ბარბარა ჰატონი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან ოჯახში დაიბადა. გოგონას ყველაფერი ჰქონდა, გარდა ბედნიერი ოჯახისა. როდესაც ის ოთხი წლის იყო, დედის ცხედარი აღმოაჩინა, რომელმაც, სავარაუდოდ, თავი ქმრის ღალატის გამო მოიკლა. რა თქმა უნდა, ბავშვობის ტრავმამ გავლენა მის დარჩენილ ცხოვრებაზეც იქონია.
ბარბარას 18 წლის იუბილე დიდი წვეულებით აღნიშნეს. ნიუ-იორკში მდიდრული მიღებით. მოწვეულთა შორის ქალაქის მთელი ელიტა იყო, მათ შორის ასტორები და როკფელერები. სტუმრებს მაშინდელი ყველაზე პოპულარული მუსიკოსები რუდი ვალი და მორის შევალიე ართობდნენ. ასეთი დაბადების დღის გადახდა, რა თქმა უნდა, დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რაც დიდი დეპრესიის დროს რიგითი ამერიკელებისთვის წარმოუდგენელი იყო.
1930 წელს გოგონას ბებია გარდაიცვალა, რომელმაც მას არანაკლებ 26 მილიონი დოლარი დაუტოვა. სამი წლის შემდეგ, როდესაც ბარბარა ამერიკული სტანდარტებით სრულწლოვანი გახდა, მემკვიდრეობა მამისგანაც მიიღო. მისი ქონება 42 მილიონი (დღეს მილიარდ დოლარზე მეტი) იყო, რასაც გარდაცვლილი დედისგან დატოვებული 8 მილიონი დოლარიც ემატებოდა. ასე რომ, სულ რაღაც 21 წლის ასაკში, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ბარბარა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი გახდა.
მალე ჰატონი ცოლად ქართველ „არისტოკრატს“, ალექსი მდივანს გაჰყვა. ალექსიმ ბარბარას მოხიბვლა ადვილად შეძლო და წყვილი პარიზში დაქორწინდა. ქორწილი მილიონი დოლარი დაჯდა. ცნობილია, რომ ყელსაბამი, რომელიც ბარბარას ქორწილში ეკეთა, საფრანგეთის დედოფალს, მარია ანტუანეტას ეკუთვნოდა. „მე მიყვარს მისი ცხოვრების წესი. ამერიკელები ქორწილის შემდეგ დაუყოვნებლივ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან. ალექსი კი ასეთი არ არის. იცით, პრინცესად ყოფნა ძალიან მომწონს“ - ამბობდა ბარბარა. მაგრამ მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდა, წყვილი ორი წლის შემდეგ დაშორდა.
ბარბარა ამას ძალიან განიცდიდა, მაგრამ მალევე ნამდვილ არისტოკრატზე, გერმანელ ჰაინრიხ ებერჰარდ ფონ ჰარდენბერზე იქორწინა. ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა, ამიტომ ჰატონმა მასთან ურთიერთობა საკმაოდ სწრაფად დაასრულა. სამწლიან ქორწინებაში წყვილს ერთი შვილი შეეძინა. მშობლების განქორწინების შემდეგ, ბიჭმა დედასთან დაიწყო ცხოვრება.
ბარბარას მესამე ქმარი, მილიონობით ქალის კერპი - მსახიობი კერი გრანტი იყო. მაგრამ მასთან ქორწინებაც მალევე დასრულდა. ჰატონის მეოთხე ქმარი რუსი არისტოკრატი, იგორ ტრუბეცკოი იყო. კაცი ცნობილი იყო არა მხოლოდ თავისი წარმომავლობით, არამედ პირადი მიღწევებითაც. ის პირველი მრბოლელი მძღოლი გახდა, რომელმაც Ferrari 1948 წელს მონაკოს გრან პრი მოიგო. იგორთან ჰატონის ვაჟს განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა ჰქონდა. ისეთი, რომ მამინაცვლის კვალს გაჰყვა და მომავალში პროფესიონალი მრბოლელი გახდა.
ბარბარამ კიდევ სამჯერ დაქორწინება მოახერხა: ერთი წელი მისი ქმარი დიპლომატი და პოლოს მოთამაშე პორფირიო რუბიროსა იყო, ოთხი წელი ბარონთან და ჩოგბურთელ გოტფრიდ ფონ კრამთან ერთად ცხოვრობდა, ორი წელი კი პრინც პიერ რაიმონდ დოანთან.
გარდა მშფოთვარე პირადი ცხოვრებისა, ჰატონი ისტორიაშიც შევიდა, როგორც ყველაზე ცნობილი საიუველირო სახლების - Cartier-ისა და Van Cleef & Arpels-ის ერთ-ერთი მთავარი კლიენტი. პირველთან მთელი ცხოვრების მანძილზე თანამშრომლობდა და თანხებს არ იშურებდა. ბარბარას კოლექციაზე ლეგენდები კვლავ ტრიალებს. ჰატონისთვის Cartier-ის მსოფლიოში ცნობილი ქმნილებაა ვლადიმირ ტიარა, რომელშიც ის პოზირებს სესილ ბიტონის მიერ შექმნილ ცნობილ პორტრეტში. დეკორაცია დაფუძნებულია ზურმუხტებზე, რომლებიც ოდესღაც ეკუთვნოდა მარია მეკლენბურგ-შვერინს, რუსეთის პრინც ვლადიმირის მეუღლეს, ნიკოლოზ II-ის ბიძას. ჰატონი ასევე ფლობდა ორმოც კარატიანი უნიკალური ბრილიანტს, სახელად „ფაშა“.
მისი ცხოვრების ბოლოს ყველასთვის ცხადი გახდა ერთი რამ - ბარბარა ქმრების გარეშე მილიონებს უფრო სწრაფად კარგავდა, ვიდრე მათთან ერთად. ჰატონს უყვარდა მდიდრული ცხოვრება, არასდროს უმუშავია და ფულსაც უსასრულოდ ხარჯავდა. შედეგად, ძვირფასი სამკაულების, ჩინური ფაიფურის, ფაბერჟეს ნამუშევრებისა და ძვირფასი ანტიკვარების შთამბეჭდავი კოლექცია შეაგროვა, ერთ დროს უმდიდრესი ქალი გაჭირვებაში აღმოჩნდა. მას სასწრაფოდ მოუწია მთელი თავისი ფასიანი ქაღალდების გაყიდვა.
1972 წელს ჰატონის ერთადერთი ვაჟი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამან საბოლოოდ გააუარესა მისი ემოციური მდგომარეობა. ბარბარა დეპრესიაში ჩავარდა. სიცოცხლის ბოლო თვეები ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროში გაატარა, სადაც 1979 წლის მაისში ინფარქტით გარდაიცვალა. ერთ დროს მილიარდიანი ქონების მემკვიდრის ანგარიშზე, მხოლოდ 3000 დოლარი აღმოჩნდა.