კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კუბის რესპუბლიკას. კასტროს გარდაცვალების შესახებ მოსახლეობას რევოლუციონერის ძმამ, რაულ კასტრომ აცნობა. როგორც სატელევიზიო მიმართვაში რაულ კასტრომ განაცხადა, ამხანაგი ფიდელის მიერ გამოხატული სურვილის შესაბამისად, მისი ნეშტი კრემირებული იქნება.
კუბის ხელისუფლებაში ფიდელ კასტრო 1959 წელს, სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდა.
ამერიკელებმა ორჯერ სცადეს კასტროს რეჟიმის ჩამოგდება. 1961 წლის აპრილში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ (CIA) საგანგებოდ გაწვრთნილ კუბელ ემიგრანტთა ჯგუფი ღორების ყურის გავლით გადასხდა კუნძულზე, მაგრამ კუბის თავდაცვის ძალებმა იოლად მოახერხეს მათი განადგურება. ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა 1962 წელს ჩატარებული ოპერაცია "ორტსაკ" (ORTSAC), ანუ "კასტრო" თუ მას უკუღმა წავიკითხავთ. ამ ორმა წარუმატებელმა ოპერაციამ გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანა ისედაც დაძაბული აშშ-ისა და კუბის ურთიერთობა. (იხილეთ ვრცლად)
კასტრო საბჭოთა კავშირის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა და სწორედ ამის დამსახურებით ინარჩუნებდა წლების განმავლობაში ძალაუფლებას.
მას ერთდროულად ეთაყვანებოდნენ და სძულდათ კიდეც. "თავისუფლების კუნძულზე" სიცოცხლის ბოლომდე პოპულარული იყო. ზოგიერთი მას მე-20 საუკუნის გენიოსად მიიჩნევდა და რუზველტს, ჩერჩილსა და სტალინს ადარებდა. დიქტატორად კი მიიჩნევდნენ, მაგრამ როგორც ამბობენ, საკუთარი სახელის უკვდავყოფაზე მაინცდამაინც არასდროს უზრუნია. კუბაზე მისი ერთი ქანდაკებაც არსად დგას, არც მისი სახელი ჰქვია რომელიმე ქუჩას...
ამბობენ იმასაც, მისი თითქმის 50-წლიანი მმართველობის განმავლობაში მისი მოკვლა 640-ჯერ სცადეს, თუმცა იღბლიანი ფიდელი ყოველ ჯერზე ადვილად გადარჩა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ კასტრო მარტო ებრძოდა აშშ-ს და ცდილობდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში თავისი მომხრე რეჟიმების შექმნას, რასაც წარმატებით ართმევდა თავს. 2006 წლის 31 ივლისს კუჭის ოპერაციის (კიბო ჰქონდა) გამო პრეზიდენტობა დროებით ძმას, რაულს გადააბარა. 2008 წლის 19 თებერვალს კი ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფიზიკური მდგომარეობის გამო ახალ საპრეზიდენტო ვადაზე უარს ამბობდა: "არ გემშვიდობებით. ვიბრძოლებ, როგორც რიგითი ჯარისკაცი".
24 თებერვალს რაულ კასტრო ოფიციალურად გახდა კუბის ახალი პრეზიდენტი. 2011 წლის 19 აპრილს ფიდელმა უკანასკნელი თანამდებობა - კომპარტიის ხელძღვანელობაც დატოვა და ისიც რაულმა შეითავსა. კომუნისტური ეპოქის უკანასკნელი დინოზავრის პოლიტიკური გზა ასე დასრულდა.
ფიდელ კასტროს პირადი ცხოვრება მის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე არანაკლებ საინტერესოა. აქსიომაა, რომ ქვეყნის ლიდერთა პირადი ცხოვრება მკაცრადაა გასაიდუმლოებული, თუმცა ადრე თუ გვიან ყველა საიდუმლო მჟღავნდება.
ერთხელ კასტროს ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ქალმა უცნაური კითხვა დაუსვა შვილების შესახებ, რაზეც მოულოდნელად ფიდელმა უპასუხა: "ჩემი შვილები თითქმის ერთი ტომია".
შეძლებულ ოჯახში დაბადებული კუბის ლიდერი არამარტო კარგი განათლებით, კარგი მანერებითა და გარეგნობითაც გამოირჩეოდა. მის თაყვანისმცემელ ქალებს გული მისდიოდათ, როცა ის რევოლუციის შემდეგ ტრიუმფით შედიოდა ჰავანაში.
როგორც ამტკიცებენ, ფიდელს შვიდი ქალისგან 11 შვილი ჰყავდა, თუმცა მისი რომანები ერთ ასეულს მაინც ითვლის.
დიდი საბჭოეთის მეგობარი ფიდელ კასტრო საბჭოთა საქართველოსაც სტუმრობდა.
ხრუშჩოვმა იგი საქართველოში, კერძოდ, გუდაუთის რაიონის სოფელ დურიფში მიიწვია. სუფრაც ქართულ, ტრადიციულ ყაიდაზე გაშალეს. ფიდელს განსაკუთრებით შებოლილი სულგუნი მოსწონებია და თურმე სულგუნის ოსტატების კუბაში წაყვანაც კი მოინდომა... ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ხრუშჩოვმა გულნატკენი არ დატოვა სტუმარი და ბრძანა, გლეხებისგან შებოლილი სულგუნი შეესყიდათ და სტუმრისთვის გაეტანებინათ.
გლეხებმა, რომლებსაც შეიძლება არც ეჭაშნიკებოდათ სულგუნის გაყიდვა, მიჰყიდეს ყველის მარაგი საბჭოთა მოხელეებს.
სენაკში მყოფმა კასტრომ, დამშვიდობებისას, ხელი მაღლა ასწია და შესძახა "ვივატ, კუბა"! ამის გამგონე ერთმა მეგრელმა სევდიანად ჩაილაპარაკა, "ვავა, ცხაკაია".
საქართველოსთან ფიდელს კიდევ ერთი საინტერესო ისტორია აკავშირებდა. მას ქართველი ქალბატონი თურმე ისე მოეწონა, რომ კუბაში გადასახლებაც კი შესთავაზა.
ეს ქალბატონი საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის დიქტორი, ულამაზესი ლია მიქაძე იყო. კუბის რევოლუციის ლიდერისა და ლია მიქაძის შესახებ ისტორიაზე საქართველოში საკმაოდ დიდხანს ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ, თუმცა ჭორად ხმები ქალაქში მაინც დადიოდა...წაიკითხეთ სრულად