"მინდა ადამიანებს დავანახო, რომ მხოლოდ თბილისში არ ჩქეფს სიცოცხლე" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის დიდი მეურნეობა, რომელსაც მეუღლესთან ერთად უძღვება - Marao

"მინდა ადამიანებს დავანახო, რომ მხოლოდ თბილისში არ ჩქეფს სიცოცხლე" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის დიდი მეურნეობა, რომელსაც მეუღლესთან ერთად უძღვება

2023-03-25 12:09:55+04:00

უკვე რამდენიმე წელია წყალტუბოში დიდი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის კარ-მიდამოში, მისი შვილიშვილი, უმცროსი ოტია იოსელიანი დამკვიდრდა. ოტიამ და მისმა მეუღლემ, ნუცა ცისკარიშვილმა სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი და ახლა სახლ-მუზეუმში მისულ სტუმრებს ტრადიციული ტექნოლოგიებით მიღებული, ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდებიან. უფრო დეტალურად, თუ რას საქმიანობს წყვილი, ამის შესახებ ნუცა მოგვიყვება.

- როდის გაიცანით ერთმანეთი თქვენ და ოტიამ?

 

- ოტია გავიცანი 2018 წლის შემოდგომაზე. წყალტუბოში ჩავატარეთ ფესტივალი, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც ვიყავი. მეორე დღეს წამოვედით ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად, სადაც უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი. თურმე მაშინვე იფიქრა, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება უნდა გაეტარებინა. შემდეგ დამიახლოვდა. ძალიან მალე, დაახლოებით ორ თვეში მთხოვა ხელი და ვიქორწინეთ.

- შეუღლების შემდეგ დასახლდით წყალტუბოში, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ გადახვედით საცხოვრებლად?

 

- როცა დავოჯახდით, უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული მქონდა, მაგრამ კოლეჯში ვსწავლობდი. ამიტომ გარკვეული პერიოდი თბილისში მომიწია ცხოვრება. შემდეგ დედაქალაქში ჩემი სამსახურების ამბები დავალაგე ისე, რომ შემეძლო დისტანციურად მუშაობა და დაახლოებით 7-8 თვეში გადავედი წყალტუბოში საცხოვრებად.

სანამ პანდემია დაიწყებოდა, ის ზაფხული ოტიასთან ერთად დავდიოდი სხვადასხვა რეგიონში. ასევე, როგორც იცით, ხრიდოლი არის ქართული საბრძოლო ხელოვნება. ამ სფეროში დღემდე აქტიურად ვარ ჩართული, ოღონდ ახლა ადმინისტრაციულ საკითხებს ვაგვარებ.

- ფეისბუქზე გაქვთ ბლოგი. ძალიან აქტიური ხართ სოციალურ ქსელში და ხშირად გაქვთ პირდაპირი ჩართვები. როგორ ახერხებთ, რომ ასეთი დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავათ მაინც გრჩებათ ამისთვის დრო?

 

- დღევანდელ ცხვრებაში ყველაზე რთულია მენეჯმენტი. თუმცა, თუ ყველაფერს სწორად გავანაწილებთ და დროს ნაყოფიერად, ხარისხიანად გამოვიყენებთ, ყველაფერს მოვასწრებთ. ჩემთვის სირთულე არის ის, რომ ვაკეთებ საქმეს და პარალელურად ეს უნდა გადავიღო, რაც ერთმანეთთან თანხვედრაში ვერ მოდის. ვიდეოს მონტაჟს ვერ ვახერხებ, ამიტომ ვრთავ პირდაპირ ეთერს. ჩემი მეუღლე და მამამთილი წინააღმდეგი არიან ამ ვიდეოების. თუმცა, მინდა ადამიანებს დავანახო, რომ მხოლოდ თბილისში და დიდ ქალაქებში არ ჩქეფს სიცოცხლე. მინდა მიხვდნენ, რომ სოფელშიც შესაძლებელია ნაყოფიერად გამოიყენო ეს პერიოდი. ძალიან სწრაფად გადის დრო და ფუჭად არ უნდა დავკარგოთ.

- როგორც ვიცი სახლ-მუზეუმში ცხოვრობთ. მოგვიყევით სახლის შესახებ...

 

- ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი აშენდა 1985 წელს, თავად მწერლის მიერ. ოტია 2011 წელს გარდაიცვალა და სახლი იმავე წელს გადაკეთდა სახლ-მუზეუმად. სახლ-მუზეუმში ყველაფერი ისე არის მოწყობილი, როგორც მწერლის სიცოცხლეში იყო. რადგან მუზეუმი არ არის სახელმწიფო უზრუნველყოფის ქვეშ, 2014 წელს შეიქმნა "ოტიას ეზო", რომელიც ემსახურება მუზეუმის ფინანსურ დამოუკიდებლობას და სრულფასოვნად ფუნქციონირებას, სადაც მნიშვნელოვანია მწერლის იდეების განხორციელება სოფლის მეურნეობაში. როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ოტია იოსელიანი სოფლის მეურნეობის შესანიშნავი მცოდნე და მოამაგე იყო. ჩვენც ამ გზას მივყვებით.

აქ არის მარანი, ჩვენი ხელით შექმნილი, და ამ ეტაპზე მარნის ტერიტორიას ვაკეთებთ, ჩენი ხელით მოვაწყეთ და გარკვეულ დეტალებს კიდევ ვამატებთ. საკმაოდ ბევრი საქმე გვაქვს და მაქსიმალურად ვცდილობთ გავალამაზოთ აქაურობა.

დღეს ამ სახლში მე, ჩემი მეუღლე, დედამთილი და მამამთილი ვცხოვრობთ. ჩემი მამამთილი დაჩი, არის ოტია იოსელიანის უმცროსი ვაჟი. მწერლის გარდაცვალების შემდეგ მას ერთი დღეც არ დაუტოვებია სახლი. მანამდეც, მოგეხსენებათ, ოტია იოსელიანი მძიმე სენს ებრძოდა და მისი ვაჟი ერთი დღეც არ მოშორებია მამას.

წაიკითხეთ სრულად