„ჰემინგუეის წყევლა“ - ცნობილი მწერლის შვილიშვილი, რომელმაც, ბაბუის მსგავსად, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - Marao

„ჰემინგუეის წყევლა“ - ცნობილი მწერლის შვილიშვილი, რომელმაც, ბაბუის მსგავსად, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

2023-04-05 12:40:44+04:00

მარგო ჰემინგუეი 1954 წელს პორტლენდში, ბამბი ჰემინგუეის, ერნესტ ჰემინგუეისა და ბირა ლუისის ვაჟის ოჯახში დაიბადა. მშობლები მუდმივად გადაადგილდებოდნენ: ჯერ კუბაში ცხოვრობდნენ, შემდეგ სან ფრანცისკოში, საბოლოოდ აიდაჰოს ქალაქ კეტჩუმში დასახლდნენ.

ადგილობრივ სკოლაში (რომელსაც ჰემინგუეის სახელი ერქვა) მარგოს თანაკლასელები ცუდად ეპყრობოდნენ და ამპარტავნად თვლიდნენ. მარგო ჯანმრთელი ბავშვი არასდროს ყოფილა: ჰქონდა დისლექსია, მოზარდობისას ებრძოდა ბულიმიას, დეპრესიას, პანიკურ შეტევებსა და ეპილეფსიას. ერთხელ ჰემინგუეიმ ინტერვიუში აღიარა, რომ ბავშვობაში საკუთარი ოჯახის მხრიდან ყურადღება აკლდა.

ოჯახთან სიახლოვის შევსებას მოგზაურობით ცდილობდა. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მარგო ხშირად მოგზაურობდა ინდოეთში და სწავლობდა გურუებთან.

16 წლის ასაკში, სწავლის მიტოვების შემდეგ, მან სამსახური მიიღო ადგილობრივ პიარ სააგენტოში და მოდელად მუშაობა დაიწყო. ნიუ-იორკში ერთ-ერთი მივლინების დროს, ცნობილი სასტუმრო პლაზას ფოიეში, სადაც საქმიან შეხვედრას ელოდა, მარგო ეროლ უეტსონს, რესტორნების ქსელის მემკვიდრეს, შეხვდა, რომელიც ჰემინგუეიზე 14 წლით უფროსი იყო. წყვილი მალე დაქორწინდა და საცხოვრებლად მანჰეტენში გადავიდა. „მაშინ შემამჩნია, როცა ფოიეში ჩაის ვსვამდი, შემდეგ კი ჩემი ოთახის კარზე დააკაკუნა, ხელში ვარდით და შამპანურის ბოთლით. ასე შემიყვარდა“, - იხსენებდა ჰემინგუეი. თუმცა, ქორწინება მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა.

სწორედ ეროლი დაეხმარა მარგოს სამოდელო კარიერის დაწყებაში. მან გააცნო იგი ცნობილ მეგობრებს, როგორიცაა Women's Wear Daily-ის რედაქტორი მარიან მაკევოი, ფოტოგრაფი ფრანჩესკო სკავულო, მოდის დიზაინერი ჰოლსტონი, Vogue-ის რედაქტორი ფრენსის სტეინი და მეწარმე ჯონ რევსონი, რომლის ოჯახმა დააარსა Revlon. 21 წლის მარგოს ნახვა თითქმის ყველა ცნობილი მოდის ჟურნალის გარეკანზე შეიძლებოდა.

70-იანი წლების მეორე ნახევარში მარგომ გადაწყვიტა ძალები კინოში ეცადა: 1976 წელს მისი დებიუტი შედგა ტრილერში Lipstick (რომელშიც მისი 14 წლის და მარიელ ჰემინგუეიც თამაშობდა). მიუხედავად სოლიდური ბიუჯეტისა, ფილმმა კრიტიკოსებისგან უარყოფითი შეფასება მიიღო. პირადი ცხოვრება მოდელის მეორე ქმარი იყო ვენესუელელი კინორეჟისორი ბერნარდ ფუტჩერი იყო. ისინი 1979 წელს დაქორწინდნენ და საცხოვრებლად პარიზში გადავიდნენ.

1984 წელს ავსტრიაში, თხილამურებით სრიალის დროს, მარგო მძიმედ დაშავდა, რეაბილიტაციის დროს 35 კილოგრამი მოიმატა და ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. მან მთელი 1987 წელი ბეტი ფორდის კლინიკაში გაატარა, სადაც ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. იმავე წელს ფუტჩერსა და ჰემინგუეის ოჯახური ურთიერთობა არასწორად წარიმართა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

პირად ცხოვრებაში წარუმატებლობის შემდეგ მარგომ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო მოდის სამყაროში. 1990 წელს ის შიშველი გამოჩნდა Playboy-ის გარეკანზე. მოდის სახლები მოდელთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდნენ. იმ დროს ვარსკვლავი ინტერვიუებში ხშირად საუბრობდა თვითმკვლელობაზე.

1996 წლის 1 ივლისს, ერნესტ ჰემინგუეის თვითმკვლელობის წლისთავის წინა დღეს, მარგო გარდაცვლილი იპოვეს. ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლო ექსპერტიზის ანგარიშის თანახმად, რომელიც ერთი თვის შემდეგ გახდა ცნობილი, სიკვდილის მიზეზი წამლების დოზის გადაჭარბება გახდა. მოდელის ფერფლი ოჯახის საგვარეულო აკლდამაში, ცნობილი ბაბუის ძეგლის მახლობლად დაკრძალეს. მარგო ჰემინგუეის ოჯახის მეხუთე წევრი გახდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.