"თეატრალურში რომ ჩავაბარე, ჩემს მომავალ მეუღლეს - მერაბ თავაძეს შევხვდი: ჩვენ ერთ ჯგუფში ვიყავით, მეორე კურსის ბოლოს დავქორწინდით" - Marao

"თეატრალურში რომ ჩავაბარე, ჩემს მომავალ მეუღლეს - მერაბ თავაძეს შევხვდი: ჩვენ ერთ ჯგუფში ვიყავით, მეორე კურსის ბოლოს დავქორწინდით"

2023-04-07 16:26:12+04:00

ირმა გურიელის შემოქმედებას საქართველოში კარგად იცნობენ, უფრო მეტიც, არაერთი სიმღერა, რომლის ლექსის ავტორი ქალბატონი ირმაა, ხალხმა ზეპირად იცის. ამ სათნო, სიმპათიურმა ქალბატონმა თავისი ცხოვრების 40 წელი მიუძღვნა საქართველოს ტელევიზიას. ის პირველი თაობის დიქტორი-ტელევარსკვლავია, პოეტი, მსახიობი, ჟურნალისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი... - ძნელია ჩამოთვალო ყველა ტიტული, რომელიც მას მიუღია. ქალბატონი ირმა თავის ცხოვრებაზე გვესაუბრა:

- ბავშვობა ქუთაისში გავატარე. ამ უძველესმა, მშვენიერმა ქალაქმა ბევრი რამ მომცა და მასწავლა. ჩემს მშობლებს ერთმანეთი სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში გაუცნიათ. ომი თვე-ნახევრის დაწყებული ყოფილა, როცა დავბადებულვარ. დედა და მამა მაშინ მხოლოდ 19-წლისანი იყვნენ, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი თავადაც ჰქონდათ. ომის ქარცეცხლმა გაგვყარა 20 წლის მამა და 5 თვის შვილი, მაგრამ ვერ შეწყვიტა მამაშვილობა. ის ომიდან აღარ დაბრუნებულა, თუმცა დედა მას სიცოცხლის ბოლომდე ელოდა. მამის ხატება კი ჩემს პოეზიაში და არაერთ სიმღერაში, გმირი ჯარისკაცის სიმბოლოდ დარჩა. დედამ - ელენე ტურაბელიძემ გამზარდა, რომელიც ნამდვილი ხელოვანი იყო: ბევრ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავდა: - გიტარა, ვიოლინო, ჩონგური, ფანდური, მანდოლინა. ხალხურ საკრავთა ანსამბლიც ჰქონდა შექმნილი, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. საქართველოს რადიოს ფონდში ინახება მისი რამდენიმე ჩანაწერი, მათ შორის გიტარის თანხლებით სიმღერების ჩანაწერიც. ჩემი სკოლის ანსამბლიც მოამზადა სასკოლო ოლიმპიადისთვის და პირველი ადგილიც დავიმსახურეთ. ბავშვობიდან მერგო „მხატვრული კითხვის ოსტატის“ ტიტულიც. ხშირად ლექსებს მისი აკომპანემენტის თანხლებით ვკითხულობდი, კონცერტებზეც ვმღეროდით ერთად.

- როგორ შეძლო დედამ, რომ უზრუნველი ბავშვობა გქონოდათ?

 - სიყვარულით სავსე გარემოცვაში ვიზრდებოდი: საოცარი ბებიები მყავდა. ისინი სიცოცხლის ბოლომდე ელოდნენ ომიდან შვილების დაბრუნებას, თუმცა ამაოდ. მამის დედა, დიდებული თეოდორა ბებო, რომელმაც ჩემი ბიჭებიც კი გამაზრდევინა, ამბობდა: შენ რომ არ მყოლოდი, ვერ გადავრჩებოდიო. სამი შვილი ომში ჰყავდა. რამდენიმე თვის ვყოფილვარ, როცა ატირებულ ბებოსთან ფორთხვით მისული მის კაბის კალთას ჩავჭიდებივარ, წამოვმდგარვარ და პირველად მითქვამს: "ბებია, რატო?" მასაც აუხსნია, რატომ... ამის შემდეგ, თურმე, ლაპარაკი და სიმღერაც დამიწყია: „გიგოლი ბიძია, მოდი მალე, კაბა მომიტანე, ბაჩი მომიტანე“ - თურმე, ყოველთვის ასე ვიძინებდი. რატომ ავირჩიე ეს ბიძა და არა მამაჩემი, არ ვიცი... ომიდან მხოლოდ ის დაბრუნდა, მამაჩემი და მეორე ბიძა კი დაიღუპნენ. სწორედ ამ ბიძამ გამიწია მამობა და თავის ბიჭებთან ერთად გამზარდა...

მსახიობობაზე ბავშვობიდანვე ვოცნებობდი. ახლაც თვალწინ მიდგას, მეოთხე კლასში რომ ვიყავი, მაგიდის ქვეშ შევძვრებოდი, გადასაფარებელს გავწევდი, თითქოს, ფარდას ვხსნიდი და "სცენაზე" გამოვდიოდი. მაყურებელიც ბლომად მყავდა: მეზობლები, ოჯახის წევრები, ნათესავები... არ ვიცი, ვინ მასწავლა და როგორ ვისწავლე ნაწყვეტი "სურამის ციხიდან". ზურაბის კედელში ჩატანების ეპიზოდს რომ ვკითხულობდი, მეც ცრემლები ჩამომდიოდა და მაყურებლებიც ტიროდნენ. ტაში და ქებაც არ მაკლდა. ქალაქში არც ერთი ღონისძიება უჩემოდ არ იყო. ძალიან ყოჩაღი, აქტიური ბავშვი ვიყავი და ყველაფერში ვმონაწილეობდი.

- პედაგოგებშიც გაგიმართლათ?

- არაჩვეულებრივი, საოცარი პედაგოგები მყავდა. არ შემიძლია არ ვახსენო იმდროინდელი პიონერთა სასახლე, სადაც მოღვაწეობდა შესანიშნავი პედაგოგი - ალექსანდრე ტოგონიძე. ის დრამატულ წრეს ხელმძღვანელობდა და არაერთი თვალსაჩინო ადამიანი აღზარდა. მასზე გადაღებული ჩემი საავტორო ფილმიც არსებობს. მხატვრული კითხვის კონკურსებზე ხშირად დავდიოდი.