მაჰიდევრან სულთანი და მუსტაფა: დედა-შვილის ტრაგიკული ისტორია - Marao

მაჰიდევრან სულთანი და მუსტაფა: დედა-შვილის ტრაგიკული ისტორია

2023-03-28 17:20:49+04:00

მაჰიდევრან სულთანი, როგორც სულეიმანის უფროსი ვაჟის დედა, ჰარამხანაში მთავარი ხარჭა იყო. სრული სახელი გიულბაჰარ მაჰიდევრანი დიდი სილამაზის გამო უწოდეს; გიულბაჰარი "გაზაფხულის ვარდს", ხოლო მაჰიდევრანი "ყველაზე ლამაზს" ნიშნავს.

ჰარამხანაში მცხოვრები ყველა ქალის მსგავსად, მისი ადრეული ცხოვრების შესახებ მცირე ინფორმაცია მოიპოვება; ვარაუდობენ, რომ იგი ჩერქეზეთიდან ან მონტენეგროდან უნდა ყოფილიყო. ფაქტი ერთია, რომ საბოლოოდ იგი მანისაში, სულეიმანის ჰარამხანაში აღმოჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ პრინცი სულეიმანის ყურადღება ადვილად მიიპყრო და 15 წლის ასაკში მუსტაფა შეეძინა. იმ დროს მუსტაფა სულეიმანის მესამე ვაჟი იყო.

1520 წელს, სელიმ I-ის გარდაცვალების შემდეგ, სულეიმანი სტამბოლში გადავიდა. მისი ჰარამხანა მას რამდენიმე კვირის შემდეგ გაჰყვა. 1521 წელს ნახევარძმების გარდაცვალების გამო მუსტაფა მთავარი პრინცი გახდა. ვარაუდობენ, რომ მაჰიდევრანს სულეიმანთან კიდევ ერთი შვილი ჰყავდა, რომელიც გაურკვეველი მიზეზის გამო პატარა ასაკში გარდაიცვალა.

დაახლოებით 1530 წელს, თურქული ტრადიციების მიხედვით, მუსტაფა მანისის მმართველად დაინიშნა. ამავე ტრადიციის თანახმად, მაჰიდევრანი შვილს უნდა გაჰყოლოდა. აღსანიშნავია, რომ მაჰიდევრანისგან განსხვავებით, ჰიურემ სულთანს არასდროს დაუტოვებია დედაქალაქი.

მაჰიდევრანმა დიდი როლი ითამაშა შვილის გუბერნატორობის პერიოდში. იმ ათწლეულების განმავლობაში ვენეციის რესპუბლიკა ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ოსმალეთის დინასტიის ამბებს იმპერიასთან მათი მჭიდრო კავშირების გამო. ვენეციის ელჩის ცნობით, მუსტაფა დედის ცხოვრებაში ერთადერთი სიხარული იყო, ხოლო მაჰიდევრანი თავისი შვილის კარზე პატივისცემით სარგებლობდა. სწორედ დედის ხელმძღვანელობით, მუსტაფამ რეგიონში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

1541 წელს, როდესაც მეჰმედმა (ჰიურემის პირველმა ვაჟმა) სათანადო ასაკს მიაღწია, ოსმალეთის იმპერიის რომელიმე რეგიონში ისიც უნდა წასულიყო. ამან ორ ქალს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა. მანისა ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია იყო და ტრადიციის მიხედვით, იქ მხოლოდ სულთნის უფროსი შვილის დანიშვნა შეიძლებოდა. საბოლოოდ მუსტაფა ამასიის (სპარსეთის საზღვართან ახლოს) მდებარე პროვინციის მმართველად დაინიშნა, ხოლო მეჰმედს მანისა ერგო. ამასია დედაქალაქიდან ერთ-ერთი ყველაზე შორეული პროვინცია იყო. ეს აშკარას ხდიდა იმ ფაქტს, რომ მუსტაფა სულთნის მხრიდან ისეთი სიყვარულით ვერ სარგებლობდა, როგორც ჰიურემის შვილები. მიუხედავად სულეიმანის უკმაყოფილებისა, ის არმიისა და გუბერნატორების ფავორიტი გახდა. ამიტომ უსაფრთხოების მიზნით სულთანმა მუსტაფა სპარსეთის საზღვართან გაგზავნა.

სინამდვილეში სულეიმანს უფროსი ვაჟის ძალაუფლების ეშინოდა. ჯარს, გუბერნატორებს და ხალხს მუსტაფა ძალიან უყვარდათ. ბავშვობიდან ნიჭიერი ჯარისკაცი იყო. უფრო მეტიც, იმპერიაში იგი განთქმული იყო თავისი გულუხვობითა და სამართლიანი გადაწყვეტილებებით. ვენეციის ელჩის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დაახლოებით 1541 წელს მუსტაფამ ამასიაში დიდი სასამართლო დააარსა, რომელიც მამამისის სასამართლოს ანალოგიურს წარმოადგენდა. მაჰიდევრანი კი მისი ყველაზე სანდო მრჩეველი და ასევე ჰარამხანის უფროსი იყო.

1543 წელს, პრინც მეჰმედის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ჰიურემსა და მაჰიდევრანს შორის ომი კვლავ განახლდა. მაჰიდევრანი და მუსტაფა კიდევ ერთხელ დამარცხდნენ, ახლა მანისას გამგებელი სელიმი გახდა (ჰიურემის მეორე ვაჟი). მაგრამ ამავე განკარგულებით მუსტაფა დაინიშნა კონიას (შუა ანატოლია) მმართველად. სულეიმანს, სავარაუდოდ, ჯარის რეაქციის ეშინოდა.

1546 წელს მუსტაფას ნაცვლად კონიას მმართველი ბაიაზიდი გახდა. დედა-შვილი ამასიაში დააბრუნეს. მუსტაფა დიდი სიმპათიით იყო განწყობილი თავისი ნახევარძმების მიმართ და მაჰიდევრანის გაფრთხილების მიუხედავად, ძმებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდა.

1553 წელს იგი უკვე ძალიან ცნობილი იყო ანატოლიაშიც. იმავე წელს ელჩი ნავაგერო წერს: „შეუძლებელია იმის აღწერა, თუ რამდენად უყვარს იგი ხალხს და რამდენად სურს მისი ტახტზე ხილვა.“ სულეიმანი მუსტაფაში თავისი მმართველობისთვის საფრთხეს ხედავდა. მაჰიდევრანმა დიდი ძალისხმევა გასწია, რომ ერთადერთი ვაჟი მკვლელობებისგან დაეცვა, მაგრამ მისი სიკვდილი გარდაუვალი იყო: მუსტაფა სპარსეთის ომის დროს მამის ჯარს ხელმძღვანელობდა. იგი შაჰთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს და საბრძოლო ბანაკში სიკვდილით დასაჯეს. მაჰიდევრანმა ერთადერთი შვილიშვილის გადარჩენა სცადა, მაგრამ ისევ ვერ შეძლო. პატარა უფლისწული მეჰმედი მხოლოდ ექვსი წლის ასაკში მოკლეს.

შვილის გარდაცვალების შემდეგ მაჰიდევრანი ბურსაში გადავიდა და მუსტაფას საფლავთან ახლოს დასახლდა. სულეიმანმა მას ფულადი დახმარება შეუწყვიტა. მისი შემოსავალი მხოლოდ მოგვიანებით, სელიმ II-მ გაზარდა.

მაჰიდევრანმა ყველა თავის მოსისხლე მტერზე დიდხანს იცოცხლა და 1581 წელს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია შვილის გვერდით, მურადიეს მეჩეთში.