აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის უფროსი დის, როზმარი კენედის ტრაგიკული ცხოვრება გავლენიანი ოჯახის დრამატული ისტორიის ნაკლებად ცნობილი ნაწილია. რატომ დაუმალეს ქალი საზოგადოებას და რატომ გაუკეთეს მას საკუთარი მამის მოთხოვნით ლობოტომია, ჩვენს სტატიაში გიამბობთ.

როზმარი პრობლემურ ბავშვად ითვლებოდა. მისი „გამოსწორების“ მცდელობებმა საბოლოოდ, ტრაგიკულ შედეგამდე მიიყვანა.
როზმარი - ჯოზეფ და როუზ კენედების მესამე შვილი. თავიდან გოგონა სრულიად ჯანმრთელი იყო, თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, აშკარა გახდა, რომ გონებრივად ძმებისგან განსხვავებულად ვითარდებოდა: ჰქონდა მეტყველების პრობლემა და აგრესიული ქცევისკენ იყო მიდრეკილი. ვარაუდობდნენ, რომ ეს დაბადების დროს მიღებული ტრავმის შედეგად იყო გამოწვეული. მშობიარობის დროს გამოუცდელი მედდის არაპროფესიული რჩევის გამო ბავშვი ჟანგბადის უკმარისობით დაიბადა.

მშობლებმა შვილის გამოსაჯანმრთელებლად მკურნალობის სხვადასხვა გზა სცადეს. იგი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა სპეციალურ სკოლაში მიიყვანეს, მაგრამ პრობლემური ქცევის გამო მალევე გარიცხეს. კენედის ოჯახი გამოცდილ ექიმებსა და სპეციალისტებსაც სთხოვდა დახმარებას, მაგრამ მათი რჩევა ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და არაეფექტური იყო.

საბოლოოდ, მამის გადაწყვეტილებით, როზმარის დასახმარებლად ახალ სამედიცინო ტექნიკას, ლობოტომიას მიმართეს, რომელიც იმ დროს ყველა ფსიქიკური დაავადების პანაცეად მიაჩნდათ. ეს მკურნალობის ახალი მეთოდი იყო, ამიტომ მისი საშინელი შედეგების შესახებ ცოტამ თუ იცოდა.

ლობოტომია 1941 წელს ჩატარდა. ოპერაცია უოლტერ ფრიმენმა, იმდროინდელ შეერთებულ შტატებში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ლობოტომისტმა ჩაატარა. ამ დროს როზმარი მხოლოდ 23 წლის იყო. ოპერაციას მძიმე შედეგები მოჰყვა - როზმარის ინტელექტი 2 წლის ბავშვის დონემდე დაეცა.
ტრავმამ იგი სამუდამოდ დაუძლურებული დატოვა: არ შეეძლო ნორმალურად სიარული ან ლაპარაკი და ძლიერ დაზარალდა მისი შემეცნებითი შესაძლებლობები.

თავდაპირველად როზმარი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა, შემდეგ კი გადაიყვანეს ჯეფერსონში, ვისკონსინში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა სენტ-კოლეტას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულების ტერიტორიაზე. იგი სრულიად იზოლირებული იყო გარე სამყაროსგან და არ ჰქონდა ურთიერთობა ოჯახის არცერთ წევრთან. მისი ერთადერთი და იშვიათი სტუმარი მამამისი, ჯოზეფ კენედი იყო.

როზმარის მდგომარეობა საზოგადოებისგან გასაიდუმლოებული იყო. იმის შიშით, რომ მის არსებობას ოჯახის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება შეეძლო. გოგონა ოჯახის სირცხვილად მიიჩნიეს, რადგან მაშინ ფსიქიკური დაავადება საზოგადოებაში ძალიან სტიგმატიზებული იყო. როზმარის ხსენება ოჯახში აკრძალული იყო - და-ძმებმა არც კი იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი.
ოჯახის წევრებთან ურთიერთობის აღდგენა მან მხოლოდ 1969 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ შეძლო. როზმარი კენედი 2005 წლის 7 იანვარს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
