პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს მეუღლემ, ჯორჯინა როდრიგესმა, El Hormiguero-სთან ინტერვიუში თანაცხოვრებისა და მომავალი ქმრის გაცნობის შესახებ ისაუბრა. როგორც მან გაიხსენა, კრიშტიანუ პირველად იმ მაღაზიაში ნახა, სადაც თავად მუშაობდა. ფეხბურთელი იქ შვილთან ერთად მივიდა:
„შვილთან და მეგობრებთან ერთად მოვიდა. ძალიან თავაზიანად იქცეოდა. მაშინვე ვიგრძენი პეპლები მუცელში. შემდეგ ერთ-ერთ ღონისძიებაზე შევხვდით და მან თვალი ჩამიკრა. მაშინ ძალიან შემრცხვა“ - იხსენებს ჯორჯინა.
ჯორჯინამ თავისსა და კრიშტიანუს ყოველდღიურობასა და თანაცხოვრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფულმა და სიმდიდრემ ის მხოლოდ უკეთესობისკენ შეცვალა:
„მე და კრიშტიანუს საერთო გარდერობი გვაქვს. ის გიგანტური ზომისაა და ბოლომდე შევსებული არ არის, რადგან ტანსაცმლის ნაწილი მადრიდში გვაქვს. დაახლოებით 150 ჩანთა მაქვს. კრიშტიანუ გამუდმებით მეკითხება, რაში მჭირდება ამდენი, მაგრამ მე ყოველთვის ვახსენებ, რომ მას ჩემზე მეტი აქვს.
ხშირად მეკითხებიან, შემცვალა თუ არა ფულმა. ჩემი პასუხია, რომ მხოლოდ უკეთესობისკენ - ახლა შემიძლია უფრო მეტ ადამიანს, მათ შორის, ჩემს მეგობრებსა და ნაცნობებსაც დავეხმარო და ეს ძალიან სასიამოვნოა“ - ამბობს ჯორჯინა როდრიგესი El Hormiguero-სთან საუბრისას.