„ვერ გავბედე მეც... მძულს ჩემში ის შიში, ამდენ ხანს გაჩუმებას რომ მაიძულებდა“ - მაია ასათიანი ძალადობის შესახებ წერს და სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს მხარდაჭერას უცხადებს - Marao

„ვერ გავბედე მეც... მძულს ჩემში ის შიში, ამდენ ხანს გაჩუმებას რომ მაიძულებდა“ - მაია ასათიანი ძალადობის შესახებ წერს და სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს მხარდაჭერას უცხადებს

2023-03-28 10:43:51+04:00


პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „პოს ტვ-ის“ დამფუძნებელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ სამმა ქალმა ამხილა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შალვა რამიშვილს ქალები სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ. მსგავსი შინაარსის ბრალისთვის რამიშვილი სასამართლომ 2018 წელს უკვე გაამტყუნა და მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს მხარდაჭერას ტელეწამყვანი მაია ასათიანი უცხადებს:

„პირველი განცდა, ამ დროს რომ გეუფლება, არის ეჭვი, იქნებ მოგეჩვენა, იქნებ რაღაც არასწორად გაიგე, იქნებ ხელი უფროსი მეგობარივით შეგახო. მეორედ, მესამედ და კიდევ უამრავჯერ რომ მეორდება, საშინელი დამცირების გრძნობა გაქვს, რატომ შენ, შენ რატომ გაგიბედეს ასე ურცხვად, ასე პირდაპირ… მერე ამაზრზენი სირცხვილის გრძნობა გიპყრობს, ცდილობ, თავი დაიცვა, დერეფანში რომ დაინახავ, კედელს ეკვრი; სადმე შორს თუ მოჰკრავ თვალს, სწრაფად გარბიხარ; საქმიანი გადაკვეთა თუ გიწევს, რამდენიმემეტრიან დისტანციას იჭერ და ხელები მომუშტული გაქვს;, ცდილობ, არასოდეს დარჩე მასთან ერთად კაბინეტში მარტო... მერე პირდაპირ გეუბნებიან, რომ საქმეში ხელს შეგიშლიან, თუ არ… რატომ დუმან წლების მანძილზე ამაზე ქალები? იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვერ პატიობ, ეს რომ გაგიბედეს, იმიტომ, რომ როცა პირველად გავბედე და სხვა კოლეგა მამაკაცებს ვუთხარი, ვუთხარი იმიტომ, რომ დავეცავი, საპასუხოდ ღლიცინი მივიღე. მერე წლები გავიდა, ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი გავხდი, ჩემ გარშემო ამ მამაკაცის შევიწროებული სხვა ქალებიც ვნახე. ყველას სძულდა მისი ცხოვრების ის მონაკვეთი, არც ერთ მათგანს არ უნდოდა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი. ვერ გავბედე მეც. მძულს ჩემში ის შიში, ამდენ ხანს გაჩუმებას რომ მაიძულებდა, ერთმა პატარა გოგომ გაბედა, დროა გავბედო მეც! #ME TOO!!! ოღონდ ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს!“- წერს მაია ასათიანი.