„გეიშას მემუარები“ - მინეკო ივასაკი: ქალი, რომლის ცხოვრებაც წიგნის მთავარი ინსპირაცია გახდა - Marao

„გეიშას მემუარები“ - მინეკო ივასაკი: ქალი, რომლის ცხოვრებაც წიგნის მთავარი ინსპირაცია გახდა

2023-03-27 18:13:56+04:00


მინეკო ივასაკი - ქალი, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ მშობლიურ იაპონიაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ეს იმიტომ, რომ მისი ცხოვრების ისტორია არტურ გოლდენის რომანს, "გეიშას მოგონებებს" დაედო საფუძვლად, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით ფილმი გადაიღეს.

1990-იანი წლების დასაწყისში იაპონელი ქალი ამერიკელ მწერალ არტურ გოლდენს ინტერვიუზე დათანხმდა. კაცი სერიოზულად დაინტერესდა ამომავალი მზის ქვეყნის ადათ-წესებით და გადაწყვიტა, გეიშების შესახებ წიგნი დაეწერა, რომლის დახმარებითაც სურდა გაეფანტა მითები ამ პროფესიის წარმომადგენლების შესახებ. ამიტომ მინასაკი მწერალთან სასაუბროდ მზად იყო, თუ, რა თქმა უნდა, მისი ანონიმურობა დაცული იქნებოდა.

წარმოიდგინეთ ქალის გაოცება, როცა წიგნის ბოლო გვერდზე თავისი სახელი დაინახა. იგი შოკში ჩავარდა, როდესაც დეტალურად გაეცნო შინაარსს... წიგნი მთლიანად ამახინჯებდა ტრადიციულ იაპონურ ხელოვნებას, მინეკო და სხვა გეიშები კი ჩვეულებრივ სექსმუშაკებად იყვნენ გამოყვანილი . მინეკომ აღიარა, რომ ასეთმა საზიზღარმა საქციელმა სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა: ”როდესაც წიგნი წავიკითხე, სერიოზულად დავფიქრდი თვითმკვლელობაზე”.

ივასაკი გოლდენისგან თავისი სახელის წიგნიდან ამოღებას მოითხოვდა - პასუხად უარი მიიღო. შედეგად საქმე სასამართლომდე მივიდა. ”ის წიგნის პერსონაჟის პროტოტიპი არ ყოფილა, ეს კოლექტიური სურათი იყო! წარმოდგენა არ მაქვს, ასე რატომ გაბრაზდა”- ამბობდა გოლდენი.

ივასაკიმ საქმე მოიგო და მორალური ზიანის მიყენებისთვის ავტორისგან სოლიდური თანხა მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ კი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა.

მასაკო ტანაკა - ივასაკის ნამდვილი სახელია. გოგონა გაღატაკებული არისტოკრატის, შინეზო ტანაკას ოჯახში, 1949 წელს დაიბადა. ის 11 შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. 6 წლის ასაკში მამის სახლი მიატოვა და კიოტოში, ეგრეთ წოდებულ ოკიაში დასახლდა - ადგილი, სადაც ახალგაზრდა გოგონები გეიშას უძველეს ხელობას სწავლობდნენ. მასაკოს მშობლებმა კარგად იცოდნენ, რომ მხოლოდ ამ გზით ექნებოდა კარგი ცხოვრების შანსი. ოკიაში მისი რამდენიმე დაც სწავლობდა, მაგრამ დაწესებულების დიასახლისმა, მადამ ოიმამ მინეკო აირჩია.

გარკვეული პერიოდის შემდეგ,

ბიოლოგიური მშობლების თანხმობით, ქალმა გოგონა ოფიციალურად იშვილა, რათა მისი მემკვიდრე გამხდარიყო.

6 წლის მინეკოს ტრადიციულ იაპონურ ცეკვებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას, კალიგრაფიას, ეტიკეტსა და ჩაის ცერემონიის სირთულეებს ასწავლიდნენ. ყოველივე ზემოთქმულიდან მხოლოდ ქორეოგრაფიის გაკვეთილები ანიჭებდა ბავშვს სიამოვნებას.

თხუთმეტი წლის ასაკში კი უკვე კლიენტებთან შეხვედრა დაიწყო. 21 წლის ასაკში ქვეყანაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი გეიშა გახდა.

მინეკო ივასაკიზე, როგორც ამბობენ, დიდი მოთხოვნა იყო. იგი მიწვეული იყო სახელმწიფო დონის კერძო ზეიმებზე, რომელთა დროსაც პატივს მიაგებდნენ მნიშვნელოვან სტუმრებს. ერთ დროს ლეგენდარულ გეიშას აშშ-ის პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი უნდა გაერთო. ივასაკიმ თავის წიგნში "გეიშას რეალური მოგონებები" ტიტულიან პირებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

წიგნიდან ვიგებთ, რომ ელიზაბეტ II-მ საკმაოდ უარყოფითი შთაბეჭდილება მოახდინა მინეკოზე. გოგონა იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ მონარქი სპეციალურად მისთვის მომზადებულ კერძებს არც კი შეხებია. „მე ყოველთვის ვცდილობ ცოტათი მაინც ვჭამო, რადგან ვხვდები, რომ მეპატრონეებმა ეს ყველაფერი ჩემთვის მოამზადეს. ამ სიტუაციაში უარის თქმა ძალიან თავხედურია” - იხსენებდა ის.

მინეკო რამდენიმე წელი თითქმის გაუჩერებლად მუშაობდა. სამუშაო დღე დილის შვიდის ნახევარზე იწყებოდა და დილის პირველ საათზე მთავრდებოდა. ძილისთვის სულ სამი საათი რჩებოდა - დანარჩენი დრო თავის მოვლას ეთმობოდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო გეიშებისთვის. ამავდროულად, გოგონას საერთოდ არ ჰქონდა დასვენების დღეები.

ამ რეჟიმში მინეკომ რვა წელი გაძლო, რის შემდეგაც მიხვდა, რომ თავის გადარჩენა სჭირდებოდა. ეს ყველაფერი ემოციური გადაღლით დაიწყო და თირკმელების სერიოზული პრობლემებით დასრულდა.

ივასაკის არასდროს ჰქონია დრო პირადი ცხოვრებისთვის. პირველად 21 წლის ასაკში შეუყვარდა. რჩეული მისი ერთ-ერთი კლიენტი აღმოჩნდა - იაპონელი მსახიობი შინტარო კაცუ, რომელიც მასზე ორჯერ უფროსი იყო და ოჯახი ჰყავდა.

1976 წელს შეყვარებულები დაშორდნენ: შინტარომ ვერ გაბედა ცოლის მიტოვება, გოგონა კი ლოდინით დაიღალა.

საბოლოოდ, პირად ბედნიერება მაინც იპოვა. გეიშას კარიერის დასრულების შემდეგ, 29 წლის ასაკში, მხატვარი და რესტავრატორი ჯინიჩირო სატო გაიცნო.

1982 წელს შეყვარებულები დაქორწინდნენ და ერთი წლის შემდეგ ქალიშვილი შეეძინათ. დღეს წყვილი კიოტოს გარეუბანში ცხოვრობს.