ქართულ თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში ნინო კასრაძეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. გამორჩეული გარეგნობა, ხელოვნების სიყვარული და უსაზღვრო ნიჭიერება მის როლს თეატრის ისტორიაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
ნინო კასრაძე 1970 წლის 3 მარტს, თბილისში დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ ნინო ტყუპისცალია. მისი და, მაკა კასრაძე ერთ-ერთ რადიოსი წაყვანად მუშაობს.
მსახიობობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია. როგორც ამბობდა, პროფესიის არჩევაში დიდი როლი სკოლამ ითამაშა. ალბათ მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ, რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი გასდებოდა.
„არ ვიცი, რატომ ავირჩიე ეს პროფესია. თუ არ ვცდები, მსახიობობის სურვილი VIII-IX კლასში გამიჩნდა. შეიძლება იმიტომ, რომ სკოლის დროს რაღაც ინგლისურ სპექტაკლებში ვმონაწილეობდი, ეს იყო პატარა დღესასწაულები. მიზეზებზე მაშინ არ მიფიქრია. ის კი არა და, წესიერად გაცნობიერებულიც არ მქონია. ამაზე ახლა ვფიქრობ, როცა თითქოს ერთი ეტაპი დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში. მგონი, გამიმართლა. ხშირად ხდება, როცა 17 წლისა პროფესიას ირჩევ, მერე 10-15 წლის შემდეგ ზუსტად არც კი იცი, სწორი არჩევანი გააკეთე თუ არა. იშვიათად ამართლებს ხოლმე. ვფიქრობ, ეს ის იყო, რაც მე შემეძლო და რაც გამომივიდოდა“- იხსენებდა ნინო ერთ-ერთ ინტერვიუში.
ახალგაზრდობისას რამდენიმე ფილმში გადაიღეს, მათ შორისაა გიორგი შენგელაიას ფილმი "ორფეოსის სიკვდილი", სადაც პარტნიორობას ზურა ყიფშიძე უწევდა. ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიოში აღიარებული მსახიობი ალან რიკმანი ( რომელიც რობერტ სტურუას მეგობარი იყო და თამაშობდა მის მიერ დადგმულ "ჰამლეტში") როდესაც საქართველოში იმყოფებოდა ნინო კასრაძესთან ერთად ითამაშა ნაწყვეტი სპექტაკლიდან, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ალან რიკმანი ინგლისურად, ხოლო ნინო ქართულად თამაშობდა სპექტაკლში.
ის ფაქტი, რომ ნინო კასრაძე ყველასთვის ცნობილი გახდა, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“ უკავშირდება. მაკას სახით მსახიობმა ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი შექმნა.
"ჩემთვის ყველა როლი ისეთი წვალებისა და შრომის შედეგად არის შექმნილი, რომ ჩავარდნილი როლიც კი შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით წარმატებული იყოს... ყველა როლი რაღაცას მახსენებს, რაღაცასთან არის დაკავშირებული. უკვე ცხოვრების ნაწილი ხდება. პოპულარობა რომ მადარდებდეს და განვიცდიდე, ასე კი არ მივუშვებდი ყველაფერს, როგორც მივუშვი. ტყავში ვიქნებოდი გამძვრალი, მით უმეტეს, რაიმეს თავიდან დაწყება მე არ მჭირდებოდა, ლოგიკურად გავაგრძელებდი" - ამბობდა მსახიობი ერთ -ერთ ინტერვიუში.
წლების წინ დედაქალაქზე უარი თქვა და საცხოვრებლად ოქროყანაში გადავიდა. სანამ შვილები პატარები იყვნენ, ნინო ნაკლებს მუშაობდა და ძირითად, ბავშვებთან ატარებდა დროს.
„როგორი დედა ვარ, ამას დრო გამოაჩენს. ღმერთმა ქნას, რომ ბევრი შეცდომა არ დავუშვა. შეცდომებს ვუშვებ, ფაქტია, მაგრამ მთავარია, ისე არ დამიბნელდეს გონება, რომ საბედისწერო შეცდომები დავუშვა. ჩემი თეორიები მაქვს. არ ვიცი, როგორ გავართმევ თავს მსახიობობასაც და დედობასაც. მიმაჩნია, რომ ასეთ შეთავსებას კარგი შედეგი არ მოაქვს და რა იქნება და რას ვიზამ, არ ვიცი“.