროვნული ხიბლისა და ხელოვნების სიყვარულისთვის ფარა ფეჰლევის "ახლო აღმოსავლეთის ჯაკლინ კენედი" უწოდეს. დედოფალი ირანის პროვინციებს ხშირად სტუმრობდა და ხალხთან ურთიერთობდა, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულების მდგომარეობას აუმჯობესებდა. თუმცა ყველაზე დიდ წარმატებას კულტურის სფეროში მიაღწია.

მისი ძალისხმევით, ირანში ყველა ისტორიული ფასეულობა და შაჰების რელიკვია იქნა დაბრუნებული, ასევე ფარაჰმა აზიის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი მუზეუმი შექმნა. ფარაჰი ქალთა უფლებებს აქტიურად იცავდა. მისი მოღვაწეობის გამო დედოფალი ხალხში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. დასავლეთშიც არანაკლებ პოპულარული იყო, მეტიც, შაჰი და შაჰბანუ აღმოსავლეთის ყველაზე პოპულარულ წყვილად ითვლებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ირანი ნავთობის მარაგების წყალობით ეკონომიკური ბუმით სარგებლობდა, 1970-იან წლებში ქვეყანა ცივი ომის წინა ხაზზე იდგა.

ნავთობი, რამაც ირანი გაამდიდრა, დაუძლეველი სურვილი იყო როგორც დასავლური, ისე საბჭოთა ძალებისთვის. შაჰი უპირატესობას დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებს ანიჭებდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1950-იან წლებში კომუნისტების გავლენით წარუმატებელმა აჯანყებამ შაჰი აიძულა ქვეყნიდან გაქცეულიყო.

თუმცა, ირანული საზოგადოების გარკვეული ნაწილი შაჰის პროდასავლურ მმართველობას მათი ტრადიციების და კულტურული ღირებულებების დასრულებად მიიჩნევდა. არ მოსწონდათ დასავლური კულტურის გავლენა ირანის ელიტაზე და შაჰის რეფორმებს განიხილავდნენ, როგორც მათი მემკვიდრეობის სრულად აღმოფხვრის მცდელობას.

მაჰმადიანი სასულიერო პირი რუჰოლა ხომეინი შაჰის რეჟიმს ხმამაღლა აპროტესტებდა. ხომეინი 1964 წელს გადაასახლეს, მაგრამ რადიოს საშუალებით

აგრძელებდა გავლენის მოხდენას ირანის მოსახლეობაზე. შაჰი კი მომიტინგეების პროტესტის ჩახშობას სასტიკი გზებით ცდილობდა.

ვითარება 1978 წლის სექტემბერში დაიძაბა, როდესაც შაჰის ჯარისკაცებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ათასობით მსხვერპლი მოჰყვა. დემონსტრაციები სწრაფად გადაიზარდა არეულობაში.

საბოლოოდ, 1978 წლის დეკემბერში აჯანყებას ჯარისკაცებიც შეუერთდნენ და შაჰის ძალაუფლება დაემხო. სამეფო ოჯახი სამშობლოდან გაიქცა და თავი შეერთებულ შტატებს შეაფარა. შაჰი 1980 წელს ეგვიპტეში გარდაიცვალა და იქვე დაასაფლავეს. „იმ დღის ყველაზე ძლიერი და მწარე მოგონება ჩემი ქმრის ცრემლებია თეირანის აეროპორტში, როდესაც ქვეყანას ვტოვებდით. მახსოვს, როგორ დაეცა მუხლებზე ერთ-ერთი ოფიცერი და ემუდარებოდა მას, დარჩენილიყო. ეს ჩემი ცხოვრების უმძიმესი მომენტი იყო.“

მეუღლის სიკვდილის შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტმა სადათიმ შაჰის ოჯახს სასახლე გამოუყო. თუმცა, სადათის მკვლელობის შემდეგ ფარაჰმა ეგვიპტე დატოვა და რეიგანის მიწვევით ამერიკაში გაემგზავრა. 2001 წელს ფარაჰს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს, მისი ქალიშვილი, პრინცესა ლეილა ტრაგიკულად დაიღუპა. 2011 წელს კი უმცროსმა ვაჟმა ალი რეზამ თავი მოიკლა.

ზოგიერთი ირანელი დედოფლის სახელს სიყვარულით იხსენეს, როგორც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ოქროს ხანის სიმბოლოს, სხვები კი ფარაჰს თანამედროვე მარია ანტუანეტად მოიხსენებენ, რომლის მეუღლის მართველობამაც ირანის მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბემდე, ტრადიციები კი განადგურებამდე მიიყვანა.