„ვხედავდი, რომ მას სხვა გართობები, მიზანსწრაფვა ჰქონდა, ამიტომ ბავშვი მოვიცილე“ - ია ნინიძის ცხოვრება, სამი ქორწინება და წარმატებული კარიერა - Marao

„ვხედავდი, რომ მას სხვა გართობები, მიზანსწრაფვა ჰქონდა, ამიტომ ბავშვი მოვიცილე“ - ია ნინიძის ცხოვრება, სამი ქორწინება და წარმატებული კარიერა

2023-03-22 17:03:32+04:00

ყველას კარგად ახსოვს პატარა, ცელქი გოგონა ფილმიდან „ვერის უბნის მელოდიები.“ ია ნინიძის სახელი კინოს მოყვარულებისთვის საკმაოდ ცნობილია.

ია ნინიძე 1960 წლის 8 სექტემბერს, ტელევიზიის რეჟისორისა და რუსული ენის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდან ბალეტით იყო გატაცებული. ერთხელ პიონერთა სახლის სტუდიაში რეჟისორმა გიორგი დანელიამ შენიშნა, რომელიც თავისი ახალი ფილმისთვის გოგონას ეძებდა და ასე, იას პირველი დებიუტი 8 წლის ასაკში, ფილმში „არ დაიდარდო!“ შედგა.

მსახიობს არაერთი დასამახსოვრებელი სახე აქვს შექმნილი ფილმებში: „ვერის უბნის მელოდიები“ (1973 წელი), „ პირველი მერცხალი“ (1975 წელი), „მშობლიურო ჩემო მიწავ“ და სხვა.

ია ნინიძე სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე ნიკუშა შენგელაია იყო. წყვილი ერთმანეთს ორი წლის მანძილზე ხვდებოდა. ნიკუშას დედა, სოფიკო ჭიაურელი, მაშინ უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო და სწორედ მან იზრუნა, რომ ნინიძეს არასრულწლოვანს ექორწინა.

ახალდაქორწინებულები საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ და VGIK-ში დაიწყეს სწავლა. მაგრამ მათი ოჯახური ცხოვრება კარგად არ წარიმართა. ია დიასახლისობდა, ნიკუშა კი მეგობრებთან ერთად ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა.

„ნიკუშა ბოჰემურ ოჯახში გაიზარდა და სასათბურე პირობებში ცხოვრებას იყო მიჩვეული. მე კი, 16 წლის გოგოს, გვერდით მჭირდებოდა კაცი, რომელიც დამიცავდა. როდესაც მოსკოვში წავედით სასწავლებლად, თავიდან საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. შემდეგ კი კომპოზიტორთა სახლში, ნიკუშას დეიდასთან - მსახიობ არიადნა შენგელიასთან გადავედით.

მიუხედავად იმისა, რომ მე თავად ვსწავლობდი, პარალელურად ნიკასთვისაც მიწევდა ლექციების გადაწერა. ნიკა კი მუდმივად წუხდა, რადგან არ მოსწონდა მოსკოვის ნაცრისფერი ცა და განიცდიდა იმ ფერების ნაკლებობას, რითაც მდიდარია საქართველოს ბუნება. გადატვირთული გრაფიკის შედეგად დამემართა ანემია და დილაობით ხშირად მაწუხებდა ცხვირიდან სისხლდენა. არ ვფიქრობდი დაშორებაზე, მაგრამ ასე მოხდა. ის სულ სხვა ცხოვრებას იყო მიჩვეული მოსკოვში - ინსტიტუტში აღარ დადიოდა, არ სწავლობდა, რუსეთში ცხოვრება არ მოსწონდა. ფეხმძიმედ ვიყავი. ის საერთოდ არ მოიქცა ისე, როგორც მე ველოდი. მითხრა, - ახლა ამის დრო არ არისო... ეს იყო ნამდვილი ღალატი. ვხედავდი, რომ მას სხვა გართობები, მიზანსწრაფვა ჰქონდა, ამიტომ ბავშვი მოვიცილე. როდესაც პატარა გოგო ამას აკეთებს, საშინელებაა“ - იხსენებდა ია ერთ-ერთ ინტერვიუში.

ნიკუშა შენგელაიასთან განქორწინების შემდეგ ია რუსეთში დაბრუნდა, სადაც მსახიობს ახალი სიყვარული ელოდა. მისი მეორე მეუღლე — სერგეი მაკსაჩევი (მსახიობი, მოგვიანებით კურსკის რაიონის ვიცე-გუბერნატორი) გახდა, რომლისგანაც ვაჟი, გიორგი შეეძინა. მესამე მეუღლესთან, მიხეილ ბუჩენკოვთან კი, ერთი ქალიშვილი, ნინო ჰყავს.

მსახიობს შესრულებული აქვს არაერთი ცნობილი და დასამახსოვრებელი როლი როგორც თეატრში, ასევე კინოში. ფილმოგრაფიიდან საინტერესოა შემდეგი როლები:

  • არ იდარდო! -ციცინო;
  • ვერის უბნის მელოდიები - თამრო;
  • პირველი მერცხალი - ელენე;
  • მშობლიურო ჩემო მიწავ - სალომე;
  • ცრემლები ცვიოდა;
  • აქედანა და შენამდე;
  • მონანიება;
  • ოპერაცია ვუნდერლანდი;
  • ომი ყველასათვის ომია;
  • უბრალო ჭეშმარიტებანი - ტელესერიალი;
  • გამოსათხოვარი ექო - ტელესერიალი;
  • მაძებარი ლიცენზიის გარეშე - ტელესერიალი;
  • ბერიაზე ნადირობა - ტელესერიალი;
  • წყნარი საგუშაგო - ტელესერიალი.

ია ნინიძე 2000 წელს სცენაზე მიღებული მძიმე ტრავმის (პრემიერის რეპეტიციის დროს მსახიობს 300-კილოგრამიანი ნაკრები დაეცა) შედეგად, იძულებული გახდა, სასცენო კარიერაზე უარი ეთქვა.