მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ია შუღლიაშვილი ქართველი ხალხის საყვარელი კომპოზიტორის, ინოლა გურგულიას, ქალიშვილია, მამაც ცნობილი კომპოზიტორი იყო. გოგონა ბავშვობიდან ზღაპრული მელოდიებით გაიზარდა.
ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი დაამთავრა. კონსერვატორიაში აბარებდა, როცა შეიტყო, რომ თურმე დედას უნდოდა, ია მსახიობი გამოსულიყო, ამიტომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა.
მარჯანიშვილის თეატრში ინსტიტუტის დამთავრებიდან დღემდე უამრავ სპექტაკლში ითამაშა. კინოს სამყაროში მოგვიანებით შეაბიჯა. მისი რეკომენდატორი და მეგზური კინოში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი უნიჭიერესი მსახიობი მიშა გომიაშვილი გახლდათ. პირველი ფილმი ,,კახეთის მატარებელი” ფეხბედნიერი აღმოჩნდა, რადგან შემდეგ რეჟისორებმა, ნანა ექვთიმიშვილმა და სიმონ გროსმა, შეარჩიეს ფილმისთვის ,,ჩემი ბედნიერი ოჯახი”, რომლის მსოფლიო პრემიერა სანდესის კინოფესტივალზე გაიმართა, ხოლო პრემიერა ,,ბერლინალეზე”. ია შუღლიაშვილს ამ ფილმმა მსოფლიო აღიარება მოუტანა. კინოკრიტიკოსებმა, ჟიურიმ ია ათ საუკეთესო მსახიობს შორის დაასახელეს.
როგორც ია შუღლიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, მასზე დედამ, ინოლა გურგულიამ დიდი გავლენა იქონია:
„ყოველთვის მიჭირს დედაზე საუბარი, იგი ყოველთვის მახსოვს და სულ მის ირგვლივ ვტრიალებ, არასდროს დამცილებია, მუდმივად ჩემთან არის. ძალიან მახარებს, რომ მისი სიმღერები უყვართ და დღეს ახალგაზრდები ასრულებენ.
სიმღერა დაბადებიდან დაგვყვა მე და ჩემს ძმებს, ამის გარეშე ჩვენი ოჯახი არ არსებობდა. ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ ზედმეტი დოზით იყო სიმღერა ჩვენს ოჯახში. მე მეგონა, ყველა ოჯახში ასე ხდებოდა. არც არის გასაკვირი, ქართველებს ხომ ძალიან გვიყვარს და გვეხერხება სიმღერა. ჩვენთან შეიძლება ცოტა უფრო მეტი და ცოტა მეტად პროფესიონალურად იყო.
მომღერლობა არასდროს მდომებია, სიმღერა ისეთივე ბუნებრივი იყო ჩემთვის, როგორიც პირის დაბანა, კვება, დაძინება, მაგრამ პროფესიად არ მიფიქრია, თუმცა ნიჭიერთა ათწლედიც დავამთავრე და კონსერვატორიისთვისაც ვემზადებოდი. გულის სიღრმეში იქ ჩაბარება არ მინდოდა, რაღაც სხვას ვეძებდი.
მოულოდნელად გავიგე, რომ დედას უნდოდა, მსახიობი გამოვსულიყავი. მაშინ მივხვდი, რომ მეც ძალიან მომწონდა ეს პროფესია. ჩემი სურვილი და დედის ნატვრა თანხვედრაში მოვიდა, ჩავაბარე თეატრალურში. დღეს ვხვდები, რომ დედის თვალმა და გულმა სწორად განსაზღვრა ჩემი მომავალი.
უფროსი შვილი უკვე 34 წლის არის, დაოჯახებულია, ორი შვილიშვილის ბებია ვარ, ცალკე ცხოვრობენ. პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ გენეტიკას ვერ გაექცა და მუსიკოსობა არჩია. მღერის კიდეც, თავისი სტუდია აქვს, მუსიკას წერს ფილმებისთვის, არანჟირებას აკეთებს, უყვარს თავისი საქმე და ჩვენ დაუხმარებლად ახერხებს ცხოვრებას.
პატარა 17 წლის არის, მეთორმეტეკლასელია, ხატავს კარგად და სამხატვრო აკადემიაში აპირებს ჩაბარებას.
ბევრის მოთმენა შემიძლია, არ მიყვარს კონფლიქტები, თუმცა ზოგჯერ გამოვდივარ წყობიდან. ეს უფრო ადრე იყო, როცა ბავშვები გამაბრაზებდნენ. ზოგადად ერთი ადამიანი ოჯახში სიმშვიდეს ვერ შეინარჩუნებს, თუ მეუღლემაც არ აუბა მხარი. მთავარი ფაქტორი ბედნიერი, მყარი და მშვიდი ოჯახისა არის ურთიერთგაგება და აუცილებლად დათმობა.
მე და ჩემს მეუღლეს დიდი ძალისხმევა არ გვჭირდება, რადგან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრებს და ერთობლივად ვუძღვებით ოჯახს.
ზედმეტ წონას არასდროს შევუწუხებივარ, მაგრამ რაც ასაკი მომემატა, ცოტათი მოვიმატე. ვთვლი, რომ ჩემს ასაკს ესეც უხდება. სახესაც ისე ვუვლი, როგორც მსახიობს შეეფერება, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ ცენტრებს დიდად არ ვწყალობ. ალბათ გაცვეთილია, მაგრამ მაინც ვიტყვი, გარეგნობა შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული.
ასაკს ვერსად გაექცევი, ამიტომ ხშირად გაიღიმეთ არა მხოლოდ ტუჩებით, არამედ გულით და აუცილებლად იქნებით მომხიბვლელი” - ამბობს ია შუღლიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.