არიან მსახიობები, რომლებმაც თავიანთი ნიჭითა და უმაღლესი სამსახიობო ოსტატობით ქართულ კინოსა და თეატრში წარუშლელი კვალი დატოვეს. ასეთ მსახიობებზე საუბრისას შეუძლებელია, ყველაზე გამორჩეული „ბებია“ სესილია თაყაიშვილი არ ვახსენოთ.
ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში დაიბადა. მისი მამა, დიმიტრი თაყაიშვილი, თეატრისა და პოეზიის დიდი მოყვარული იყო. ამიტომ პატარა სესილიას სამსახიობო ხელოვნების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გაუჩნდა.
ბავშვობიდანვე დაიწყო მისი თეატრალური გზა: შალვა დადიანის „მოგზაური დასის“ მსახიობმა ბავშვებისთვის წარმოდგენის დადგმა გადაწყვიტა და ერთ-ერთ როლზე დიმიტრი თაყაიშვილის შვიდი წლის გოგონა მიიწვია. სპექტაკლში „ყვავილთა შორის“ პატარა სესილია ყვავილისა და ანგელოზის როლს თამაშობდა.
1914 წელს თაყაიშვილების ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. 1924-26 წლებში სესილია თბილისის აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში სწავლობდა. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, ვასო გოძიაშვილი და მასთან ერთადერთი შვილი - დავითი შეეძინა, მაგრამ სესილიამ ქმარს მექალთანეობა არ აპატია და 6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. "მეორე სართულიდან გადმოყარა ჩემოდნები. ქალებში ვინ არ წასულა, ჩემი რომ გაუკვირდა? კინაღამ არ მამკლა, კაცო, ძლივს გამოვასწარი!" - იხსენებდა ვასო გოძიაშვილი წლების შემდეგ.
დრამატული სტუდიის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრის დასს შეუერთდა, სადაც 1930 წლამდე მოღვაწეობდა, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა.
დაუვიწყარია მისი ღვაწლი ქართულ კინოში: მანანა (”ჭირვეული მეზობლები”), ვასასი (”ჩვენი ეზო”), ელპიტე (”საბუდარელი ჭაბუკი”), ოლღა (”მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”), ბორდოხანი (”დიდოსტატის მარჯვენა”), მარადია (”ნატვრის ხე”), ასინეთა (”დათა თუთაშხია”), ბუღალტერი ("ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი")... მის მიერ განსახიერებული თითოეული როლი დღემდე აღაფრთოვანებს მაყურებელს.
ცნობილი იყო იმით, რომ პერსონაჟში მთელ გულსა და ენერგიას დებდა, მისი ცხოვრებით ცხოვრობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ისეთი შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოს ეკრანიდან არა პერსონაჟის კოსტიუმში გამოწყობილი მსახიობი, არამედ რეალური ადამიანი გელაპარაკებოდა: ,,როცა მათხოვარს თამაშობ, უნდა გჯეროდეს, რომ მათხოვარი ხარ, ხოლო როცა ინგლისის დედოფალს თამაშობ, უნდა გჯეროდეს, რომ დედოფალი ხარ.”
ერთ-ერთ სპექტაკლში ღარიბ ქალს თამაშობდა, რომელიც სცენაში სუნელს ნაყავდა. მსახიობმა ქვასანაყში ნამდვილი სუნელი ჩანაყა, რაც თეატრში არ ხდება ხოლმე. შესვენების დროს ქვასანაყით ხელში მდგარ სესილიას რეჟისორი ლილი იოსელიანი მიუახლოვდა, რომელსაც ხელში ფრანგული სუნამო ეჭირა: ,,მოაშორეთ ეს სუნამო, ნუ მაბნევთ, ჩემს გმირს ეს სუნი არასდროს შეუგრძნია”, – უთქვამს სესილიას.
როლზე მუშაობის ამგვარი მიდგომით შექმნა ყველაზე დასამახსოვრებელი, საყვარელი და ნამდვილი ოლღა ბებია. 55 წლის სესილიას მაშინ 70 წლის მოხუცის როლი უნდა განესახიერებინა და უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, საღი კბილები ამოიღო. ბებიის როლი პირველად „მანანაში“ შეასრულა, რასაც ,,თოჯინები იცინიან”, ,,მე, ბებია ილიკო და ილარიონი” და ,,ნატვრის ხე“ მოჰყვა. ალბათ მის გარდა არავის შეეძლო ისეთი ტკბილი, კეთილი და საყვარელი ადამიანის განსახიერება, როგორიც ბებიაა. ამიტომაცაა, რომ მას “XX საუკუნის ბებია” უწოდეს.
ამბობენ ფრანგმა რეჟისორმა ჟან დაკანტმა კინოთეატრში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ნახვის შემდეგ წამოიყვირა, ეს თქვენი კი არა, ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვინციაში ცხოვრობსო.
„სესილია თაყაიშვილი უარს ამბობს თამაშზე იქამდე, სანამ მას არ დაუდგამენ ნამდვილ ბუხარს, არ მისცემენ ქვასანაყს და ხმელ სუნელს, რომელსაც ის ამ ქვასანაყში დანაყავს. მას ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს დაბალი სამფეხა სკამი და კიდევ სხვა უამრავი წვრილმანი, რომლებიც მსახიობის შემოქმედების საიდუმლოა… სათვალე, როგორი სათვალე უნდა ჰქონდეს ამ ბებიას? მსახიობი იხსენებს ყველა სათვალეს, რაც კი ოდესმე უნახავს. მან ხომ სწორედ იმ სათვალეს უნდა მიაგნოს, რომელიც ბებიის მხატვრული სახის შექმნაში დაეხმარება. შავი, ხალვათი კაბა, ჩაცვენილი ლოყები, შუბლზე წაკრული შავი მოსახვევი, მის ქვეშ კი თეთრი-თეთრი, ფითქინა თავსაფარი, რომლის მხოლოდ ვიწრო ზოლი მოჩანს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ფეხზე მსუბუქი ფეხსაცმელი, რომელსაც თითქმის ვერც კი გრძნობს. და აი, თანდათან, შეუმჩნევლად, კაცმა არ იცის, რომელ რეპეტიციაზე, მსახიობში ჩნდება ამ ქალის გარემომცველი სამყაროს ხედვა...“ - წერდა მიხეილ თუმანიშვილი სესილია თაყაიშვილის შესახებ.
მსახიობმა უკანასკნელი როლი ელდარ შენგელიას ფილმში „ცისფერი მთები“ შეასრულა. რეჟისორს მისი დათანხმება ძალიან გაუჭირდა. მასთან სცენარით მისული ელდარ შენგელაია სესილიამ უარით გაისტუმრა. ორ დღეში კი დაურეკა და ისევ დაიბარა.
ელდარ შენგელაიას მოგონება:
„ცისფერი მთების“ სცენარზე მუშაობა რომ დავასრულეთ, ბუღალტრის როლზე უკვე ქალბატონი სესილია მყავდა წარმოდგენილი და სცენარით ხელში მივადექი კიდეც შინ.
– დეიდა სესილია, აი, სცენარი, მგონი, ძალიან საინტერესო როლია თქვენთვის, მინდა გაეცნოთ და…
– ყველაფერი დამთავრდა, არანაირ ფილმში აღარ ვითამაშებ, არც თეატრში ვთამაშობ. გაიგეთ, არ შემიძლია…
მაშინ ცოტა ვიეშმაკე და ასეთი რამ ვუთხარი:
– იქნებ სცენარი წაიკითხოთ და თქვენი აზრი მითხრათ-მეთქი.
– რომელი რედაქტორი მე ვარ, სცენარი ვიკითხო. მეტი საქმე არა მაქვს, ვიჯდე და შენი უნიჭო სცენარი ვიკითხო, – მომახალა.
ფარ-ხმალი არ დავყარე და როგორც იქნა, დავითანხმე… მეორე დღესვე დავურეკე და ვკითხე:
– კითხვა ხომ არ დაგიწყიათ-მეთქი?
– წავიკითხე. მოდი და რაღაცებს გეტყვი. - იმწამსვე გავვარდი… კარი თავად გააღო და რას ვხედავ, საგანგებოდ არის ჩაცმული, სწორედ ისე, როგორც ფილმშია: ხალათი, ჩუსტები, ვარცხნილობაც კი სხვანაირი აქვს, ხელში რაღაც ქაღალდები უჭირავს:
– აი, შენი გმირი ასეთი უნდა იყოს და ქაღალდებით ხელში სულ უნდა დადიოდესო, – მითხრა.
– დეიდა სესილია, აგერ არა ხართ-მეთქი? – შევაპარე.
– არა, არა, მე არ შემიძლია, არ შემიძლია, ყველაფერი მტკივა. გაიგე რა, მე უკვე იმ ასაკისა ვარ…
– ეს ქალიც ამ ასაკისაა, ამ ქალსაც ყველაფერი სტკივა და თანაც აქანავებს.
- მეც მაქანავებსო, - შემომჩივლა. ბოლოს და ბოლოს, მაინც მითხრა:
– კარგი, მაგრამ იჩქარე. იცოდე, რაც შეიძლება იჩქარე.
გადასაღებ მოედანზე დიქტატორ რეჟისორებს არ ვგავარ, მაგრამ ამ შემთხვევაში გავხდი დიქტატორზე დიქტატორი, უმკაცრესი დისციპლინით. ზოგჯერ გადაღებაზე საავადმყოფოდან მოგვყავდა, მის ეპიზოდს ნახევარ საათში ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით მანქანით. გადაღებაზე ექიმიც თან მოჰყვებოდა…“
სესილიას თავის ოთახში დედის სურათი ეკიდა. როცა დედასთან ლაპარაკი მოენატრებოდა, წერილს წერდა და მის უკან ინახავდა ხოლმე. ასე საგულდაგულოდ შეინახა ანდერძიც, რომელშიც ახლობლებს უკანასკნელი თხოვნით მიმართავდა:
“ვგრძნობ, ძალიან ცუდად ვარ… რა ცუდია, ყველაფერი გტკივა, დადიხარ ძლივს და არ კვდები. ვთხოვ ჩემიანს, ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით. დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემ გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა. რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები! ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება! იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას”.
ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა 1984 წლის 21 მაისს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.