როდესაც რომის პაპმა იოანე XXIII-მ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი ითხოვა (იგი სხვადასხვა ქვეყნის ტიპურ სახეებს აგროვებდა), მას მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივე სილამაზის მიმართ და უთქვამს:
- ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) - დიდებული ევროპაა!
- ო, ეს (ლიანა ასათიანი) მშვენიერი აღმოსავლეთია!
- აი, ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულიაო.
ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი თამარ (დოდო) ჭიჭინაძე 1924 წლის 28 დეკემბერს, ქუთაისში დაიბადა. მისი მამა, ვასილ ჭიჭინაძე 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო და კარგად იცნობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს. როცა მასობრივი დახვრეტა დაიწყო, ისიც სხვებთან ერთად სასიკვდილო განაჩენის წინაშე დადგა. დოდოს მამიდამ მაშინდელ გავლენიან პირს, სიმონ ჯუღელს, ძმის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა და ვასილიც მალე გაათავისუფლეს.
„მამა განათლებული კაცი იყო, ბრწყინვალედ ლაპარაკობდა გერმანულად და უნდოდა, შვილებსაც კარგი განათლება მიეღოთ, სოფლად კი ეს შეუძლებელი გახლდათ, ამიტომ მე და ჩემი ძმა (მასზე 5 წლით ვარ უფროსი) თბილისში გამოგვისტუმრეს დეიდასთან. ცოტა ხანში საცხოვრებლად გადავედით გერმანელ ქალთან, რომელსაც შვილები უცხოეთში ჰყავდა გათხოვილი, თვითონ კი მარტო ცხოვრობდა. ლილი ტალმამ ჩვენს სწავლა-განათლებას საფუძვლიანად მოჰკიდა ხელი. მისი წყალობით თავისუფლად ვსაუბრობდით სამ ენაზე _ ქართულად, რუსულად და გერმანულად. მე უზომოდ მადლობელი ვარ ამ ქალის. სწორედ მან ჩამინერგა საოცარი პასუხისმგებლობისა და შრომისმოყვარეობის გრძნობა. იგი სულ მეუბნებოდა, რომ უქმად გატარებული ერთი წუთიც კი უპატიებელი
შეცდომაა ადამიანისთვის, რომ შრომა ყველაზე დიდი ნიჭია! მე შრომამ მაქცია მსახიობად!“ - ნაწყვეტი დოდო ჭიჭინაძის მოგონებებიდან.
სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. მერე კი ის მოხდა, რასაც ბედისწერა ქვია. მაშინ ყველასთვის უცნობი გოგონა ვერის ბაზარში, სრულიად შემთხვევით, რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის დედამ დაინახა... იმ დროს ფილმისთვის „დავით გურამიშვილი“ ქეთევანის როლის შემსრულებელს ეძებდნენ. ასე დაიწყო დოდო ჭიჭინაძის კინოში მოღვაწეობა. ახალბედა მსახიობს წარმატება მოულოდნელად დაატყდა თავს: “დავით გურამიშვილს” “ბედნიერი შეხვედრა”, “ჭრიჭინა”, “ცისკარა”, “შეწყვეტილი სიმღერა”, “ნინო”, “ბაში-აჩუკი”მოჰყვა. თუმცა, არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თეატრი მისთვის სრულიად სხვა, უფრო მიმზიდველი და საინტერესო სამყარო იყო.
მსახიობი ხშირად იხსენებდა თავის გამორჩეულ მეგობართან, მედეა ჯაფარიძესთან პირველ შეხვედრას:
“არასოდეს დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა ჩემი აღმზრდელის ოჯახში, წვეულებაზე. მაშინ პატარა გოგო ვიყავი, მედეა კი უკვე თეატრის დასში ირიცხებოდა. ოთახში რომ შემოვიდა, ფარდიდან თავი გამოვყავი და მისმა სილამაზემ თვალები გამიშტერა. თვალებგაფართოებული, დაჟინებულ მზერას ვერ ვაშორებდი მედეას. ალბათ ეს მანაც იგრძნო და შემომხედა. ჩემი თვალები რომ დაინახა, ჩვეული გულუბრყვილობით შესძახა: “ღმერთო ჩემო, ეს რამხელა კაკლის მურაბებია!” რა ვიცოდი, იმ დღიდან მედეა ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი თუ გახდებოდა.“
პირველად 19 წლის ასაკში დაოჯახდა. ქმართან მხოლოდ ორწელიწად-ნახევარი იცხოვრა. ბოლოს კი გამოიქცა. იმდენი ინერვიულა, რომ ტუბერკულოზი აიკიდა. იხსენებდა, რომ პირველი ქორწინების შემდეგ კაცის დანახვა აღარ უნდოდა.
"გაფრინდა ის დრო, ჩემი სახლის წინ გიტარით რომ მიმღეროდნენ ბიჭები... ერთხელ ლაშიკო (თაბუკაშვილი) მეუბნება: გზაზე ვიდექით ბიჭები. ვხედავ, თქვენ და დედაჩემი (მედეა ჯაფარიძე) მოდიხართ. ჰოდა, კაცები თქვენზე ისეთ კარგ რაღაცებს ლაპარაკობდნენ, გასუსული ვიდექი, ვუსმენდი და ჩემზე ბედნიერი ქვეყნად, ალბათ, არავინ იყო!
მე, ძალიან ახალგაზრდა, უბედოდ გავთხოვდი. სულ სხვა მიყვარდა. როცა ქმრისაგან წამოვედი, მამაკაცებისადმი ისეთი უნდობლობა გამიჩნდა, რომ ძალიან გვიან, ისიც ჩემი ბიძაშვილის ძალისხმევით მეორედ ვცადე ბედი და, კიდევ - ოთარ ეგაძის წყალობით, რომელსაც საოცრად თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემი ძმისა და ჩვენი ოჯახისადმი: - ამას როგორ აკეთებ, დოდო, ცოდო ხარო - სულ მეუბნებოდა და.... ერთი სიტყვით, ჩემმა ბიძაშვილმა, დათო ჭიჭინაძემ, მითხრა: ეს უბრწყინვალესი კაცი, რომელსაც, შენც კარგად იცი, მთელი თავისი ცხოვრებაა, უყვარხარ, ჩემი მეგობარია, ახლავე წამოხვალ და ხელს მოაწერთო. ოთარიც იქვე იყო თურმე, მოლაპარაკებულები ყოფილან და, მართლაც, რაიონის მმაჩის ბიუროში გამაქანეს. რომ მივედით, იხუმრეს, ესენი ძალით დავიჭირეთ და ხელის მოწერა უნდა გავაფორმოთო. იმათ კიდევ, რას ბრძანებთ, ამას ერთი თვე სჭირდებაო. მაშინ ოთარმა მეგობარ რაიკომის მდივანს, რომელიც ბიუროს სხდომას ატარებდა, დაურეკა: "ეს ჩვენი გიჟი დოდო ჭიჭინაძე, როგორც იქნა, ქორწინებაზე დავითანხმეთ, აქ, მმაჩის ბიუროში კი ამას ერთი თვე სჭირდებაო, უარს გვეუბნებიან. რაიკომის მდივანმა ეს საკითხიც ბიუროზე გაიტანა, იმათ კიდევ ერთი ამბავი ატეხეს - ახლავე მოაწერონ ხელიო... რა სასაცილო კაბა მეცვა, ახლაც შენახული მაქვს. ამბის ატეხა მაშინ გენახათ, ჩემი გათხოვება კამოს ქუჩის #4-მა რომ გაიგო, მთელი სახლი აივანზე გადმომდგარი, ტაშის გრიალით შემეგება.
ჩემი მეუღლე, მართლაც, უბრწყინვალესი პიროვნება, ჭეშმარიტი ინტელიგენტი და გამორჩეული ვაჟკაცი გახლდათ, პროფესიით ინჟინერი; დიდზე-დიდი სპეციალისტი, უამრავი ფაბრიკა-ქარხანა აქვს აშენებული. უნიჭიერესი კაცი იყო, ექვს ენაზე ლაპარაკობდა, მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრება ენახა და ეგრძნო ეს ცხოვრება.... მის გვერდით, მართლაც, ბედნიერი ქალი ვიყავი.“