1962 წლის აგვისტოს დასაწყისში მერილინ მონრო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. რამდენიმე დღით ადრე, ყოფილმა ქმარმა, ჯო დიმაჯიომ მეორე ქორწინება შესთავაზა.
მათი ურთიერთობა 1952 წელს დაიწყო. ჯო, 38 წლის ბეისბოლის ლეგენდა იყო, მერლინი კი ჰოლივუდში პირველ ნაბიჯებს დგამდა. დიმაჯიომ მერლინის ფოტო პირველად გაზეთში ნახა და პაემანი ნაცნობების დახმარებით დანიშნა. ჟურნალისტები ვერ იგებდნენ, რა საერთო უნდა ჰქონოდათ მათ ერთმანეთთან, მონრო კი ამტკიცებდა, რომ ჯერ არ შეხვედრია ადამიანს, რომელიც სულით ასე ახლოს იყო მასთან.
„სიმართლე ის არის, რომ ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს." დიმაჯიომ მსახიობისადმი წარმოუდგენელ მიჯაჭვულობაზეც ისაუბრა. მალევე დაიწყეს ქორწილზე საუბარი. „ვიცოდით, რომ ქორწინება ადვილი არ იქნებოდა. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვერ დავრჩებით სამუდამოდ შეყვარებულებად, ამას შეიძლება გავლენა მოეხდინა ჩვენს კარიერაზე, ”- იხსენებდა მერილინი.
გარდა ამისა, მსახიობიც და ბეისბოლისტიც ოჯახზე და შვილებზე ოცნებობდნენ. 1954 წლის 14 იანვარს მონრო და დიმაჯიო დაქორწინდნენ. მერილინის მოგონებების თანახმად, ქორწილი სპონტანური აღმოჩნდა - მათ უბრალოდ ხელი მოაწერეს, შემდეგ კი იაპონიაში გაფრინდნენ, სადაც სპორტსმენს ადგილობრივი ბეისბოლის ლიგის წარმომადგენლები ელოდნენ. ასე რომ, მივლინება დაუგეგმავ თაფლობის თვედ გადაიქცა.
ოჯახური ცხოვრება თავიდანვე არ აეწყო. დიმაჯიო იმედოვნებდა, რომ აღმოსავლეთში მოგზაურობა მათ მცირეოდენ მოსვენებას მისცემდა პრესის ყურადღებისგან. სამაგიეროდ, ჰოლივუდის პოპულარული მსახიობს უკვე ტოკიოს აეროპორტის პანდუსზე ელოდნენ ფოტოგრაფები და თაყვანისმცემლები. ზოგიერთი ცნობით, ბეისბოლის მოთამაშე ცოლზე ეჭვიანობდა მისი ცხოვრების წესის გამო - მისთვის უკიდურესად რთული იყო მერილინის ყურადღების გაზიარება თითქმის მთელ მსოფლიოში.
შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ, მეუღლეებს შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესებულა. ჯოს სურდა სახლში გაეტარებინა დრო საყვარელ ადამიანთან ერთად, ხოლო მერილინს იმედი ჰქონდა, რომ ქმარი მის სამსახიობო კარიერას მხარს დაუჭერდა. ბილი უაილდერის ფილმის The Seven Year Itch-ის გადაღებამ წყვილი ერთმანეთს კიდევ უფრო დაუპირისპირა. ერთ-ერთ სცენაში მონრო - უილიამ ტრავილიას თეთრ კაბაში - მეტროს სავენტილაციო გრილზე უნდა მდგარიყო. ზოგიერთი ცნობით, ასამდე ფოტოგრაფი და რამდენიმე ათასი მაყურებელი შეიკრიბა, რათა ენახათ, თუ როგორ ააფრიალა ქარმა მერილინის თეთრი კაბა. მაყურებელთა შორის ჯო დიმაჯიოც იყო.
ბეისბოლისტმა ეს ინციდენტი პირად შეურაცხყოფად მიიღო და მერილინს უთხრა, რომ მსგავს ურთიერთობაში ყოფნას ვეღარ გაუძლებდა. მონრომ განქორწინებიდან ცხრა თვის შემდეგ შეიტანა განცხადება ემოციური ძალადობის მოტივით.
1956 წელს მერილინი ხელახლა დაქორწინდა დრამატურგ არტურ მილერზე, რომელსაც მაშინ კომუნისტურ შეხედულებებში ადანაშაულებდნენ, მერლინი საზოგადოების აზრს ყურადღებას არ აქცევდა, მეტიც, არტურთან ქორწინების შემდეგ იუდაიზმი მიიღო. მონრო და მილერი ერთად ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. 1961 წელს წყვილი დაშორდა.
ეს პერიოდი მონროს კარიერაში წარუმატებლობას დაემთხვა - წარუმატებლობები ერთმანეთს მიყოლებით მიჰყვა, რამაც ცუდად იმოქმედა მსახიობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მან რამდენიმე კვირა გაატარა კლინიკაში, დეპრესიის სამკურნალოდ. ჯო დიმაჯიო მერლინის ცხოვრებაში ისევ დაბრუნდა - მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსახიობის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ბეისბოლის მოთამაშემ მას ცოლობა კვლავ შესთავაზა. მერლინის გარდაცვალების შემდეგ კი, 20 წლის განმავლობაში, მის საფლავზე ყვავილებს აგზავნიდა.