მესამე კურსზე ვიყავი. ფილმს ვიღებდი უდიდეს მსახიობ ნოდარ მგალობლიშვილზე და მინდოდა ვინმე ჩამეწერა, ვინც ბატონ ნოდარს ძალიან უყვარდა. ასეთი ადამიანი მისი პარტნიორი თეატრსა და ცხოვრებაში, გამორჩეული მეგობარი, მიშა გომიაშვილი აღმოჩნდა. როცა ვრეკავდი, ძალიან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი, როგორ უნდა მიმემართა. ყურმილი რომ აიღო, გავისუსე. უცებ მესმის ხმა, გისმენთ, რადგან დამირეკეთ, ხმა გამეცითო. ძლივს ამოვთქვი, რაც მინდოდა და ზუსტად ერთ საათში ხმის ჩამწერ სტუდიაში მოვიდა და ერთი ამოსუნთქვით ჩაწერა წერილი, რომელიც ბატონ ნოდარს დაუწერა. ის დღე არასოდეს დამავიწყდება... 23 მარტი ბატონი მიშას დაბადების დღეა. გამორჩეულად უყვარდა ამ დღეს "არტის" თამაში. მის მეუღლეს, ქეთი კალანდაძეს დავურეკე, რომელიც დიდი სითბოთი დამთანხმდა ინტერვიუზე. იმ დღესვე შევეხმიანე მის ორ განუყრელ პარტნიორსა და მეგობარს, ზურა ყიფშიძეს და ალეკო მახარობლიშვილს. ინტერვიუც მიშა გომიაშვილის ოთახში ჩაიწერა:
ზურა ყიფშიძე:
- ყურადღება უყვარდა. მე შეიძლება ნერვებს მიშლის, მაგრამ მიშა ითხოვდა და გული სწყდებოდა უყურადღებობაზე. თუნდაც 60 წლის რომ გახდა, რატომ არ უნდა გამართულიყო ისეთი საღამო, როგორიც მას ეკადრებოდა?
გინდა მისტიკა დაარქვით და გინდათ სხვა რამ - მიშა რომ გარდაიცვალა, იმ წუთებში გაჩერდა საათი, რომელიც წლების წინ მაჩუქა და ხელიდან არ ვიცილებდი... ბიჭო, ასე თუ მიყვარდი, არ მეგონა... ჯერ თვალი დაიზიანა, მერე კიბეზე აძვრა, ჩამოვარდა და კუდუსუნის ძვალი მოიტეხა, მერე პნევმონია... და უცებ გაქრა კაცი... მაგას როგორ წარმოვიდგენდი, მე მიშას დავასაფლავებდი?! სულ ვფიქრობ, სულ ველაპარაკები და ერთი რამ მახსენდება: მიშიკოს ინსტიტუტის მერე ჩაქნეული ჰქონდა ხელი ყველაფერზე. წავიდა მამასთან მოსკოვში და ერთ დღეს აეროპორტში შეხვდა თემურ ჩხეიძე და უცბად "გააცოცხლა" კაცი. ჩამოიყვანა საქართველოში, მარჯანიშვილის თეატრში გააკეთა "მარადი ქმარი" და იმ დღის შემდეგ მეორედ დაიბადა მიშა. მერე იყო "მამა" და მერე დაიდგა "არტ-ხელოვნება", რომელიც 20 სეზონი ვითამაშეთ. ყოველთვის მის დაბადების დღეზე, 23 მარტს ვთამაშობდით. ახლახან სამჯერ ვითამაშე მარჯანიშვილში "ლირი" და "სასწრაფო" დამჭირდა, იმდენად გამიჭირდა იმ სცენაზე დადგომა... ჯერ თემური, მერე მიშა... თემური ისე შეგიყვანდა როლში, არც ფიქრობდი, ახლა როლს ვაკეთებო. ერთ დილას რეპეტიციაზე პახმელიაზე მოვიდა მიშა. ხელში უჭირავს კონიაკის ბოთლი. სამნი ვართ, მე, ზურა, მიშა და ჩვენ წინ მეოთხე თემური ზის. ძალიან ცუდად ვარ, რომ არ დავლიო, მოვკვდებიო. ამოიღო კონიაკის ბოთლი და დადგა მაგიდაზე. ახლა მე რეპეტიციას ვერ გავივლიო და დაგვისხა კონიაკი. მერე თემურს ჭიქა მიუჭახუნა და გადაჰკრა. მიხვდა თემური, რომ ჭიდილს აზრი აღარ ჰქონდა და მეორე დღისთვის გადაიტანა რეპეტიცია. ეს სხვას რომ გაეკეთებინა, იქ ამბავი ატყდებოდა, მაგრამ მიშას ყველაფერი ეპატიებოდა. თემურმა რომ მოიყვანა თეატრში, ის პერიოდია, როცა ცოცხალ რიგში ვიდექით ხელფასების ასაღებად. დედაჩემი ყველას მიესალმა და ჩადგა ხელფასის რიგში. უცებ დაინახა მიშა, ვაიმე, ჩემი გომიკოო, შესძახა და ზედიზედ რამდენჯერმე მიაყოლა, ჩემი გომიკოო, ჩემი გომიკოო. გაოგნებულია ხალხი, რა გომიკა, რის გომიკა? მერე უცებ მიხვდა დედაჩემი, რომ რაღაც ვერ თქვა და გამოასწორა, არა, კაცო, ეს ჩემი დიდი გომიკას პატარა გომიკააო. უნდა გენახათ, იქ რა ხდებოდა.