საბჭოეთის დედაქალაქში იმ დღეს დილიდანვე წვიმდა, "კრილატსკოეს" სასროლეთზე ცივი ქარი ზუზუნებდა. გალუმპულ მშვილდოსნებს გათოშილი ხელი არ ემორჩილებოდათ. ბევრმა მკაცრ გამოცდას ვერ გაუძლო და სამი დღის ნაჯაფი ქარს გაატანა. ბავშვობისას გაჭირვებაგამოვლილი ქეთევან ლოსაბერიძე ბუნების ჭირვეულობასაც გაუმაგრდა და მეტოქეთა წინააღმდეგობასაც, ზუსტად ისროდა მიზანში.
1980 წლის 3 აგვისტოს გაზეთი "ლელო" დაწერს: "ქარი კი თავისას არ იშლიდა - სახეში სცემდა მოასპარეზეებს, რომლებიც ნაშუადღევს 60-მეტრიან დისტანციაზე გამოვიდნენ. ამ დროს მშვილდოსნებს რამდენჯერმე გადაუარა თავზე შვეულმფრენმა, საიდანაც საბჭოთა ოპერატორები "კრილატსკოეში" მიმდინარე მშვილდოსანთა და ნიჩბოსანთა სტარტებს იღებდნენ მოსკოვის დიდი ოლიმპიადის ფილმისთვის.
თუ ეს კადრები ამ სურათში შევა, დიქტორი, ალბათ, იტყვის: "ასე ისროდა ქეთევან ლოსაბერიძე - მოსკოვის ოლიმპიადის... მედლის მფლობელი". ნეტავ ვიცოდეთ, რა სახის მედალი იქნება ეს? ნერვები მომართული მშვილდივით დაგვეძაბა ყველას, სუნთქვა გვეკვროდა, როდესაც ქეთევანი "ათიანებს" უმიზნებდა.
წარმოგვიდგენია, რა დღეში იყო ამ დროს თვით სპორტსმენი, თუმცა გარეგნულად ვერაფერს შეატყობდით"...
ასპარეზობის სტარტიდან დაწინაურებული, ფინიშთანაც პირველი იყო: 1980 წლის 2 აგვისტოს ქალბატონმა ქეთევანმა 2491 ქულა მოაგროვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ავიდა - ვერცხლისმედალოსან თანაგუნდელ ნატალია ბუტუზოვას 14 ქულით აჯობა, ხოლო ვაჟებში ჩემპიონს, 18 წლის ფინელ ტომი პოიკოლაინენს 36 ქულით გაუსწრო.
საბჭოთა მშვილდოსნობის ისტორიაში ეს არნახული წარმატება იყო. და არამარტო საბჭოეთისა: ქართველი ჩუბინი ევროპიდან პირველი და ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი გახლდათ მშვილდოსან ქალთა შორის.
ქეთევან ლოსაბერიძე 1949 წლის პირველ აგვისტოს დაიბადა ტყიბულში. მოსკოვის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული (1980) და მიუნხენის ოლიმპიური თამაშების (1972) მეოთხეადგილოსანი გახლდათ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 1981), ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1972) და ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 1978), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 1979) და ხუთგზის მესამე პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1972, 1978), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1979), მილანის, ლოძის, კიოლნისა და ლვოვის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს 1980 წლის საუკეთესო სპორტსმენი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი; 2002-2005 წლებში საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნულ ფედერაციას ხელმძღვანელობდა.
ინდაურის ფრთებით დაწყებული ისტორია
სახელოვან ქართველ ჩუბინს არაერთხელ შევხვედრივარ და მისაუბრია მასთან. ყოველთვის მოღიმარი სახითა და გულახდილობით გამოირჩეოდა. ერთხელ რომ ვკითხე, ოლიმპიური ჩემპიონის გზა როგორ დაიწყო-მეთქი, გაეცინა და პირდაპირ პასუხს თავი აარიდა - ქალიშვილმა მთხოვა, ოღონდ ინდაურის ფრთებზე ნუ ილაპარაკებო...
არადა, ყველაფერი მართლაც ინდაურის ფრთებით დაიწყო. ტყიბულში დაბადებულ-გაზრდილი ქალიშვილი პატარაობიდანვე შრომას იყო შეჩვეული. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა, ამიტომ ცხრავე და-ძმას საკუთარი წვლილი შეჰქონდა საოჯახო საქმეში. ქალბატონი ქეთევანი თავად იკაფავდა გზას, ნებისყოფისა და შრომისმოყვარეობის უნარი გამოიმუშავა, რამაც სპორტში უმაღლესი მწვერვალები დააპყრობინა.
ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის პირველკურსელი იყო, შალვა ჯაშიაშვილმა ქალბატონ ქეთევანსა და მის რამდენიმე მეგობარს მშვილდოსნობაში ვარჯიში რომ შესთავაზა. შრომაში გამოწრთობილს არ გასჭირვება ფიზიკურ დატვირთვებთან შეგუება. ნახევარი საუკუნის წინათ სად იყო დღევანდელის მსგავსი ინვენტარი. ისრებისთვის ინდაურის ფრთებს იყენებდნენ. გოგონები ბატონ შალვასთან ერთად დადიოდნენ ბაზარში და ინდაურებს ჩუმად აჭრიდნენ ფრთებს. მერე, საიდუმლო რომ გამჟღავნდა, მწვრთნელ-შეგირდების გამოჩენისთანავე ქალები ფრინველებს კალთის ქვეშ მალავდნენ...