გოგოლა კალანდაძის გადაცემაში საუბრისას მაკა მახარაძემ საკუთარი ოჯახისა და დედინაცვალთან, სოფიკო ჭიაურელთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა:
„ჩვენ მეგობრები ვიყავით. მედეას რომ არ ჰქონოდა კარგი ურთიერთობა, დედას არ გადავახტებოდით. ძალიან დაგვწყვიტა გული. დედა სოფიკოს პანაშვიდზე არ წავიდა. 16 წლით უფროსი იყო სოფიკოზე. მე იქ დავჯდე და სოფიკო იწვეს, არ შემიძლიაო… ასეთი ურთიერთობა არსებობდა…“ - ამბობს მაკა მახარაძე.
მაკა მახარაძე კოტე მახარაძისა და მედეა ჩახავას ქალიშვილია. კოტესა და მედეას თანაცხოვრებისას კიდე ერთი შვილი, ივიკო შეეძინათ. როგორც ცნობილია, ისინი ერთმანეთს რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. კოტე მახარაძემ სოფიკო ჭიაურელზე იქორწინა:
„ის, რომ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, ცხადია, ჩვენთვის ყველაზე დიდი ტრაგედია იყო – ოცი წელი იყვნენ ერთად და, უცებ, ერთად აღარ არიან. მაშინ 19 წელი შემისრულდა, ნატოზე ფეხმძიმედ ვიყავი, და მთელი ცხრა თვე ვტიროდი. მეგონა, დედამიწა გამომეცალა ფეხქვეშ. გავიდა დრო და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ეს მათი პირადი საქმე იყო და, ამიტომ, არასდროს მიცდია, ჩავრეულიყავი – რა მოხდა, ვინ იყო დამნაშავე... ვცადე მათი შერიგება, მაგრამ გადაწყვეტილება კატეგორიული იყო. მამა სოფიკოსთან უფრო მყავს ასოცირებული, იმიტომ, რომ სოფიკოსთან უფრო მეტხანს – ოცდაათი წელი იყო. რაც შეეხება მიზეზს, ნამდვილად არ გასცილებია მამა სოფიკოს გამო, სოფიკო აქ არაფერ შუაშია. მანამდე კიდევ ჰყავდა ცოლი, რომელთანაც შვილი შეეძინა, ბაია” - იხსენებს მაკა მახარაძე.
