მან სულ ახლახან დატოვა სახალხო დამცველის პოსტი, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ეს პოზიცია მისი ცხოვრების სამსახური და მთავარი მისია იყო. მიაჩნია, რომ მისთვის ახლა უფრო მეტი შესაძლებლობა იხსნება და თანამდებობაზე დაგროვილი დიდი გამოცდილებით შეიძლება მეტი საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე აკეთოს. მაგალითად, გაათმაგებულად იმუშაოს თუნდაც იმაზე, რომ საქართველომ საუკუნეობით ნაოცნებარი ევროკავშირის სტატუსი მიიღოს.
"ჩემთვის მთავარი ღირებულება ადამიანის თავისუფლებაა, ასევე, ძალიან ღირებულია სამშობლოს განცდა. ვამჩნევ, რომ ადამიანები სხვანაირად მხედავენ, ვიდრე მე ვხედავ ჩემს თავს. მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდა ჩემნაირი ადამიანების სხვანაირად დახატვას ცდილობს, ყველაფერი რაც გამიკეთებია და რისი გაკეთებაც შემიძლია, ისაა, რომ მინდა, ჩემი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორსაც იმსახურებს, ღირსეულ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრება უნდა გვქონდეს“, - მეუბნება და გულწრფელად აღნიშნავს, რომ ყოველთვის უჭირდა ემოციებისა და საქმის ერთმანეთისგან გამიჯვნა, თუმცა დროთა განმავლობაში ემპათიის თანხლებით პროფესიონალური მიდგომის გამომუშავება და საკუთარი ემოციებისა და თავის დაზოგვაც ისწავლა.
ვიდრე ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია სამომავლო გეგმებს გაგვიმხელდა, მანამდე თავის აქტიურ და ლამაზი ფერებით სავსე ბავშვობას იხსენებს:
"ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი"
- დავიბადე გურიაში, კერძოდ - ოზურგეთში. დედის მხარე მთიულები და ხევსურები მყავს. ამიტომ ორივე ძალიან ჩემია. არდადეგებს თიანეთში ვატარებდი და ძალიან მიყვარს იქაურობა. ჩემი ბავშვობა საქართველოს ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდს დაემთხვა - 90-იან წლებს. ბავშვობის პირველი მოგონებები 9-აპრილამდელ მოვლენებს უკავშირდება, როცა მამას ბაღიდან გამოვყავდი და ეროვნულ-გამათავისუფლებელ მიტინგებზე დავყავდი. ერთი ძმა მყავს, დედა ქართულის მასწავლებელია, მამა - არქიტექტორი და ისინი დღემდე თავიანთი პროფესიით მუშაობენ. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, პატარაობიდანვე ჯერ ეზოს ბავშვებთან ერთად ვატარებდით კონცერტებს, ვდგამდით სპექტაკლებს, მე-5 კლასიდან ვწერდი ჩვენი კლასის საახალწლო, სადღესასწაულო პროგრამებს, სცენარებს.
ცოტა რომ წამოვიზარდე, კრიტიკულ მასალებს ვამზადებდი საგანმანათლებლო სისტემაზე, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე, მწვავედ ვაკრიტიკებდი ყველაფერს, გადაცემებსაც ვაკეთებდით - ახალგაზრდული წრე იყო, რომელიც მხარდაჭერილი იყო დონორების მიერ და იმ 90-იან წლებში ძალიან ნათელი სხივი იყო ჩვენნაირი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სკოლის გარეთ აქტივობებში ჩართვა გვინდოდა. მახსოვს, ბავშვობიდან ვაკეთებდი ისეთ საქმეს, რაც აბრაზებდა სკოლის დირექციას, განათლების სისტემას, მერიას, ვინაიდან ყველა გადაცემის ან გაზეთის დაბეჭდვის შემდეგ ამ ინსტიტუტებში იყო დიდი ალიაქოთი.
მშობლები ყოველთვის დამოუკიდებლად მზრდიდნენ და მათგან ვისწავლე, რომ თანამდებობის პირი არ არის ავტორიტეტი, რომ მთავარია თავისუფლება, ღირსება, სიმართლის მსახურება და ამ მიმართულებით ყოველთვის მქონდა მათგან მხარდაჭერა, თუმცა სულ მახსენებდნენ, რომ ზომიერების გრძნობა არ დამეკარგა.
ბავშვობაში ვჟურნალისტობდი და ბევრ კონკურსშიც მიმიღია მონაწილეობა. ოზურგეთში ვინც კი ცნობილი ადამიანი ჩამოვიდოდა, ჩამწერით ვხვდებოდი და მათგან ინტერვიუს ვიღებდი. ალბათ, ჟურნალისტიც გავხდებოდი, რომ არა სკოლის ბოლო წლები, როცა საია-ს ოზურგეთის ფილიალში დავიწყე სიარული, სადაც იმიტირებულ სასამართლო პროცესებს მართავდნენ ბავშვთა უფლებებზე. მეც ჩავერთე და მანდ მივხვდი, თურმე რა მაინტერესებს. იმ წლებში მე და ჩემმა გუნდმა საქართველოს თითქმის ყველა ეროვნული ოლიმპიადა მოვიგეთ და წლის საუკეთესო მონაწილედაც დავსახელდი. ჩვენს ბავშვობაში მწირი შესაძლებლობა იყო, მაგრამ რაც იყო, ყველაფერს ვცდილობდი - დავდიოდი ცეკვისა და ქართული-ხალხური სიმღერების წრეებზე, ვუკრავდი ხალხურ საკრავებზე, ვიყავი გოგონათა ანსამბლში და გამოვდიოდი კონცერტებზე.