"დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა;
მხოლოდ ის ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას,
რომელსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ...
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა."
ეს ლექსი პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკიმ იმ ქალს მიუძღვნა, რომლის სახელიც ქართული კინოს მოყვარულთათვის განსაკუთრებით ძვირფასია.
ლია ელიავა 1934 წლის 28 მაისს დაიბადა. მამას, შალვა ელიავას, გერმანიაში ეკონომიკის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და კარგა ხანს იქ მოღვაწეობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 34 წლის ასაკში ფინანსთა მინისტრად დანიშნეს, მაგრამ 1937 წელს დაიჭირეს და დახვრიტეს.
„მამა ნაკლებად მახსოვს. მხოლოდ საწოლთან თავდახრილი კაცის სახე ჩამრჩა მეხსიერებაში. მონატრებულ დედას კარადაში შემორჩენილი მისი ორი კაბის სურნელით ვიხსენებდი და გულში ვმალავდი ბავშვურ ტკივილს, რომელიც ყოველდღე მახსენებდა თავს. სკოლიდან შინ მიმავალს სოლოლაკში ჩვენი ყოფილი სახლი უნდა გამევლო. იქით გახედვას სასტიკად მიკრძალავდნენ. თვალს მალულად ვაპარებდი მესამე სართულისკენ. ფანჯარაში, ფარდის მიღმა, ჩანდა ჩვენი ავეჯის ნაწილი, ლამაზი „ბუფეტის“ კუთხე. იქ ყველაფერი ისევე იყო, ოღონდ, ჩვენ მაგივრად, სხვები ცხოვრობდნენ“, – იხსენებდა ლია ელიავა.
მამის დახვრეტას დედის გადასახლებაც მოჰყვა. ამიტომ ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. დედა, ეკატერინე კერესელიძე, სამშობლოში მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როცა ლია 17 წლის იყო. მრავალწლიანმა განშორებამ დედა-შვილს შორის გაუცხოება გამოიწვია და ლიას თავიდან მისთვის „დედის“ დაძახებაც კი უჭირდა.
“17 წლის ვიყავი, დედა რომ გადასახლებიდან დაბრუნდა. მეუბნებოდნენ, დედაშენი ლამაზი, ელეგანტური, სიცოცხლით სავსე ქალიაო და მოუთმენლად ველოდი მასთან შეხვედრას. თან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა მეთქვა – ჩემს ცხოვრებაში შემოდიოდა ყველაზე ახლობელი და ამავე დროს, უცხო ქალი, რომელსაც ჩემი ყოფა უნდა შეეცვალა. ვაგონიდან ორი ქალი გადმოვიდა, დაბამბული ქურთუკები ეცვათ. ორივეს სახე შეშუპებული ჰქონდა. გავშეშდი. დედაჩემი ხომ ასეთი არ იყო. პირველად მას დეიდა კატიუშა დავუძახე. ახლაც მახსოვს მისი ელდანაცემი სახე. დღემდე ვერ მიპატიებია ეს ჩემი თავისთვის. დიდი ხანი დამჭირდა, რომ დედას შევჩვეოდი”, – ამბობდა მსახიობი.
მსახიობობა ბავშვობიდან ჰქონდა გადაწყვეტილი. ცელქი ბავშვი იყო, მაგრამ კითხვა და თეატრი ძალიან უყვარდა. თანატოლებთან ერთად ქუჩაში კინოვარსკვლავებს დასდევდა. დიდი მოვლენა იყო, ნატო ვაჩნაძის ან თამარ ციციშვილს თუ დაინახავდნენ. მოგვიანებით ღიმილით იხსენებდა მაშინ სულ ახალგაზრდა დოდო ჭიჭინაძესთან შეხვედრას.
თეატრალურში ჩაბარებისას მეტოქეები მის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. ფიქრობდნენ, რომ ლიას წარმატება მხოლოდ მის გარეგნობასთან იქნებოდა დაკავშირებული. მაგრამ გამოცდაზე ლიამ ყველას დაუმტკიცა თავისი მსახიობური ნიჭი. „ელიავა ღელავს, მაგრამ ელავს...“ - ამბობდა მის შესახებ აკაკი ხორავა.
კინომ შეახვედრა მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულს. მაშინ „ბაში-აჩუკის“ გადაღებები მიმდინარეობდა. ეს ლიას პირველი დიდი როლი იყო და სწორედ ამ როლზე მუშაობისას გაიცნო მომავალი მეუღლე - ოთარ კობერიძე. ოთარმა იცოდა, რომ ახალგაზრდა მსახიობი ქალი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა.
''ბაში-აჩუკის'' ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ლიას კარგა ხნით დაუგვიანია. ოთარს ჯერ არ ჰყავდა პარტნიორი ნანახი და რეჟისორისთვის გაბრაზებულს უკითხავს, – კი მაგრამ, ვინ არის ეს ლია ელიავა, მე ვარ მთავარ როლში თუ ისო. ესაკიას უპასუხია: აი, მოვა და ნახავ, ვინც არისო. როგორც მოგვიანებით ოთარ კობერიძე იხსენებდა, ლიამ გამოჩენისთანავე მიიპყრო მისი ყურადღება, მეტიც, ეს ერთი ნახვით სიყვარულს ჰგავდა. ლიასაც იგივე რეაქცია ჰქონია. "მშვენიერი დარი იდგა. მე უკვე ბაში-აჩუკის ტანსაცმელში ვიყავი გამოწყობილი და ველოდებოდი სხვა მსახიობების გამოჩენას. ლია რომ დავინახე, დავმუნჯდი, თითქოს მუცელში ჩამივარდა ენა. იგი ისეთი მშვენიერი იყო, თვალი ვერ მოვწყვიტე, მზესავით ანათებდა." - იხსენებდა ოთარ კობერიძე.
მართალია, იმ დროს ლია უკვე გაშორებული იყო ქმართან, მაგრამ ოთარს ოჯახი ჰყავდა. დიდი მითქმა-მოთქმისა და წინააღმდეგობის შემდეგ წყვილმა ერთად ყოფნა გადაწყვიტა. გადასახლებიდან დაბრუნებულ ლიას დედას სოლოლაკში ერთი სარდაფი მისცეს, სადაც თავდაპირველად ის, ლია და ოთარი ერთად ცხოვრობდნენ. იქ შეეძინათ ქალიშვილი - ნანა. მოგვიანებით ბინა უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მიიღეს. ბოლოს კი ვაკეში დასახლდნენ.
ლია ტანსაცმელს ყოველთვის საზღვარგარეთ ყიდულობდა. თუ იქ საკმარისი ფული არ აღმოაჩნდებოდა, მაშინ მსგავსს საქართველოში იკერავდა. ძირითადად, პასტელის ფერები უყვარდა. ყველაზე მეტად შავი უხდებოდა და როცა ამ ფერის კაბა ეცვა, ბევრ კომპლიმენტს იღებდა. სახლს მაკიაჟის გარეშე არასდროს ტოვებდა, მაგრამ ხშირად ამბობდა, ვერა და ვერ ვისწავლე წესიერი მაკიაჟის გაკეთებაო.
ცოტამ თუ იცის, რომ ლია ელიავას გამორჩეული ხმის ტემბრი ჰქონდა. მეგობრები ურჩევდნენ, სიმღერა ჩაეწერა, მაგრამ ეს სურვილი განუხორციელებელი დარჩა.
ლია ელიავა 1998 წელს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ოთარ კობერიძემ კიდევ 17 წელი იცოცხლა. სიცოცხლის ბოლო წლებში კი ხშირად იმეორებდა ერთ ფრაზას: „ ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის ჩემს სამშობლოს, გული ლიას, ღირსება მე.“