სულ ახალგაზრდა იყო, როდესაც ნანა ჯანელიძის ფილმში „იავნანა“ ქეთოს დედის როლი შეასრულა და იმავე, 1992 წელს, რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში მიიწვია სპექტაკლში „ცხოვრება სიზმარია“, მთავარი გმირის სახის შესაქმნელად. სწორედ აქედან დაიწყო მისი კარიერის აღმასვლა.
დღეს უკვე მისი ბიოგრაფია უამრავ ერთმანეთისგან განსხვავებულ პერსონაჟს აერთიანებს. 1994 წელს "იავნანამ რა ჰქმნაში" განსახიერებული ქართველი დედის როლიდან "საშიშ დედამდე", რომლისთვისაც Asia Pacific Screen Awards-ზე საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო დაიმსახურა, ბევრი დრო გავიდა, ამ დროის განმავლობაში კი მსახიობმა ძლიერი დედებისა და ქალების სახეებთან ერთად, კაცის არაერთი როლიც მოირგო.
ნატა მურვანიძე 1970 წლის 18 თებერვალს დაიბადა. სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.
თეატრალურ-კინემატოგრაფიული ოჯახის წარმომადგენელია: მამა - მხატვარი და სცენოგრაფი მურაზ (თეიმურაზ) მურვანიძე; დედა - ბალეტის მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი - მაკა მახარაძე; და - ვიზაჟისტი და თეატრალური და კინოგრიმის ოსტატი - ანუკა მურვანიძე; ქმარი - მსახიობი და რეჟისორი, სამეფო უბნის თეატრის დირექტორი - ნიკა თავაძე; შვილი - რეჟისორი და მსახიობი - დათა თავაძე;
„ისე მოხდა, რომ ალბათ, ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვობაში უფრო მეტი ბიჭი მეგობარი მყავდა. ფეხბურთი, ველოსიპედი უფრო მიზიდავდა. დაუოკებელი, მოუსვენარი ვიყავი. ახლა იშვიათად მაქვს ემოციურად გადარევის პერიოდები. უფრო მშვიდი გავხდი. თვითონ, რა თქმა უნდა, არ მახსოვს, მაგრამ მშობლებისგან ვიცი, რომ ძალიან ბევრ კითხვას ვსვამდი. ყველაფერზე! ტვინს ვუჭამდი, ყველას ვღლიდი - „რატომ-ის?“ გამო. ამ მხრივ კარგი პროფესია ავირჩიე. იმდენი შეკითხვაა დასასმელი, იმდენი „რატომაა“! ახლა რეჟისორებს ვაწამებ. მამა და დედა, მაგრამ ბებიებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენ აღზრდაში. მაკა ახერხებდა, ყველაფერი შეეთავსებინა. მე და ანუკა, სანამ სკოლაში წავიდოდით, პრაქტიკულად ვცხოვრობდით ოპერისა და ბალეტის თეატრის სარეპეტიციოში. ზაფხულში, რეგიონულ გასტროლებზე, ბებიაჩემს დავყავდით ხოლმე. მეორე ბებიასთანაც ძალიან ხშირად ვრჩებოდით. თან იქ მუსიკასაც ვმეცადინეობდით. ოღონდ, ბრჭყალებში“- ამბობდა ნატა ერთ-ერთ ინტერვიუში.
განსაკუთრებული პოპულარობა „იავნანამ რა ჰქმნა“-ში შესრულებულმა დედის როლმა მოუტანა. წლების შემდეგ როლზე დამტკიცების დეტალებს იხსენებდა:
„ნანა ჯანელიძემ ჯერ დაღესტნელი დედის როლზე დამამტკიცა. მახსოვს, მაშინ ტრანსპორტიც კი არ დადიოდა, ვირსალაძის ქუჩაზე ვცხოვრობდით და ფეხით წავედი დიღომში, მაშინდელ კინოსტუდიაში. მგონი, არ არსებობს ადამიანი, "იავნანამ რა ჰქმნა" რომ არ წაუკითხავს, მაგრამ ნანამ რომ მომიყვა სცენარი და ბოლო აბზაცი წაიკითხა, თავი ვერ შევიკავე და ცრემლები გადმომცვივდა. სახლში რომ ვბრუნდებოდი, გზაში ვფიქრობდი, ეს როგორ დამემართა, ალბათ იფიქრებს, რომ ეს ისტორია პირველად მოვისმინე. მეორედ რომ დამიბარა, გადაწყვიტა, ქართველი დედის როლზე დავემტკიცებინე. თავიდან მომიყვა, ამჯერად უფრო ქართველი დედის ხასიათის შესახებ. ბოლოში რომ მივიდა, სადაც ქეთოს გმირი "დედას" ამბობს, კიდევ ერთხელ გადმოვუშვი ცრემლები. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ, რადგანაც ამბავი თავისთავად ასე მოქმედებს, ზედმეტი ემოცია რომ არ გამოგვეწვია, გადავწყვიტეთ, ფილმში აღარ უნდა გვეტირა, ამიტომაცაა ეს სცენა თავიდან ბოლომდე უცრემლო.“
არანაკლებ საინტერესოა ნატას პირადი ცხოვრებაც. მისი მეუღლე მსახიობი და რეჟისორი ნიკა თავაძეა. ერთმანეთს პირველად თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდების დროს შეხვდნენ. იმ დღესვე მოუწიათ პარტნიორობა – ერთად უნდა ეთამაშათ ეტიუდი. ნიკა თავაძე გველი იყო, ნატა მურვანიძე – კურდღელი… ჯერ ჯგუფელები გახდნენ, მერე მეგობრები. მერე კი, ნატას დაბადების დღეზე, ეზოში დარჭობილი თხილამურის ორი ჯოხი დახვდა, ზედ გაჭიმული ზეწარი და ზეწარზე წარწერით “გილოცავ”.
„ყველაფერი ძალიან უცნაურად მოხდა და არც ვიცი, მოსაყოლია ეს თუ არა. თავიდან ძალიან ვმეგობრობდით. შემდეგ თბილისში 2 ამერიკელი ჩამოვიდა (მაშინ უცხოელების ასეთი ვიზიტები იშვიათობა იყო), რომლებიც რატომღაც თეატრალურ ინსტიტუტს მოამაგრეს და ჩვენ გვთხოვეს, გვეპატრონა, აქეთ- იქით წაგვეყვან-წამოგვეყვანა. არც მახსოვს წესიერად, რატომ აღმოვჩნდით ამ როლებში. არც ის, რატომ ვუთხარით მათ, რომ მე და ნიკა შეყვარებულები ვართ. ამ თამაშში კი მივხვდით (გამოდის, ამერიკელებმა მიგვახვედრეს), რომ მართლა გვიყვარს ერთმანეთი. ამას არც ერთი არ ველოდით. დავქორწინდით მეორე კურსზე და დათა გაჩნდა ზუსტად 9 თვეში, ზუსტად.“ დღეს ნატა მურვანიძე და ნიკა თავაძე აქტიურად აგრძელებენ საქმიანობას. ნატა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია და მისი ხილვა "სამეფო უბნის თეატრის" სცენაზეც შეგიძლიათ. ნატა მურვანიძის განსაკუთრებული ნიჭისა და სცენური შარმის შესახებ ამ სფეროში კარგად იციან, თუმცა დასტურად არაერთი პრემია და ჯილდოც გამოდგება. სხვადასხვა დროს მან შესრულებული როლებისთვის იაკობ გოგებაშვილის პრემია, საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია - ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია აქვს მიღებული.